აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმის სტადიონი პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოზეა წარდგენილი, რომელიც აშშ-ში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
,,განსაკუთრებით მახარებს ის, რომ ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია ბათუმის ახალი სტადიონი და ის გახდა ნომინანტი ეროვნულ დონეზე. ახლა უკვე წარდგენილია ძალიან პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოზე აშშ-ში. ეს ნომინაცია უკვე ნიშნავს წარმატებას. ჩვენ ველოდებით, თუ რას გადაწყვეტს ავტორიტეტული ჟიური. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ქალაქს და ჩვენს პროექტებს", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
„ბათუმი „აჭარაბეთ არენამ“ და სტადიონის მშენებელმა კომპანია ,,ანაგმა" უძრავი ქონების პროექტების პირველ ეროვნულ დაჯილდოებაზე - FIABCI-Georgia Prix d'Excellence Awards 2022 წელს საუკეთესო საჯარო შენობების კატეგორიაში გაიმარჯვა და „ოსკარი“ მოიპოვა. გამარჯვებულების გამოვლენა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად ჟიურის მიერ განხორციელდა. ამ გამარჯვებით სტადიონი წარდგენილი იქნა მსოფლიო დაჯილდოებაზე FIABCI World Prix d'Excellence Awards, რომელიც 2023 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება“,-აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.