ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2023

დიდი წინასაარჩევნო გადაჯგუფების კონტურები უკვე გამოიკვეთა - ვინ ვისთან აპირებს გაერთიანებას

“შეიძლება საკომიტეტო მოსმენაზე გაიტანონ და იქ ჩააგდონ”, - რა პრობლემებს ქმნის ინჯიას საკანონმდებლო ინიციატივა

ქართული კვალი ყირიმში დაგეგმილ დივერსიებში - რატომ დაასახელა „ეფესბემ“ საქართველო ასაფეთქებელი მოწყობილობების სატრანზიტო ქვეყანად

* * *

დიდი წინასაარჩევნო გადაჯგუფების კონტურები უკვე გამოიკვეთა - ვინ ვისთან აპირებს გაერთიანებას

“ოპოზიცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დიდ გადაჯგუფებას გეგმავს და როგორც ოპოზიციის ლიდერების განცხადებებიდან ჩანს, ამაზე მსჯელობა უკვე დაწყებულია. საუბარია 3 მთავარ პოლიტიკურ ცენტრზე, რომელიც განსხვავებული იდეოლოგიისა და პოზიციების პარტიებს გააერთიანებს. გარდა ამისა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სწორედ ახლა უნდა ველოდოთ ასპარეზზე ახალი პარტიების გამოჩენას, რომლებიც, როგორც წესი, წინასაარჩევნოდ იქმნება ხოლმე. პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში უკვე ღიად განიხილება 2 მოსალოდნელი ცვლილება. პირველ რიგში ნიკა მელიასა და მისი მომხრეების გამოყოფა ენმ-საგან და დამოუკიდებელი პარტიის ფორმირება. ასევე ენმ-ის, “სტრატეგია აღმაშენებლის”, “დროასა” და “გირჩი - მეტი თავისუფლების” ალიანსის. ამ სახის გადაჯგუფებას ანალიტიკოსები მიესალმებიან და აცხადებენ, რომ სხვაგვარად პარლამენტში მოხვედრას მხოლოდ “ოცნება” და ენმ შეძლებენ. ისინი პატარა პარტიებს დაშლას და ერთ ან რამდენიმე დიდ პარტიად დაჯგუფებას ურჩევენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დიდი წინასაარჩევნო გადაჯგუფების კონტურები უკვე გამოიკვეთა - ვინ ვისთან აპირებს გაერთიანებას.

“ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსული ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე ახალი პარტიის შექმნას არ გამორიცხავს. ამასთან, მან იმ შესაძლოა ალიანსებზე ისაუბრა, რომელიც შესაძლოა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გაჩნდეს - “ნიკა მელია ჯერ “ნაციონალურ მოძრაობაშია”. მასთან კომუნიკაცია მაქვს და ვფიქრობ, რომ გეგმებზე მას უნდა ჰკითხოთ. მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლა სრულიად მოსალოდნელია. მოცემულობაა ორი ორბიტა. როგორც ვხვდები, “ნაციონალურ მოძრაობასთან” მიდის სამი პარტია: “გირჩი - მეტი თავისუფლება”, “დროა” და “სტრატეგია აღმაშენებელი”. იმის გამო, რომ ბლოკები აკრძალულია, როგორც ჩანს, ერთიანი სია გაკეთდება. არიან პატარა პარტიებიც, ვინც გამსხვილებას ვერ ახერხებს. ამიტომ ლანდშაფტის გადალაგება აუცილებლად უნდა მოხდეს. ახალი ცენტრის შექმნის გარეშე ვერ მოხერხდება შუა პოზიციის მქონე ამომრჩევლის მობილიზება. ჩემს თავს “ნაცმოძრაობასთან” არ ვხედავ, პარტიიდან წამოვედი და ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი. ალბათ იმ ნაწილში ვიქნები, ვინც უნდა მოაბილიზოს შუა ხმები, “ლელოში” - არა”, - თქვა დეკანოიძემ. “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი ხათუნა სამნიძე კი აცხადებს, რომ არჩევნების წინ ახალი პარტიების გამოჩენა ჩვეულებრივი ამბავია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ახალი პარტიის შექმნის თაობაზე ინფორმაცია არსებობს. დადასტურებელი ინფორმაცია არ მაქვს, თუ ვინ ქმნის, მაგრამ ეს ინფორმაცია არის პოლიტიკურ წრეებში და ამაში ახალი არაფერია. საუბარია ნიკა მელიაზე, რომელსაც ჯერ პარტია არ დაუტოვებია, მაგრამ საუბარია, რომ ახალ გუნდს შექმნის. ვის მოიაზრებს გუნდში, არ ვიცი. საუბარია სხვა ცენტრების შექმნაზეც, მაგრამ ჯერ ეს დადასტურებული არ არის”, - განაცხადა სამნიძემ. ანალტიკოსი გია აბაშიძე “რეზონანსთან” აცახდებს, რომ “ნაციონალური მოძრაობიდან” წამოსულმა პოლიტიკოსებმა რა სახის პარტიაც არ უნდა შექმნან, ისინი მაინც “ნაციონალებად” იქნებიან აღქმულები. - “ლევან ხაბეიშვილის “ნაციონალების” თავმჯდომარედ მოსვლის შემდეგ, ძალიან ბევრი ამ პარტიის ვეტერანი პოლიტიკოსი უკმაყოფილოა. ამიტომ მათ ნელ-ნელა ენმ-დან გადინება დაიწყეს. ეს უკვე დე ფაქტოდ ნიკა მელიამ დაასრულა, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად ახალი პოლიტიკური პარტიის შემქნას აპირებს. თუ “ნაციონალურ მოძრაობას” და მის სატელიტებს დღემდე სჯერათ “ენდიაის” და “აირაის” კვლევების, მაშინ თავადაც ხედავენ რა სავალალო მდგომარეობაში არიან. “ენდიაის” ბოლოს კვლევით, შესაძლოა ენმ-მ ის 5%-იანი ბარიერიც კი ვერ გადალახოს”, - ამბობს აბაშიძე, რომელსაც ჰგონია, რომ “გადაჯგუფებას აპირებენ”, - განაგრძობს გამოცემა.

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ ენმ-ის ერთი ჯგუფი, მელიას თაოსნობით, კეზერაშვილი-მერაბიშვილი-ხაბეიშვილისგან დისტანცირებას მოახდენენ. მთავარი ისაა, მელია სხვა რომელ პატარა პარტიებს მიიზიდავს, იქნება ეს “ლელო”, თუ სხვა პარტიები, რომლებთანაც წლებია თანამშრომლობენ. ვფიქრობ 2024 წლისთვის მოვლენების ძალიან საინტერესო განვითარება გველის. რაც შეეხება “დროას”, “სტრატეგია აღმაშენებელს” და “გირჩი - მეტ თავისუფლებას”, ფაქტი - ენმ-სთან კოალიციაში შევლენ. თუმცა, არ მგონია ამან ხაბეიშვილის გამო დავარდნილ ენმ-ის რეიტინგს რამე მნიშვნელოვანი ქულები მოუტანოს”, - მიიჩნევს გია აბაშიძე. რაც შეეხება ენმ-დან წასვლის შემდეგ გაიყოლებს თუ არა მელია პარტიის მნიშვნელოვან ელექტორატს, აბაშიძე ამბობს, რომ ეს მეტწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ მელია პარტიიდან ვის გადაიბირებს. თუკი ეს ვეტერანი პოლიტიკოსები იქნებიან, რა თქმა უნდა, ენმ-ს ამით უფრო დიდი ზიანი მიადგება”, - დასძენს გამოცემა.

“მე არც იმას გამოვრიცხავ, ნიკა მელიამ ვაშაძის, ხოშტარიასა და ჯაფარიძის გადაბირებაც კი სცადოს. შესაძლოა “ლელოც” შეუერთდეს და სხვა ე.წ. შუალედური პარტიები. უბრალოდ “ბალასტი პოლიტიკოსების” აკიდებას ნამდვილად არ ვურჩევ, მაგალითად “ლეიბორისტების”, რომელთა რეიტინგი 1%-ც არ არის. მე საერთოდ ველი, რომ მელიას და მის ფლანგს სერიოზულად დაუპირისპირდებიან. ეს შესაძლოა იყოს თამარ ჩერგოლეიშვილი, თაკო ჩარკვიანი და ა.შ. ამ ქალბატონებს უყვართ ხოლმე რაღაცეების წამოძახება და შეხსენება. არჩევნებამდე წელიწადზე მეტი რჩება და დიდი ალბათობით, ახალი პარტია ავანსცენაზე უკვე გამოჩნდება. ალბათ მელია იმაზეც იმუშავებს, რომ ეს ე.წ. ნეიტრალური პატარა პარტიები მიიმხროს. ანა დოლიძის პარტიასა და სხვებს ვგულისხმობ. გიორგი გახარიასთან ალიანსი ნაკლებად მოსალოდნელი მგონია. ან თავად ეს შუალედური პარტიები გაერთიანდებიან. ვნახოთ, საინტერესო მოვლენების მომსწრენი გავხდებით”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

