მამუკა მდინარაძე - სასამართლოს შესახებ კომისიის შექმნის მოთხოვნა ნაღმია და ამ ნაღმს არ ჩავადებინებთ - კონსტიტუციის და რეგლამენტის კითხვა ვერ ისწავლა ამ ხალხმა და მე რეპეტიტორად ვერ გამოვადგები

სასამართლოს შესახებ კომისიის შექმნის მოთხოვნა ნაღმია და ამ ნაღმს არ ჩავადებინებთ, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ პარლამენტის რეგლამენტის კითხვა ვერ ისწავლა.

მამუკა მდინარაძემ კიდევ ერთხელ განმარტა სასამართლოსთან საკითხზე საგამოძიებო კომისიის მოთხოვნასთან დაკავშირებით უმრავლესობის პოზიცია და აღნიშნა, რომ „რადიკალურ ოპოზიციას საბოტაჟის საშუალებას“ არ მისცემენ.

„ჩვენ ასე იმიტომ ვიქცევით, ასეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იმიტომ ვიღებთ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომ არ მივცეთ რადიკალურ ოპოზიციას საბოტაჟის საშუალება. როდესაც ევრორეკომენდაციების შესრულებაზეა ლაპარაკი, რა დროს საპარლამენტო კომისიის შექმნაზეა საუბარი, რომელიც სასამართლოს და ქართველი სახელმწიფოს დაზიანებისკენ არის მიმართული? რომც შეიქმნას, რეალობა თუ იქნება ამოსავალი წერტილი, ვერაფერი ვერ იქნება ისეთი, რაც დამაზიანებელი შეიძლება იყოს, მაგრამ ამ დროს დღის წესრიგის შექმნა, შოუების დადგმა სასამართლოს წინააღმდეგ, ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესს, რომ შეასრულოს ყველა ევრორეკომენდაცია, რადგან ვიღაცას არ მიეცეს საბაბი, რომ საქართველოს დააბრალოს რეკომენდაციების არ შესრულება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს არ დაბრალდეს და საბაბი არ მივცეთ იმ გეგმის შესრულებისთვის, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს არ მიეცეს სტატუსი, ამან გამოიწვიოს არეულობა და ა.შ. ამ დროს, ისინი [ოპოზიცია] ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პატარ-პატარა ნაღმები ჩადონ. ერთ-ერთი ნაღმია, არც ისე პატარა, სასამართლოს შესახებ კომისიის შექმნის მოთხოვნა და ამ ნაღმს არ ჩავადებინებთ. პოლიტიკური გადაწყვეტილება ხომ ასეთია და სამართლებრივად კონსტიტუციის და რეგლამენტის კითხვა ვერ ისწავლა ამ ხალხმა და მე რეპეტიტორად ვერ გამოვადგები“, - განაცხადა მდინარაძემ.

ის ასევე, გამოეხმაურა ქოლცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას და აღნიშნა, რომ მმართველი პარტია ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.

„ვიღაცებს ჰგონიათ, რომ საქართველო პარლამენტი არის საგამოძიებო ორგანო. კომისიის შექმნაზე რაზეც აქვთ შემოტანილი ინიციატივები, ყველაფერს რომ მხარი დავუჭიროთ საკანონმდებლო საქმიანობას და პოლიტიკურ საქმიანობას უნდა დავანებოთ თავი და საგამოძიებო ორგანოს ფუნქცია უნდა შევითავსოთ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა