ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში, ეთნოკულტურული ცენტრი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეთნოსოფელში მოწყობილი ახალი კულტურული და ტურისტული ინფრასტრუქტურის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერ გივი ზაუტაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის განმარტებით, პროექტის ფარგლებში მოეწყო ეთნოკულტურული ცენტრი, მათ შორის, სარეკრეაციო სივრცე, სპორტული და ბავშვთა გასართობი მოედნები. ცენტრში შეიქმნა სამუზეუმო და საბიბლიოთეკო სივრცე, ასევე მოწესრიგდა მისასვლელი გზა.
მათივე ცნობით, პროექტი დაფინანსებულია საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 1 776 901 ლარი შეადგინა.