"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ოპოზიციას შორის დღევანდელი შეხვედრის ძირითადი სასაუბრო თემა იქნება ევროკომისიის 12 რეკომენდაცია, რომელსაც, მისი შეფასებით, ხელისუფლება არ ასრულებს.
როგორც მან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ასევე ისაუბრებენ დეოლიგარქიზაციაზე და პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე.
"ძირითადი სასაუბრო თემა იქნება 12 რეკომენდაციის შეუსრულებლობა, რასაც "ქართული ოცნება" არ ასრულებს. აქცენტი გაკეთდება ისეთ თემებზე, როგორიც არის სასამართლო, პოლიტიკური პატიმრები, მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია, მედიის თავისუფლების თემა, დეოლიგარქიზაციის საკითხი. ეს იქნება ჩვენგან ძირითადი გზავნილები", - განაცხადა ჩიხლაძემ.
მან საქართველოში ევროპელი პოლიტიკოსების ვიზიტიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს აჩვენებს, რამდენად დიდია საქართველოს მიმართ ინტერესი საერთაშორისო არენაზე.
"ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან დიდია ინტერესი საქართველოს მიმართ, ძალიან დიდია ინტერესი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი თანდათანობით და ეს ვიზიტებიც ამას ემსახურება. მეორე საკითხია ის, რომ "ქართული ოცნება" ამ
საკითხების ობსტრუქციას ახდენს. მთავარი არის ის, რომ "ქართული ოცნების" ტორპედირება, რასაც ის ახდენს, შემდგომშიც არ მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგვიჭირდება ევროკავშირის სტატუსის მიღება", -განაცხადა ჩიხლაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში პოლონეთის საელჩოში ოპოზიცია პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება.