ქართული პრესის მიმოხილვა 01.05.2023

სანდრო თვალჭრელიძე - “დღევანდელი იუსტიციის საბჭო მართლაც კლანია და ყველაფერს გააკეთებს, რომ მომავალი ხელისუფლებისთვისაც შეუცვლელი იყოს...”

რუსები ბახმუტიდან უკან დახევაზე ალაპარაკდნენ - „უნდა შევწყვიტოთ ხალხის მოტყუება, რომ ფრონტზე ყველაფერი კარგადაა...“

ვახტანგ ძაბირაძე - “ვიცით, რომ “მეფე შიშველია” და უნდა დავრწმუნდეთ, რომ შიშველი მეფის ჩამოგდება ვისაც უნდა, ისიც შიშველი არ არის”

“არ ღირდა ენერგიის დახარჯვა...” - რატომ არ მონაწილეობდა ოპოზიცია შუალედურ არჩევნებში

ლევან ალაფიშვილი - “ქართულმა ოცნებამ” ისტორიულად სამარცხვინო მოცემულობა შექმნა საერთოდ კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში”

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “დღევანდელი იუსტიციის საბჭო მართლაც კლანია და ყველაფერს გააკეთებს, რომ მომავალი ხელისუფლებისთვისაც შეუცვლელი იყოს...”

“საქართველოს ხელისუფლებაში ხვდებიან, რომ აუცილებელია საქართველომ წლის ბოლომდე როგორმე მიიღოს უკრაინისა და მოლდოვის მსგავსი სტატუსი და ეს ვიზიტებიც ამით არის განპირობებული. აკეთებენ იმას, რაც მათი გადმოსახედიდან მნიშვნელოვანია. საკმარისი იქნება თუ არა, ვნახოთ... ბუნებრივია, მართლაც მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად მეტი კომუნიკაცია გვქონდეს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. ევროპაში ხედავენ, რომ გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით საქართველოს მნიშვნელობა იზრდება. სწორედ ამით აიხსნება ევროპელის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტები ჩვენს ქვეყანაში”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ახალი ნიურნბერგის პროცესი აუცილებლად შედგება და რუსეთი ყველა დანაშაულისთვის დაისჯება”.

“ჩვენი ხელისუფლება ცდილობს დაუმტკიცოს ევროპელ პოლიტიკოსებს, რომ ყველაფერს აკეთებს ევროკავშირის სტატუსის მისაღებად და მუშაობს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე. საქართველოში მეტი დემოკრატიული რეფორმის აუცილებლობაზე ლაპარაკობენ ევროკავშირის თუ ნატოს მაღალჩინოსნები. გაცილებით კრიტიკულია ცალკეული ევროპარლამენტარი, რომელთა მიმართ დელიკატურობით არც “ქართული ოცნების” ლიდერები გამოირჩევიან. პროცესი საკმაოდ რთულია, თუმცა, ვფიქრობ, ხელისუფლებაში ხვდებიან, რომ საქართველომ თუ წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, “ქართული ოცნების” საქმე ვერ იქნება კარგად. ჩემი აზრით, პოლიტიკურ ველზე ამ პროცესში წინსვლა ჩანს, შემოდგომასთან შედარებით დღეს გაცილებით უკეთესი ვითარება გვაქვს, ხელისუფლების დამხობასა და რევოლუციაზე აღარავინ ლაპარაკობს, თანაც დრო კიდევ არის, რომ უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯი გადადგან როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამ. პოლიტიკური ნებაზეა ბევრი რამ დამოკიდებული და თუ პოლიტიკოსები ქვეყნის განვითარების პერსპექტივაზე ცოტას მაინც დაფიქრდებიან, შეუძლებელი არაფერი იქნება. გაცილებით რთულად არის სასამართლო სისტემის რეფორმირების საქმე - პირადად მე ეს მართლაც შეუსრულებელი პირობა მგონია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“.ჩემი აზრით, იმაში, რაც ხდება სასამართლო სისტემაში, გარკვეულწილად ჩვენი დასავლელი პარტნიორების ბრალიც არის. სწორედ მათ მიერ მოთხოვნილი კოაბიტაციის გამო მოხდა ეს ერთგვარი გარიგება “ქართულ ოცნებასა” და სააკაშვილის ხელისუფლებისთვის კოჭის გამგორებელ მოსამართლეებს შორის. ასე ჩამოყალიბდა დღევანდელი იუსტიციის საბჭო, რომელიც მართლაც კლანია და ყველაფერს აკეთებს თვითგადარჩენისთვის. კლანი ნებისმიერი პატრონის მოსამსახურედ იქცევა - ეს ხალხი თავის დროზე “ნაციონალურ მოძრაობას” ემსახურებოდა, ახლა ემსახურება “ქართულ ოცნებას” და ყველაფერს გააკეთებს, რომ მომავალი ხელისუფლებისთვისაც შეუცვლელი იყოს. როცა სააკაშვილის ხელისუფლება შეიცვალა, ჯერ სრული ლუსტრაცია უნდა მომხდარიყო ამ სისტემის და მერე დაეგეგმათ ეს ვითომ რეფორმები”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ამ სისტემაში რეალურად შეცვლის ერთადერთ გზად მიმაჩნია ყველა დონეზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოტანა. მაშინ ვერავინ ვეღარ დააბრალებს სასამართლოს ვერც პოლიტიკური ინტერესების ზეგავლენით მოქმედებას, ვერც დაკვეთების შესრულებას და ვერც კორუმპირებულობას. ერთბაშად 12 კაცის მოსყიდვა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება. ეს არის ერთადერთი მექანიზმი, რომელმაც გასული საუკუნის 30-იან წლებში აშშ-ის კორუფციაში ჩაფლული იურიდიული სისტემა გადაარჩინა. ეს მექანიზმი უნდა კარგად დაიხვეწოს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გარდა, ყველგან ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ... რა თქმა უნდა, ხელისუფლებაშიც იციან, რომ ამ სისტემაში რეფორმა ფასადურადაც კი ვერ მოესწრება და გეოპოლიტიკურ ვითარებაზე აპელირებით ცდილობენ ევროპას შეახსენონ საქართველოს როლის მნიშვნელობა რეგიონში, რომ არაერთ სფეროში საქართველო უკრაინასა და მოლდოვას არათუ ჩამორჩება, უსწრებს და უსამართლობა იქნება ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთხელ თუ უთხრეს უარი. თუ ასე მოხდა, ვშიშობ, ეს ცუდი გზავნილი არ იყოს რუსეთისთვის და საქართველო კიდევ უფრო სახიფათო ვითარებაში არ აღმოჩნდეს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპაში გამჭრიახობა ეყოფათ. ბოლოს და ბოლოს, საერთაშორისო შეთანხმებებს დებს საქართველო და ქართველი ხალხი და არა მმართველი პარტია. მიმაჩნია, რომ მარტის აქციების შედეგად იმ ცნობილი კანონპროექტის გაწვევის შემდეგ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა ბევრად გაიზარდა, მაგრამ ვნახოთ... სამწუხაროდ, არავინ იცის, ჩვენი ხელისუფლება კიდევ რამდენ სისულელეს ჩაიდენს... მთავრობის წარმომადგენლებს არასდროს უთქვამთ, ევროკავშირი გვიბიძგებს ომისკენო, თუმცა ამას ნამდვილად აბრალებენ უკრაინას, “ნაციონალურ მოძრაობასა” და როგორ თვითონ ამბობენ, “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაახლოებულ გარკვეულ პოლიტიკურ წრეებს დასავლეთში. ამაში უფრო გულისხმობენ, როგორც ვხვდები, ევროპარლამენტში არსებულ გარკვეულ პოლიტიკურ კოალიციებს. მე ამას ვერ დავარქმევდი ხელისუფლების ანტიდასავლურ პროპაგანდას, ეს უფრო ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით წამოწყებული კამპანიაა იმის საჩვენებლად, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ქვეყანა მართლაც არ ყოფილა სამხედრო კონფლიქტში და თითქოს ისინი რომ არა, საქართველო ომში იქნებოდა ჩათრეული. ასე ცდილობენ დაარწმუნონ ამომრჩეველი, რომ მათ გარდა, ყველა “ომის პარტიაა”. გარკვეულწილად მათ ამგვარ პოლიტიკურ გზავნილებს ხელი შეუწყვეს გარკვეულმა პირებმა უკრაინიდან და “ნაციონალური მოძრაობიდანაც”, - თვლის სანდრო თვალჭრელიძე.

