პარლამენტის მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომათა დღის წესრიგის კენჭსაყრელ საკითხთა ნუსხაში ყველა ის საკითხია ასახული, რაც წინა სასესიო კვირის კენჭსაყრელ საკითხებს შორის ეწერა, გარდა ერთისა - სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივისა.
პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული, 2-5 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგით, კენჭი 77 საკითხს უნდა ეყაროს - მათ შორის არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის საკითხი, "საქსტატის" საბჭოს წევრად დასანიშნი კანდიდატები, მთავრობისა და პარლამენტის რიგი საკანონმდებლო ინიციატივები, სარატიფიკაციო დოკუმენტები, რაც ასევე წინა სასესიო კვირის კენჭსაყრელ საკითხებში იყო ასახული.
იმის გათვალისწინებით, რომ 18-21 აპრილის კვირას პარლამენტში კენჭისყრები არ ჩატარდა, ყველა კენჭსაყრელი საკითხი მიმდინარე კვირის დღის წესრიგში აისახა. მასში არ არის შეტანილი მხოლოდ “რეფორმების ჯგუფის“ ინიციატივა - პარლამენტის დადგენილების პროექტი “საქართველოს სასამართლო სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“.
სასამართლოს საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტი პარლამენტმა გასულ კვირას განიხილა. განხილვის შემდეგ საკითხი კენჭსაყრელ საკითხთა ნუსხაში აისახა, თუმცა კენჭი ვერ ეყარა, რადგან უმრავლესობამ კენჭისყრის პროცედურის წინ საჭირო რეგისტრაცია არ გაიარა, რაც სამ პლენარულ სხდომაზე განმეორდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციას მიმართა, რომ თუ საკითხის კენჭსაყრელ საკითხთა შორის შეტანა სურთ, შესაბამისი მოთხოვნა ბიუროსა და პარლამენტის სხდომაზე დააყენონ და მასზე პარლამენტი იმსჯელებს.