რუსთავში, კომპანია „რუსთავის წყლის“ ოფისთან აქცია სლოგანით - „გვწყურია“ მიმდინარეობს. აქციაში მონაწილეობას სამოქალაქო აქტივისტები და მოსახლეობა იღებს. აქციის მონაწილეები კომპანიისგან ქალაქის სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფას მოითხოვენ.
როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გივი შანიძე აცხადებს, სასმელი წყალი რუსთავს არასტაბილურად მიეწოდება და ყოველ საღამოს წყდება, კომპანიაში კი განმარტავენ, რომ წყლის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებია, თუმცა მოსახლეობას არ აქვს დეტალური ინფორმაცია სად და რა სახის სამუშაოები ტარდება და როდის დასრულდება.
აქციის მონაწილეები „რუსთავის წყლის" ხელმძღვანელობისგან ითხოვენ დეტალურ განმარტებას, როდის დასრულდება სამუშაოები, ასევე მოითხოვენ, რომ დროულად მოხდეს წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ მოსახლეობისთვის შეტყობინების გაგზავნა რა მიზეზით წყდება წყალი და კონკრეტულად რა სამუშაოები ტარდება იმ დღეს.