“აირაის” კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა ყველაზე დიდ პოლიტიკურ (87%) და ეკონომიკურ საფრთხეს (76%) რუსეთიდან ხედავს. მიუხედავად იმისა, რომ ლამის მილიონამდე ქართველი ცხოვრობს ამ ქვეყანაში და ამასთანავე, ჩვენებური მილიონერების დიდმა ნაწილმა ფული სწორედ იქ იშოვა, საქართველოს მოქალაქეებს არ უნდათ რუსეთი, მას უპირველეს მტრად განიხილავენ და ეს სწორი პოზიციაა. რამდენსაც არ უნდა ყვიროდეს ცალკეული პოლიტიკოსი, რასაც არ უნდა აცხადებდეს ეს ე.წ. "ხალხის ძალა", ამას ხალხის რეალურ პოზიციასთან არანაირი კავშირი არა აქვს. შეუძლებელია ამას ვერ ხედავდნენ "ქართულ ოცნებაში", ამიტომ ძალიან გადაჭარბებული მგონია შეფასებები, რომ თურმე ეს ხელისუფლება ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს... თუ ვერ მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ალბათ, იქნება მწვავე საპროტესტო ტალღა, დაახლოებით იმ ტიპის, როგორიც მარტში ვნახეთ. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ თითქოს საქმე ვადამდელ არჩევნებამდე მივა, მაგრამ ამის არ მჯერა. სტატუსის საქმე გაირკვევა ამ წლის ბოლოს, მომავალ წელს კი ისედაც არჩევნები გვიწევს, ჩემი აზრით, ვადამდელ არჩევნებს აზრი სრულიად ეკარგება. თუმცა, თუ ძლიერი საპროტესტო ტალღა იქნება, ალბათ, “ქართულ ოცნებაში” ბევრი რამ შეიცვლება, მათ შორის შეცვლიან ბევრ წამყვან აქტორს”, - ამტკიცებს რესპონდენტი.