“რაც შეეხება ე.წ. კონსტრუქციულ ოპოზიციას, შესაძლოა თუ არა “ოცნებამ” 2024 წლისთვის თავის რიგებში მიიღოს, აბაშიძე ამბობს, რომ მმართველ ძალას ეს პარტიები არ სჭირდება და ის მათგან დამოუკიდებლადაც 2024 წლის არჩევნებში გასვლას უპრობლემოდ შეძლებს. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” მსგავსი სახის გადაჯგუფებას პოლიიტკურ ველზე მიესალმება და ფიქრობს, რომ სხვაგვარად 2024 წლისთვის სურათი იმაზე მძიმე იქნება, ვიდრე დღეს გვაქვს. “რადგან “ნაციონალურ მოძრაობაში” არსებული დაპირისპირება ვეღარ იჭერს თავს და დიდი ალბათობით მელიას იქიდან წასვლა მოუწევს, მე ვურჩევ დროზე წავიდეს”, - ამბობს ზაქარეიშვილი, რომლის აზრით, "ჯობს მელიამ თავისი მომხრეების ხმები დროზე გადაარჩინოს", - წერს სტატიის ავტორი.

“ვისაც დარჩება ნომერი “5” და “ნაციონალების” სახელი, ბოდიში და ტაბურეტი რომ დაუსვა, ხმას ხალხი მაინც მისცემს. ეს პარტია რელიგიურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა და ენმ-ს სულ ცოტა 7-8% მაინც ექნება. ვნახეთ, რომ ხაბეიშვილს და მელიას შორის ხმები თითქმის შუაზე გაიყო. მელიას მომხრე თითქმის ნახევარი პარტია გამოდის. ანუ, თუ ის “ნაციონალებიდან” დროზე გამოვა, ასევე ენმ-სგან გამოყოფილ პარტიებს გადაიბირებს და მასთან გაერთიანდებიან, ეს პარტია 7%-მდე მაინც აიღებს. ეს კი პოლიტიკურ ველზე უკვე სერიოზული განაცხადი იქნება. თუ კიდევ სადმე მესამე ჯგუფი შეიქმნება, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” საერთოდ არ ყოფილა, მით უფორ კარგი. თუკი “ლელო” “ნაციონალებისგან” დისტანცირებას საერთოდ მოახერხებს და რაღაც ახალ, ე.წ. უფრო ნეიტრალურ პარტიებთან სხვა ძალას შემქნიან, გადასარევი იქნება. უბრალოდ წყენას თუ დაივიწყებდნენ და გიორგი გახარიასთან ერთად შექმნიდნენ ახალ ძალას, ეს მთლად უკეთესი. ხოლო თუ მათ სალომე ზურაბიშვილიც დაემატა, რეიტინგს კიდევ უფრო აიმაღლებენ”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“შეიძლება საკომიტეტო მოსმენაზე გაიტანონ და იქ ჩააგდონ”, - რა პრობლემებს ქმნის ინჯიას საკანონმდებლო ინიციატივა

“ევროპელი სოციალისტების” ლიდერი ფრიდონ ინჯია პარლამენტში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს. იგი აცხადებს, ეს საკითხი “ქართულ ოცნებასთან” არ აქვს შეთანხმებული, თუმცა “ალტ-ინფო” ამაზე განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს. ანალიტიკოსები ასეთი კანონის მიღებას გაუმართლებლად მიიჩნევენ თუნდაც იმიტომ, რომ იგი 9 წლის წინ მიღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონს ეწინააღმდეგება და ასევე, დიდი ალბათობით, სერიოზული წინაღობა იქნება ევროინტეგრაციის გზაზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “შეიძლება საკომიტეტო მოსმენაზე გაიტანონ და იქ ჩააგდონ”, - რა პრობლემებს ქმნის ინჯიას საკანონმდებლო ინიციატივა.

