ჩერკასის ოლქის ქალაქ უმანში, იმ ადგილას, სადაც რუსული რაკეტა მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 23 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი, დაიღუპა.
„რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დადასტურდა 23 ადამიანის გარდაცვალება, რომელთაგან 22 ცხედარი იდენტიფიცირებულია. იდენტიფიკაციის პროცესში აღმოჩნდა, რომ დაიღუპა ხუთი ბავშვი: ორი ბიჭი (წლინახევრის და 16 წლის) და სამი გოგონა (8, 11 და 14 წლის). ერთი ქალი დაკარგულად ითვლება. ძებნა გრძელდება“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორმა კლიმენკომ.
მისი თქმით, ამ დროისთვის მაშველებმა 17 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათ შორის 3 ბავშვია.