“აირაის” კვლევიდან ჩანს ერთი მნიშვნელოვანი რამ - ქართველი ამომრჩევლის თითქმის 60% მთელ პოლიტიკურ სპექტრს უცხადებს უნდობლობას. ძალიან არის შემცირებული მმართველი პარტიის რეიტინგი, ოდნავ მომატებულია “ნაციონალური მოძრაობის”, დანარჩენ ოპოზიციას კი პულსი აღარ ესინჯება. მოსახლეობის ნახევარზე მეტს არავინ მოსწონს. თუ ასე გაგრძელდა, ამომრჩეველი მივა კი არჩევნებზე? ჯერჯერობით არ არის არც ერთი პარტია, რომელიც რაიმე ახალს გვთავაზობდეს. ხავსმოკიდებული რიტორიკა, გაუგებარი გადაწყვეტილებები, იდეების სრული დეფიციტი - სულ ეს არის ჩვენი პოლიტიკური სპექტრი. ერთმანეთს ეძახიან “რუსულ ოცნებასა” და “ომის პარტიას” - სულ ეს არის ამათი შემოქმედებითი აზროვნება. ცხადია, ახალი სახეები, ახლებური აზროვნება, ახალი პოლიტიკური იდეები სჭირდება შექმნილ ვითარებას, აუცილებელია ახალი ლიდერები. ასეთი ადამიანები არიან ჩვენს საზოგადოებაში, სუფთა ადამიანები, მაგრამ არა აქვთ ფინანსური რესურსი. აი, ამ მიმართულებით უნდა იფიქრონ ჩვენმა პარტნიორებმა. ვფიქრობ, მათ უნდა მოახერხონ და წაახალისონ ახალი ლიდერების გამოჩენა ჩვენს პოლიტიკურ არენაზე”, - დაასკვნის თვალჭრელიძე და შეკითხვაზე - “2008 წლის ომის სარჩელზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციად 129 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა”... - პასუხობს:

“ეს არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და იდეოლოგიური გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე რუსეთი არაფრის გადამხდელი არ არის, მაგრამ ეს სამომავლოდ დაედება ვალად და გადახდა მაინც მოუწევს. როცა რუსეთში დადგება პოსტპუტინური პერიოდი, აი, მაშინ გადაგვიხდიან ისევე, როგორც უკრაინის ინფრასტრუქტურის განადგურებისა და ომის დანაშაულებისთვის გადაიხდიან დიდ ფასს. ეს რუსეთს აუცილებლად მოუწევს ისევე, როგორც გერმანიას მოუწია. აუცილებლად შედგება ახალი ნიურნბერგის პროცესი და რუსეთი ყველა დანაშაულისთვის დაისჯება”.

რუსები ბახმუტიდან უკან დახევაზე ალაპარაკდნენ - „უნდა შევწყვიტოთ ხალხის მოტყუება, რომ ფრონტზე ყველაფერი კარგადაა...“

“რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუსა და რუს ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინს შორის ურთიერთობა ისე გამწვავდა, რომ შესაძლოა პრიგოჟინის დაჯგუფება “ვაგნერმა” ბახმუტი საერთოდაც დატოვოს. ასეთ შემთხვევაში კი ანალიტიკოსები ისეთ სცენარს პროგნოზირებენ, როგორიც გასულ წელს ხერსონისა და ხარკოვის ფრონტზე მოხდა. ამის ფონზე ბოლო დღეებში საგრძლობლად გააქტიურდა უკრაინული არტილერია, რის გამოც რუსები იძულებული გახდნენ ბრძოლით დაკავებული პოზიციები დაეტოვებინათ. მეტიც, სამხედრო ანალიტიკოსები |”რეზონანსთან” საუბრისას უარეს პროგნოზსაც აკეთებენ - პრიგოჟინის ბოლო მწვავე განცხადებები მიგვანიშნებს იმაზე, რომ შესაძლოა ვლადიმერ პუტინს ურაინაში წამოწყებული ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია პირიქით შეუბრუნდეს და ქვეყანაში სამხედრო გადატრიალებაც კი მიიღოს. კრემლში კი ამაზე რეაგირება უკვე ჰქონდათ. ანალიტიკოსების თქმით, მოსკოვში პრიგოჟინის განცხადება სერიოზულად აღიქვეს და ბახმუტში ფარულად როსგვარდიის დივიზია შეიყვანეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით „უნდა შევწყვიტოთ ხალხის მოტყუება, რომ ფრონტზე ყველაფერი კარგადაა...“ - რუსები ბახმუტიდან უკან დახევაზე ალაპარაკდნენ.

