მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევის დაფიქსირების გამო ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უკვე გამოსცა.
კარანტინი გამოცხადდა ქალაქ მარტვილში, დაავადების კერიდან 10 კილომეტრის რადიუსში. განკარგულების თანახმად, ცოფისთვის საშიშ ბუფერულ ზონაში, გატარდება ცხოველების ვაქცინაცია, 2-3 კილომეტრის რადიუსით (განურჩევლად წინა ვაქცინაციის ჩატარების ვადებისა), აცრილი ცხოველის იზოლირება უნდა მოხდეს აცრიდან 60 დღის განმავლობაში. კარანტინის პერიოდში, იკრძალება ძაღლების ქუჩაში გაყვანაც. მოხდება ცოფიანი და დაავადებაზე საეჭვო ცხოველების სადგომებისა და დადორბლილი საგნების დეზინფექცია.
„განკარგულების შესაბამისად ადამიანები, რომლებიც დაკბენილები ან დადორბლილები იყვნენ ცხოველის მიერ აყვანილ იქნენ ანტირაბიულ კონტროლზე.
არსებული კარანტინი მოიხსნება ცოფით ცხოველის დაავადების უკანასკნელი შემთხვევის დაფიქსირების და სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებიდან 60 დღის შემდეგ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.