„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის ორგანიზაციის წევრები ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებენ. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიშა ბოლქვაძე აცხადებს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის, წყლისა და ინტერნეტის პრობლემა აქვს. მისი თქმით, გასული წლის დეკემბერში სოფლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ბიუჯეტიდან თანხა გამოიყო, თუმცა პრობლემა მოუგვარებელი დარჩა.
„რუსული ოცნების ხელისუფლებას უყურადღებოდ ჰყავს ყველა სოფელში მოსახლეობა მიტოვებული. დეკემბრის თვეში მილიონი ლარი ჩაიდო, სოფელ ჭარნალსა და სხვა სოფლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაფინანსებისთვის. დღემდე არცერთ სოფელში ტრანსპორტი არ შესულა. პარალელურად “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები, მაღალი გამავლობის ავტომობილებს იძენენ, სადაც 300 ათას ლარამდე ხარჯავენ. ეს არის ხუთი ავტომობილი, რომელიც ხელვაჩაურის მერიამ შეიძინა“, - განაცხადა მიშა ბოლქვაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის ორგანიზაციის წევრმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ ბიუჯეტი ხალხს მოახმარონ.
„მოსახლეობას არ მიეწოდება წყალი და ინტერნეტი, თქვენ კი თანამდებობების გადანაწილებით ხართ დაკავებული კორუფციული გზით, რათა მეტი მილიონი იშოვოთ“, - მიმართა მიშა ბოლქვაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.