“გარდა ამისა, რუსები სამხედრო ბლოგერები წერენ, რომ ბოლო პერიოდში უკრაინული არტილერია გააქტიურდა და ეს ძალიან ჰგავს დიდი შეტევის წინ საარტილერიო მომზადებას. უკრაინის ამ გააქტიურებაზე ანალიტიკოსებიც საუბრობენ, რის გამოც რუსებს ზოგიერთი პოზიციის დატოვებაც მოუწიათ. განსაკუთრებით ინტენსიურად ეს დონბასის მიდამოებში ხდება. რაც შეეხება ფრონტზე არსებულ ვითარებას, სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ვითარება დიდად არ შეცვლილა, თუმცა ბახმუტში ბრძოლები არ შენელებულა. “რუსებს ბახმუტში რაღაც წინსვლა აქვთ, კვარტალი-კვარტალნახევარი. უკრაინელების მხრიდან მცირე სადაზვერვო ჯგუფების მცდელობაა, რომ მდინარე ბახმუტკას მარცხენა ნაპირზე გადავიდნენ. იქ ერთი მონაკვეთია, სადაც პატარ-პატარა კუნძულებია. ამით სარგებლობენ და მცირე ზომის სწრაფმავალი კატერებით გადასვლას ახერხებენ, მაგრამ ეს არ ჰგავს იმას, რომ უკრაინელები რაღაც პლაცდარმს იკავებდნენ”, - განაცხადა გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ “რეზონანსთან”. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორისა და სამხედრო ანალიტიკოსის ვახტანგ მაისაიას თქმით კი, სიტუაცია თითქმის უცვლელია და “ვაგნერის” წარმომადგენლების განცხადება, რომ ბახმუტზე სრული კონტროლის დამყარებამდე 1.5 კმ-ით წინ წაწევა დარჩათ, შესაძლოა დეზინფორმაციაც იყოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ თუ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან ჭურვებს არ მიიღებს, შესაძლოა, მის ძალებს ქალაქი ბახმუტის დატოვება მოუწიოთ. “ვაგნერის” პრესსამსახურის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ჭურვების დეფიციტის გამო ბოლო 24 საათში 94 მებრძოლი დაეღუპათ. “გწერთ საბრძოლო მასალის დაუყოვნებლივ მოწოდების მოთხოვნით. მივმართავ თავდაცვის მინისტრ შოიგუს... თუ შეიარაღების პრობლემა არ მოგვარდება, ჩვენ მოგვიწევს ბახმუტიდან ორგანიზებულად უკან დავიხიოთ, რათა შემდეგ მხდალი ვირთხებივით არ გავიქცეთ. ან უნდა გავიდეთ, ან დავრჩეთ და დავიხოცოთ. უფრო მგონია, რომ იძულებული ვიქნებით ქვედანაყოფების ნაწილი ამ ტერიტორიიდან გავიყვანოთ. გვჭირდება საბრძოლო მასალა და ჩვენ უნდა შევწყვიტოთ რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის მოტყუება და იმის თქმა, რომ ჩვენ ყველაფერი კარგად გვაქვს”, - აცხადებს პრიგოჟინი. ვახტანგ კაპანაძის აზრით, პრიგოჟინის განცხადებები სანდო არაა და შესაძლოა იმიტომ იყოს გაკეთებული, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მის დანაყოფს ყურადღება მიაქციოს. ვახტანგ მაისაიას თქმით კი, ამ განცხადების გარდა პრიგოჟინმა რუს პროპაგანდისტ სემიონ პეგოვთან უფრო სერიოზული მინიშნება გააკეთა, რომ სამხედრო გადატრიალებისთვის მზადაა”, - განაგრძობს გამოცემა.

“პრიგოჟინის განცხადება რამდენად სანდოა, არ ვიცი. უყვარს ხოილმე ტყუილების ლაპარაკი. ხან ვითომ ხუმრობს და ხან სიმართლეს ამბობს. თუმცაღა არ მგონია “ვაგნერი” ბახმუტიდან გავიდეს, სანამ არ აიღებს, რადგან ეს მათთვის დამარცხების ტოლფასი იქნება. პრიგოჟინი ამ განცხადებებით ცდილობს, რომ მის დაჯგუფებას უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ. თუ დავუშვათ და “ვაგნერმა” ბახმუტი დატოვა, რუსების წინსვლა შენელდება. თუმცა ომის მსვლელობაში ეს დიდ გარდატეხას ვერ შეიტანს, რადგან მათ ცოტა უფრო ბრძოლისუნარიანი დანაყოფებით ჩაანაცვლებენ. რა თქმა უნდა, “ვაგნერელები” გამობრძმედილი მებრძოლები არიან, ტერიტორია იციან და მათი არყოფნა, ზოგადად, რუსების წინასვლას დაეტყობა, მაგრამ გადამწყვეტი არ იქნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“პრიგოჟინმა ამის გარდა კიდევ უფრო სერიოზული განცხადება გააკეთა. მან პირდაპირ განაცხადა, რომ მზადაა სამხედრო გადატრიალება მოახდინოს და კრემლში თავისი სამხედრო ძალის მეშვეობით მოვიდეს. სხვათა შორის, ორი კვირის წინ გავაკეთე ეს პრონოზი და ერთი-ერთში დაიდო. პრიგოჟინმა ეს განცხადება საკმაოდ ცნობილ სამხედრო კორესპონდენტ პეგოვთან გააკეთა. მან კვლავ თქვა, რომ შოიგუსთან გართულებული ურთიერთობა აქვს და ტყვია-წამლის არქონის გამო “ვაგნერმა” ასამდე ადამიანი დაკარგა. ფაქტობრივად, საკუთარ შენაერთებს სამხედრო გადატრიალებისკენ მოუწოდა. მოსკოვში მისი განცხადება სერიოზულად აღიქვეს და ფარულად როსგვარდიის დივიზიაა შეყვანილი, საკმაოდ სერიოზული მობილიზაცია აქვთ. როგორც ვიცი, პრიგოჟინთან მოულოდნელად კრემლის ემისრებიც კი ჩაფრინდნენ და საკმაოდ სერიოზული მოლაპარაკებები მიდის”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“აქედან გამომდინარე არ გამოვრიცხავ, რომ “ვაგნერი” ბახმუტიდან უცებ გავიდეს. ის ერთადერთი სამხედრო შენაერთია, რომელიც რუსული საოკუპაციო ძალების მხრიდან წარმატებულ შეტევით ოპერაციებს მეტ-ნაკლებად ახერხებდა და თუ რამეს აკეთებენ, ეს პრიგოჟინის მებრძოლების გამოა. უკრაინის შეტევის მოლოდინის ფონზე, მათი გასვლა რუსეთის მხრიდან სერიოზული ჩავარდნა იქნება და შესაძლოა ისეთი ეფექტი ჰქონდეს, როგორიც ხერსონსა და ხარკოვში გასული წლის სექტემბერ-ოქტომბრის ბრძოლებს მოჰყვა. მეტიც, შესაძლოა უფრო უარესი შედეგი მოჰყვეს, რადგან პრიგოჟინმა თავისი დაჯგუფება შეიძლება მოსკოვისკენაც გადაისროლოს და ის სცენარი შეასრულოს, რაც დააანონსა. პრიგოჟინს საბრძოლო ტაქტიკური ავიაცია და ყველა საჭირო საშუალება აქვს და შესაძლოა არა უკრაინის შიარაღებული ძალების, არამედ კრემლის წინააღმდეგ აერომობილური ოპერაცია ჩაატაროს და შოიგუ-გერასიმოვის გადაყენება მოითხოვოს. კიდევ ერთი ნიუანსია - პრიგოჟნმა ეროვნული თავდაცვის ყოფილი ცენტრის ხელმძღვანელი გენერალ-ლეიტენანტი მიზინცევი “ვაგნერის” სბარძოლო შენაერთების შტაბის უფროსად დანიშნა. ეს შოიგუ-გერასიმოვისთვის სილის გაწვნაა”, - განმარტავს მაისაია.

“რაც შეეხება უკრაინული არტილერიის გააქტიურებას, რამდენადაც ვიცი, უკრაინის არტილერიის გააქტიურება მარიინკის მიდამოებში იყო. მათ 3 კმ-ით წინ წაიწიეს. რუსებმა უკრაინის თავდაცვითი ხაზიდან უკან საგრძნობლად დაიხიეს, ეს დონბასის ფრონტია და უფრო კონტრშეტევისთვის მზადების ვარიანტია და არა შეტევისთვის. შეტევითი ოპერაციის განხორციელების ინდიკაციას რაც შეეხება, ზაპოროჟიე-ხერსონიდანაა ვარიანტი, მაგრამ რუსებმა იქ საკმაოდ სერიოზული თავდაცვითი ზღუდეები ააგეს. ეს შესაძლოა შეტევის წინამოსამზადებელი ეტაპი იყოს, მაგრამ ჯერ ამინდი ხელს არ უწყობს. თუმცა ზელენსკიმ თქვა, რომ შეტევა აუცილებლად იქნება. ამის პატარ-პატარა ნიშნები უკვე არის”, - დასძენს ვახტანგ მაისაია.

ვახტანგ ძაბირაძე - “ვიცით, რომ “მეფე შიშველია” და უნდა დავრწმუნდეთ, რომ შიშველი მეფის ჩამოგდება ვისაც უნდა, ისიც შიშველი არ არის”

“აირაის” გამოკითხვები მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც გვაჩვენებს ტენდენციას და არა ზუსტ მონაცემებს. კვლევის შედეგები ხშირად არ ემთხვევა არჩევნების შედეგებს. თუ ტენდენციებს გავითვალისწინებთ, გასაგებია, რომ პირველ ადგილზე იქნება “ქართული ოცნება”. ამასთან, ნათელია, რომ ოპოზიციას მაინცდამაინც დიდი მხარდაჭერა არა აქვს. ვფიქრობ, ვანო მერაბიშვილი და დავით კეზარაშვილი რომ არ გამოჩენილიყო, “ნაცმოძრაობის” სასარგებლოდ მეტი ამომრჩეველი დაფიქსირდებოდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ მარტში, როდესაც ეს კვლევა ჩატარდა, არც კეზერაშვილი ჩანდა აქტიურად და არც მერაბიშვილი, არც ქოლცენტრების თემა იყო გააქტიურებული... არ არის გამორიცხული, ახლა რომ ჩატარდეს კვლევა, მნიშვნელოვნად განსხვავებული სურათი მივიღოთ”, - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დასავლელმა პარტნიორებმა არ იციან, რომელ პოლიტიკურ ძალას ან პოლიტიკოსს ენდონ”.

“ყველა დანარჩენ ოპოზიციას აქვს ამომრჩევლის პრობლემა, ანუ ბარიერის. უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა გაითვალისწინონ პარტიათა ხელმძღვანელებმა და წვრილი პარტიები უნდა დაჯგუფდნენ. სასურველია, არსებული პოლიტიკური ძალები 3 ნაწილად გაიყონ: “ქართული ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობა” და მესამე ჯგუფი, რომელიც იმ ელექტორატს მოიცავს, რომელსაც არც “ქართული ოცნება” სურს და არც “ნაციონალური მოძრაობა”. ეს იქნებოდა ყველაზე უკეთესი ვარიანტი. თეორიულად ეს ყველაფერი შესაძლებელია, პრაქტიკულად, რა მოგახსენოთ. ყველამ გავიგეთ “ქართული ოცნება” რაც არის. ვიცით, რომ “მეფე შიშველია” და უნდა დავრწმუნდეთ, რომ შიშველი მეფის ჩამოგდება ვისაც უნდა, ისიც შიშველი არ არის. “ნაციონალები” უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ თავს, როდესაც დემოკრატიაზე საუბრობენ. წვრილ-წვრილი პარტიები კი ინერციით აგრძელებენ ხელისუფლების კრიტიკას. ხელისუფლების კრიტიკა, რა თქმა უნდა, უნდა გააგრძელონ, მაგრამ იმაზეც უნდა ილაპარაკონ, რას გააკეთებენ თუ ხელისუფლებაში მოვლენ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

”ლელოს” იდეა “ნაციონალების” გარეშე ოპოზიციური გაერთიანების კარგია, მაგრამ როგორ მოახერხებენ ხორცის შესხმას, არ ვიცი. გასათვალისწინებელია, რომ შემდგომი არჩევნები პროპორციულია და ბლოკების შექმნა არ მოხერხდება. კიდევ ერთი პრობლემაა “ლელომ” “ნაციონალების” გარდა გახარიას პარტიასაც დაუწერა მინუსი. პოლიტიკოსებს მესამე ცენტრის შექმნაში ხელს უშლის უპირველესად პოლიტიკური კულტურის უქონლობა. მეორე მიზეზი ის არის, რომ ქვეყანაში ხელისუფლება მანამდე არ იცვლება, სანამ რევოლუციური ვითარება არ შეიქმნება. ზვიად გამსახურდიაზე აღარაფერს ვიტყვი, შევარდნაძის დროსაც ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე იდგა. ასეთივე ვითარება იყო 2012 წელსაც. მესამე პოლიტიკური ძალის შექმნა რომ გახდეს შესაძლებელი არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდ გარემოში და ქვეყანაში რევოლუციური ვითარება არ უნდა იყოს. დღეს ხელისუფლება მუდმივად მოსალოდნელ რევოლუციაზე ლაპარაკობს. ამ ნარატივთან დასაპირისპირებლად საჭიროა მაღალი პოლიტიკური კულტურა, რაც არც 30 წლის წინ გვქონდა და არც ახლა გვაქვს”, - განმარტავს რესპონდენტი.

“მე 2016 წელს ტელეეთერის საშუალებით მოვუწოდე­ ხალხს, იმ ხუთი პარტიიდან, რომლებსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი ჰქონდა, ერთ-ერთისთვის მიეცა ხმა. სხვათა შორის, ამომრჩეველს დღემდე აფრთხობს “ნაცმოძრაობა”. გარწმუნებთ, თუ მომავალ არჩევნებში ისევ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” დარჩებიან ერთმანეთის პირისპირ, ისევ “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს. ხალხს კატასტროფულად არ უნდა “ქართული ოცნება”, მაგრამ კიდევ უფრო არ უნდა “ნაცმოძრაობა”. IღI-ს ბოლოდროინდელი კვლევაც ამას ცხადყოფს. არიან ამომრჩევლები, რომლებსაც ეშინიათ, რომ მათმა მხარდაჭერილმა პატარა პარტიამ ბარიერი ვერ გადალახოს და მათი ხმები ტყუილად დაიკარგოს. შესაბამისად, ხმას ისევ “ნაციონალების” წინააღმდეგ, “ოცნებას” აძლევენ. ასეთი ამომრჩევლები ვიგულისხმე, როდესაც ვთქვი, რომ პოლიტიკური კულტურა არა გვაქვს. სანამ ამ ორ პარტიას მიღმა მესამეს არ დავინახავთ, სულ ერთ წრეზე მოგვიწევს სიარული. მე მირჩევნია ჩემი ხმა დაიკარგოს, ვიდრე “ოცნებას” ან “ნაციონალებს” წაადგეთ” - დაასკვნის პოლიტოლოგი.

“სააკაშვილის ფაქტორი ნელ-ნელა იძირება, სამაგიეროდ, მერაბიშვილი და კეზერაშვილი გამოჩნდნენ. ერთთან რეპრესიები ასოცირდება, მეორესთან - კორუფცია. “ოცნებას” მშვენივრად აქვს საქმე აწყობილი, ახლა ახალი და კიდევ უკეთესი, თანაც ორი საფრთხობელა ჰყავს. თუმცა ერთი რამ ცხადია - “ქართული ოცნება” ძალაუფლებას ვერ ახორციელებს. როგორც 2011 წელს, ძალაუფლება ახლაც ქუჩაში გდია, უბრალოდ, ამღები არავინ არ ჩანს. სხვათა შორის, ახლა მხოლოდ ჩვენ კი არა ვართ გაურკვევლობაში, არც დასავლელმა პარტნიორებმა იციან, რა უნდა გააკეთონ, რომელ პოლიტიკურ ძალას ან პოლიტიკოსს ენდონ. დასავლეთი ყოველთვის იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც ხალხი უჭერს მხარს. ჩვენ მათგან ვითხოვთ შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ხალხზე მერე ექნება გავლენა, ისინი კი პირიქით, ეძებენ ისეთ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც უკვე აქვს ხალხზე გავლენა. თუ დღეს-ხვალ მესამე პოლიტიკური ჯგუფი შეიქმნება, დასავლეთი აუცილებლად ითანამშრომლებს. ისიც უნდა ითქვას, რომ დასავლელი პოლიტიკოსებიც ცდებიან ხოლმე პარტნიორების შეფასებაში”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - “რას გულისხმობთ?” - პასუხობს:

“იმას, რომ სააკაშვილი თავის დროზე “დემოკრატიის შუქურად” შერაცხეს. კი, ის ქარიზმატულიც იყო და ხალხის მხარდაჭერაც ჰქონდა, მაგრამ რიგითი ამომრჩევლისგან განსხვავებით, მათ დროულად უნდა განესაზღვრათ, საით მიდიოდა “დემოკრატიის შუქურა”. 2004 წლიდან უკვე ყველაფრის დანახვა გადასარევად შეიძლებოდა. დასავლელი პოლიტიკოსები ცდილობენ მოსახლეობაზეც იმუშაონ, ენჯეოებზეც, პოლიტიკური კულტურის ამაღლებაზეც, პოლიტიკურ ძალებზეც. ასეთ კონფიგურაციაში მუშაობა რთულია. საქართველოში საკონსულტაციო ჯგუფებს ხშირად თავიანთი პოლიტიკური ინტერესები აქვთ და კარგი იქნებოდა, დასავლელი პარტნიორები ამ ხალხს კრიტიკულად აფასებდნენ”...