ფრიდონ ინჯიას თქმით, იგი გეგმავს საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებას, რომელთა შესახებაც 30 აპრილს თბილისში გამართულ აქციაზე იყო საუბარი. ეს შეეხება ლგბტ პროპაგანდი აკრძალვას, “ნაციონალური მოძრაობის” სამართლებრივ შეფასებას და ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის შემცირებას. ინჯია ირწმუნება, რომ ამ საკანონდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით “ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკება არ ჰქონია. “ალტ-ინფოს” ლიდერი კოკა მორგოშია კი აცხადებს, რომ, მისი ინფორმაციით, “ქართული ოცნება” პარტნიორი პარტიების მეშვეობით ყველა იმ კანონს მიღებას გეგმავს, რომლებსაც “ალტ-ინფო” წლებია ითხოვს. “მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება” პარტნიორი პარტიების მეშვეობით მიიღებს ყველა იმ კანონს, რომლის მიღებასაც ჩვენ წლებია ვითხოვთ და ვიბრძვით!!! მათ შორის კანონს გეი-პროპაგანდის წინააღმდეგ!!! ეს ამბავი ძალიან მახარებს, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!!! ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, 5 ივლისი იყო ქართველი ხალხის უდიდესი გამარჯვება და ლიბერალიზმის დასასრულის დასაწყისი საქართველოში!!!” - წერს მორგოშია საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ხელისუფლება არ გეგმავს საკანონმდებლო დონეზე ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას. მისი თქმით, ასეთი კანონის მიღება პირველ რიგში სამართლებრივი მოსაზრების გამო არ განიხილება და მეორე, “შეიძლება ამან უფრო მეტად დაასხას რადიკალების წისქვილზე წყალი”. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, “რეზონანსთან” ამბობს, რომ ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონპროექტის მიღება, გამოიწვევს მწვავე რეაქციას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და შესაბამისად, ამას უარყოფით შედეგები მოყვება. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძეც ინჯიას ინიციატივის კანონად ქცევას გამორიცხავს, რადგან ეს წინააღმდეგობაში მოდის 2014 წელს მიღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონთან”, - დასძენს გამოცემა.

“არაერთხელ ითქვა, არიან პოლიტიკური სუბიექტები საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთაც, რომლებსაც სურთ დაიბლოკოს საქართველოს ინიციატივა ევროპულ სისტემაში შესვლის თაობაზე. როცა ჩასაფრებული გყავს ადამიანები, იქ მეტი სიფრთხილეა ალბათ საჭირო. ასეთი კანონი წესით არ უნდა მიიღონ იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, სიტუაცია არ მოითხოვს - არაფერი მომხდარა ისეთი, რომ გინდა თუ არა საჩქაროდ უნდა იყოს მიღებული”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონპროექტი თუ შემოვიდა, ის წინააღმდეგობაში მოვა ანტიდისკრიმინაციულ კანონთან, რომელიც 2014 წელს „ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში მიიღო პარლამენტმა. გასაგებია, რომ ამ კანონპროექტს ევროკავშირშიც და აშშ-შიც უარყოფითად შეხვდებიან და მე წარმომიდგენია ის რეაქციები, რაც აგორდება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ. არ მგონია ინჯიას და მის ფრაქციას პარლამენტში მხარდაჭერა ჰქონდეთ. მართალია, შეუძლიათ გამოვიდნენ პარლამენტში ინიციატივებით, მაგრამ რამდენად ექნება მას „ქართული ოცნების" მხარდაჭერა, ეს კიდევ საკითხავია. შეიძლება კანონპროექტი გავიდეს საკომიტეტო მოსმენაზე და იქ ჩავარდეს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

ქართული კვალი ყირიმში დაგეგმილ დივერსიებში - რატომ დაასახელა „ეფესბემ“ საქართველო ასაფეთქებელი მოწყობილობების სატრანზიტო ქვეყნად

“რუსული სპეცსამსახურების ინფორმაციით, ოკუპირებულ ყირიმში დააკავეს უკრაინული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის წევრები, რომლებიც ადგილობრივი პრორუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირების ლიკვიდაციას და სხვადასხვა ტერაქტებს გეგმავდნენ. ამავე წყაროს ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობების კომპონენტები ყირიმში მათ საქართველოდან შეიტანეს. ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ რუსული სპეცსამსახურების მიერ დასახელებული ეს მარშური არარეალურია და ამ საქმეში საქართველოს ხსენება საინფორმაციო ფსიქოლოგიური ომის ნაწილი და საქართველოზე ერთგვარი ზეწოლაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ქართული კვალი ყირიმში დაგეგმილ დივერსიებში - რატომ დაასახელა „ეფესბემ“ საქართველო ასაფეთქებელი მოწყობილობების სატრანზიტო ქვეყნად.

“რუსული მედიის ინფორმაციით, საუბარია უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს კონსპირაციულ ჯგუფზე, რომელიც ყირიმში მოქმედებდა. მათი თავდასხმის სამიზნეები “ყირიმის რესპუბლიკის” მეთაური სერგეი აქსიონოვი, დე ფაქტო ყირიმის პარლამენტის თავმჯდომარე ვლადიმირ კონსტანტინოვი და იალტის დე ფაქტო მერი იანინა პავლენკო იყვნენ. გარდა ამისა, თავდასხმების სამიზნე ყირიმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (“ეფესბე”) ცნობით, ტერაქტების ორგანიზებაში ბრალდებულები არიან რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები ვიკტორ პოდვალნი, ალექსანდრ ლიტვინენკო, სერგეი კრივოშეინი, კონსტანტინ ევმენენკო, იგორ ზორინი და სერგეი ვოინაროვსკი. ასევე დაკავებულია ბულგარეთის მოქალაქე ვინმე პეტრანოვი, რომელიც ტერაქტებისათვის საჭირო აღჭურვილობის ტრანსპორტირებაზე იყო პასუხისმგებელი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დაკავებულებს აღმოაჩნდათ 5 მზადყოფნაში მოყვანილი ბომბი, ელექტროდეტონატორი, რადიომართვადი მექანიზმები და სათვალთვალო ჯიპიეს ტრეკერები. ჩაკეტილია ის არხიც, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული და საიდანაც ასაფეთქელი ნივთიერებები ბულგარეთიდან თურქეთსა და საქართველოს გავლით ყირიმში გადაჰქონდათ. ასაფეთქებელი მოწყობილობები კი ელექტროღუმელებად იყო შენიღბული”, - წერს რუსული მედია. ეს ელექტროღუმელები, მათი მტკიცებით, ყირიმში ალექსანდრე ლიტვინენკომ შეიტანა, თავად ტექნიკა კი რუსეთში ბულგარეთიდან თურქეთისა და საქართველოს გავლით შევიდა. როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, ეს მარშრუტი - ბულგარეთი-თურქეთი-საქართველო-რუსეთი-ყირიმი - ლოგიკაში არ ჯდება, რადგან ამხელა გზა თუნდაც იარაღის მიწოდებისთვის საერთოდაც არ სჭირდებოდა”, - დასძენს გამოცემა.

“ეს საინფორმაციო ომია, რუსეთი ცდილობს საქართველოს მისამართით მესიჯები გამოაგზავნოს, რადგან არაა გამორიცხული, რომ საბრძოლო მოქმედებები აქაც დაიწყოს. აქ ბრძოლა უკვე მიდის რუსეთსა და ნატოს გავლენებთან დაკავშირებით - მაგალითად, საქართველოს ხელისუფლებამ ნატოს სამხედრო სტრატეგიულ წვრთნებში მონაწილეობაზე უარი რომ განაცხადა, ეს პირდაპირი ინდიკაციაა. ასევე საქართველოში პრორუსული სენტიმენტებიც გაიზარდა. ეს მესიჯი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისკენაა მიმართული. ჩვენი ხელისუფლება საუბრობს, რომ მეორე ფრონტი დასავლეთს და უკრაინას უნდათო, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით, რომ მეორე ფრონტი რუსეთს თავისთვის უნდა, რომ საქართველო მისი მთავარი პლაცდარმი გახდეს. თუ რუსეთი საქართველოში მეორე ფრონტს გახსნის, ამ ტერიტორიას ყოველგვარი პრობლემების გარეშე გამოიყენებს... დასავლეთს კი არ უნდა ჩამოვცილდეთ, კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა უნდა გვქონდეს. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, რაც ნატოში წინსვლაზე უარი ვთქვით. რუსეთმა “ცეცხლი გაგვიხსნა” და ეს ტყუილი მოიგონეს, რომ თურმე ბულგარეთიდან წამოსულა ტვირთი”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს