კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ თენგიზ მთვარელიშვილმა თელავის ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბიბლიოთეკა გახსნეს.
ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს.
„თელავს კიდევ ერთი დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი შეემატა. დღეს, ოფიციალურად გაიხსნა საბავშვო ბიბლიოთეკა, რომელიც პატარა მკითხველებს და მათ მშობლებს განახლებული, თანამედრო სტანდარტების გარემოში უმასპინძლებს.
თელავში ძალიან აქტიური და განათლებული ახალგაზრდა თაობა იზრდება და ხელისუფლება მაქსიმალურს გააკეთებს მათთვის, რომ ხელშემწყობი ინფრასტრუქტურა შექმნას.
მადლობას ვუხდი თელავის მერიას, საბავშვო ბიბლიოთეკის შენობის განახლებისათვის, დარწმუნებული ვარ, პატარა მკითხველების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
ბიბლიოთეკის პერსონალს გილოცავთ ახალ გარემოს და გისურვებთ მკითხველების გაზრდილ ნაკადს“, - აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.
მერის, ლევან ანდრიაშვილის თქმით კი, საბავშვო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი ყოველთვიურად დაახლოებით 200 ბავშვს ემსახურება.
„თელავის საბავშვო ბიბლიოთეკა 85 წელია ემსახურება პატარებს. ამ წლების განმავლობაში, არაერთი დაბრკოლება შეექმნა დაწესებულებას, თუმცა ბიბლიოთეკარების დაუღალავი შრომის შედეგად დღევანდელ შედეგამდე მოვიდა. აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი 36 000 -მდე ეგზემპლარს მოიცავს და ყოველთვიურად დაახლოებით 200 ბავშვს ემსახურება“, - განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.
ამასთან, მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სრულად შეიცვალა შენობის სახურავი და გარე ფასადი, მოეწყო ეზო, დამონტაჟდა გარე განათების ახალი სისტემა; მოეწყო შენობის შიდა ინტერიერი, ამოიცვალა კარ-ფანჯარა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამკითხველო დარბაზს და წიგნთსაცავს. ბიბლიოთეკის ახალი შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ბიბლიოთეკის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 258 554 ლარით დაფინანსდა.