“არ ღირდა ენერგიის დახარჯვა...” - რატომ არ მონაწილეობდა ოპოზიცია შუალედურ არჩევნებში

“შაბათს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართა. არჩევნებში ოპოზიცია არ მონაწილეობს, რაც “ოცნების” შეფასებით ნიშნავს იმას, რომ რადიკალურ ოპოზიციურ ძალებს წაგების შეეშინდათ. ანალიტიკოსები “რეზონანსთან” შუალედურ არჩევნებში ოპოზიციის ქმედებას სწორად მიიჩნევენ, რადგან ის მაინც დამარცხებული იქნებოდა. შუალედური და რიგგარეშე არჩევნები 10 მუნიციპალიტეტში გაიმართა. ამომრჩევლები ირჩევდნენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “არ ღირდა ენერგიის დახარჯვა...” - რატომ არ მონაწილეობდა ოპოზიცია შუალედურ არჩევნებში.

“ის, რაც ხდება დღეს ფოთში, სენაკსა და ხობში, რომ ოპოზიციის მხრიდან არ დგას სხვა კანდიდატი და ნებისმიერ სხვა ოლქსა და მუნიციპალიტეტში, ნათლად მიანიშნებს, რომ დღეს რადიკალური ოპოზიცია და მათთან ასოცირებული ყველა პოლიტიკური ძალა, მედიასაშუალება გაკოტრებულია... ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ, არის ის, რომ დასხდნენ სადღაც ოთახებში, დაწერონ კვლევები, მოიგონონ ციფრები და ამით დაიწყონ მანიპულირება. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელშიც ჩვენს საზოგადოებას უწევს არჩევანის გაკეთება, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება კვლავ გავაგრძელებთ პასუხისმგებლიან პოლიტიკას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სახელმწიფოს ღირსებით ინტეგრაციას ევროკავშირში”, - განაცხადა შაბათს “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ფოთში გამართულ ბრიფინგზე. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე შუალედურ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის უმნიშვნელობაზე საუბრობს და ფიქრობს, რომ ოპოზიცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზეა კონცენტრირებული”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩემი აზრით, ნამდვილად არ ღირდა ამ არჩევნებზე ენერგიის დახარჯვა. იქ ძირათადად საკრებულოს მაჟორიტარებზეა საუბარი და ასევე ორი ქალაქის მერზე. ვიცით როგორ იყენებს ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს და აქედან გამომდინარე შესაძლებელია, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიცია აკეთებს კონცენტრირებას 2024 წლის არჩევნებზე და ამიტომაც არ გაამახვილა შესაბამისი ყურადღება შუალედურ არჩევნებზე და გარკვეულწილად ბოიკოტიც გამოუცხადა დღევალდელ არჩევნებს. ოპოზიციას რომ მიეღო მონაწილეობა, მაინც და მაინც არაფერი შეიცვლებოდა. რადიკალურ ცვლილებებს არ ექნებოდა ადგილი და ამიტომაც ოპოზიციამ დიდი მნიშვნელობა ამ არჩევნებს არ მიანიჭა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

ლევან ალაფიშვილი - “ქართულმა ოცნებამ” ისტორიულად სამარცხვინო მოცემულობა შექმნა საერთოდ კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში”

“პარლამენტის წევრობა არა მარტო უფლებაა, არამედ ვალდებულებაც და ეს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით დადასტურებულია, მათ შორის, სხდომების გაცდენის გამო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი რომ განიხილება თუ სხვა - ანუ ეს სტანდარტი საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილია, პარლამენტის წევრობა ვალდებულებაცაა. ასე რომ, მიუხედავად იმისა, პარლამენტის წევრი უმრავლესობიდან არის თუ უმცირესობიდან, ვალდებულებები აქვს. ამასთან, უმრავლესობაში შემავალ პარლამენტის წევრებს უფრო მეტი ვალდებულება აქვთ, რადგან ისინი ერთად პასუხისმგებელი არიან ქვეყნის კონსტიტუციით დადგენილ მართვაზე. შესაბამისად, არა აქვთ თავისუფლება, რომ ბოიკოტის რეჟიმით იმოქმედონ. ამის მიზეზი ის არის, რომ ბოიკოტი თავისი არსით ნიშნავს იმას, რომ შენ შენი მოსაზრება ვერ გაგაქვს და ამიტომ ერთხანს რაღაც მოსაზრებით არ მონაწილეობ პროცესში. ამიტომ თეორიულად გამორიცხულია, რომ უმრავლესობას ამ მმართველობის ბოიკოტირების საშუალება ჰქონდეს”, - აცხადებს სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთვის” მოცემულ ინტერვიუში, სათაურით “უმრავლესობა კონსტიტუციას არღვევს”.

“ეს არ იქნება ინსტიტუციის ბოიკოტირება, ეს იქნება მმართველობაზე უარის თქმა. უმცირესობის ბოიკოტსა და უმრავლესობის “ბოიკოტს” შორის ის განსხვავებაა, რომ უმრავლესობის “ბოიკოტი” მმართველობაზე უარს ნიშნავს, რაც კონსტიტუციით დადგენილ ვალდებულებაზე უარის თქმაა. საკონსტიტუციო სასამართლოსაც აქვს სტანდარტი, მართალია, მთავრობაზე უფლებამოსილების დელეგირების კონტექსტში, რომ ეს არის ვალდებულება და მასზე უარის თქმა, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის დარღვევაა. უმრავლესობა რასაც აკეთებს, - რომ მიზანმიმართულად არ გადის რეგისტრაციას კენჭის ყრის წინ და ამას “პროცედურულ ომს” უწოდებს, სულაც არ ნიშნავს, რომ მართლა ასეა. უმრავლესობის ქმედება კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობაა ანუ კონსტიტუციის დარღვევა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.

“ასეთ შემთხვევაში უნდა ვეძებოთ შეფასებისა და გადაწყვეტის პროცედურების საფუძვლები. რა თქმა უნდა, უმრავლესობაში შემავალი ცალკეული დეპუტატის მიმართ, ასე ვთქვათ, დავა საკონსტიტუციო სასამართლოში ვერ წარიმართება, დავა ინსტიტუციური ხასიათის უნდა იყოს. მაგრამ იმის გამო, რომ აქ უფრო მეტად საფუძვლიანი შეიძლება იყოს კომპეტენციურ დავაზე საუბარი და კომპეტენციური დავის სუბიექტი ინსტიტუციურად პარლამენტია და არა პარლამენტის წევრი, უმრავლესობის მიერ კონსტიტუციის დარღვევას საკონსტიტუციო სასამართლოში ეს 50 დეპუტატი ვერ გაასაჩივრებს. უფრო მეტად გასაგები რომ იყოს, ნორმატიული აქტის, კანონის გასაჩივრება 50 დეპუტატს საკონსტიტუციო სასამართლოში შეუძლია, მაგრამ არ შეუძლია კომპეტენციის გასაჩივრება. ვფიქრობ, ყველაზე სწორი იქნება, რომ კონსტიტუციის დაცვის გარანტორმა - პრეზიდენტმა. გამოიყენოს თავისი უფლება და მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მეთაურმა, პრეზიდენტმა, როგორც კონსტიტუციის გარანტმა, უნდა მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოსთხოვოს განმარტება, შეუძლია თუ არა პარლამენტის უმრავლესობას ასეთი “ბოიკოტით” უარი თქვას კონსტიტუციით დაკისრებულ სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაზე. შესაძლოა ეს ზუსტი ფორმულირება არ არის, მაგრამ ამაზე დავა შეიძლება იყოს პერსპექტიული საკონსტიტუციო სასამართლოში, ოღონდ ვიმეორებ, არა პარლამენტის წევრთა მესამედის სარჩელით, არამედ შესაბამისი ინსტიტუციური სუბიექტის მიერ, როგორიც არის პრეზიდენტი. სხვათა შორის, ამავე საკითხზე სხვა სუბიექტებსაც აქვთ ამის უფლება, შეიძლება იყოს სახალხო დამცველი, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვიმსჯელე პრეზიდენტზე, როგორც კონსტიტუციის გარანტორზე”, - გასძენს სამართალმცოდნე და შწეკითხვაზე - “ეს მოცემულობა შესაძლებელია საკანონმდებლო ხარვეზს დავაბრალოთ და შესაბამისად, გამოსწორებაზე ანუ რაღაც საკანონმდებლო ცვლილებაზე ვიფიქროთ?”, - პასუხობს:

“დემოკრატია არ არის მხოლოდ ფორმალურ-სამართლებრივი წაკითხვა და მისი შესაბამისად მართვა. დემოკრატია არის პასუხისმგებლობის ფარგლებში გააზრებული კომპეტენციები და ინსტიტუციური მოწყობა. თუკი პასუხისმგებლობა გაცნობიერებული არა აქვს უმრავლესობას, მაშინ რა უნდა ჩაიწეროს კანონში? ის, რომ პარლამენტის წევრს არა აქვს უფლება გამოაცხადოს ბოიკოტი? თუ ასეთი ჩანაწერი გაკეთდეს, რომ უმრავლესობაში შემავალ პარლამენტის წევრს არა აქვს ბოიკოტირების უფლება? ეს ხომ არაგონივრულია? ეს მხოლოდ ჩვენს კულტურაზე, პოლიტიკოსების კულტურაზეა დამოკიდებული და პარლამენტარიზმის ტრადიციებსა და სწორ გაგებაზე. კონსტიტუციით ეს საკითხი ვერ მოწესრიგდება. კონსტიტუციაში ასეთი დეტალური ჩანაწერები არ არის. კონსტიტუციაში თუ არ იქნება ჩანაწერი, მაშინ ვერც რეგლამენტში ჩაწერ, რადგან კონსტიტუციის საწინააღმდეგო იქნება და ავტომატურად ძალა არ ექნება. ასე რომ, ჩემი, როგორც კონსტიტუციონალისტის აზრით, “ქართულმა ოცნებამ” ისტორიულად სამარცხვინო მოცემულობა შექმნა და არა მარტო საქართველოს, საერთოდ კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში, დემოკრატიული მმართველობის ისტორიაში”.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს