საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტეტის ფრენბურთელ ვაჟთა სტუდენტურმა გუნდმა საქართველოს 2023 წლის ეროვნული ჩემპიონატის ოქროს თასი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ გადამწყვეტ მატჩზე, რომელიც ქალაქ თელავის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართა, სტუ-ის ფრენბურთელთა გუნდმა ბათუმის გუნდი ანგარიშით - 3:0 დაამარცხა და შესაბამისად, წლევანდელი ეროვნული ტურნირის გამარჯვებული გახდა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამარჯვებულ გუნდს საქართველოს ფრენბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ჩემპიონის ოქროს თასი, მედლები და 8000 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო გადასცა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განაცხადებით, ფრენბურთის ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვება მნიშვნელოვანი მოვლენაა, რაც უნივერსიტეტსა და მის სტუდენტებს უქმნის ძლიერ მოტივაციას, მეტად განავითარონ საუნივერსიტეტო სპორტი.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფრენბურთელთა გუნდმა, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ღირსეული გამარჯვებით, თავიანთ უნივერსიტეტს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანეს. ვულოცავთ ჩვენს ახალგაზრდებს ეროვნული ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას. ტურნირის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვისა და მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს ფრენბურთის ეროვნულ ფედერაციასა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. პრესტიჟულ ტურნირებში მონაწილეობა და გამარჯვება ჩვენს სტუდენტებს და მათთან ერთად უნივერსიტეტს უქმნის ძლიერ მოტივაციას, კიდევ უფრო მეტად განავითარონ საუნივერსიტეტო ცხოვრების ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, გაუწიონ პოპულარიზაცია სპორტულ სახეობებს და მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა ჩააბან სტუდენტურ გუნდებში. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტრადიციებს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ჩვენი სტუდენტები ასე ღირსეულად აგრძელებენ“, - აღნიშნა რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, ფრენბურთში საქართველოს 2023 წლის ეროვნული ჩემპიონატი საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"