თაობები შეეწირა იმას, რომ საქართველო რუსეთის ჩრდილქვეშ არ ყოფილიყო - ღარიბაშვილი გვთავაზობს რუსეთის ჩრდილს, ჭაობს და რუსული გავლენის გაზრდას საქართველოში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც უნგრეთში კონსერვატორთა კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაჟღერებულ გზავნილებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, საქართველოს რუსეთის ჩრდილქვეშ ყოფნაზე გაკეთებული განცხადება „საზიანო“ და „მავნეა“.
„პირდაპირ ვიტყვი, ეს არის ძალიან მავნე და საზიანო განცხადება საქართველოსთვის. თაობები შეეწირა იმას, რომ საქართველო რუსეთის ჩრდილქვეშ არ ყოფილიყო, საქართველოს სჭირდება მზე და საქართველოს მზე ამობრწყინდება მაშინ, როცა რუსეთი არ დაეფარება და მის ჩრდილქვეშ არ ვიქნებით. ეს არის მთელი განსხვავება ჩვენსა და „ქართული ოცნების“ ღირებულებებს შორის. მათ უნდათ საქართველო რუსეთის ჩრდილქვეშ და მე მინდა მზის ქვეშ - ღარიბაშვილი გვთავაზობს რუსეთის ჩრდილს, ჭაობს და რუსული გავლენის გაზრდას საქართველოში“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ღარიბაშვილის გზავნილები ფსევდო- რელიგიური და ყალბი იყო.
„ეს არის იაფფასიანი პოპულიზმი ჩემთვის. ფსევდო-რელიგიური და პატრიოტულია სახარების ციტატით გამოსული ღარიბაშვილი, ახლა გაახსენდა და აქამდე არავის უხსენებია, რომ „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი“. 9 ნეტარებიდან არის ეს და იქვეა „ნეტარ არიან სიმართლისთვის მებრძოლნი“. რატომ არ ილაპარაკა სიმართლისთვის მებრძოლებზე? ესაა ფარისევლობაა, ფრიდონ ინჯიას დასაცავი 2000 წლოვანი კულტურის ქვეყანას არაფერი აქვს და არანაირი გენდერის პრობლემა არ დგას საქართველოში, არანაირი სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებული პრობლემები არ არის, ეს არის შემოტანილი რიტორიკა იმისთვის, რომ თითქოს ესენი არიან ტრადიციების დამცველები და სხვა ვინც ამბობს, რომ ადამიანის უფლებები უნდა დაიცვა და არ უნდა ჩაქოლო ქუჩაში, არის პროპაგანდის მომხრე”, - განაცხადა მანჯგალაძემ.