ბათუმში, USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების (HICD) პროექტის რეგიონული კონფერენცია გაიმართა, თემაზე: „მდგრადი ინსტიტუტების მშენებლობა საქართველოში“

3-4 მაისს, ბათუმში, USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების (HICD) პროექტის რეგიონული კონფერენცია გაიმართა, თემაზე: „მდგრადი ინსტიტუტების მშენებლობა საქართველოში“. ამის შესახებ ინფორმაციას ბაკურიანის განვითარების სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, კონფერენციის მიზანი საქართველოს რეგიონებში ინსტიტუციური განვითარების კუთხით მიღწეული შედეგების განხილვა და გამოწვევების შეფასება იყო.
„ღონისძიებას USAID საქართველოს, აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეული საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
კონფერენციაზე მომხსენებლებმა HICD პროექტის პარტნირი ორგანიზაციებიდან, ინსტიტუციური განვითარების პროცესები და შედეგები მიმოიხილეს.
ასევე, გაიმართა ექსპერტთა პანელური დისკუსია თემაზე: "ინსტიტუციური განვითარების გამოწვევები, მათი დაძლევის გზები და ახალი მიდგომები". კონფერენციის მონაწილეებმა, მენტორებთან ერთად, საკუთარი ორგანიზაციული პრაქტიკა გააანალიზეს და სამუშაოს გაუმჯობესების სფეროებზე იმსჯელეს.
ბაკურიანის განვითარების სააგენტოდან კონფერენციას სააგენტოს ხელმძღვანელი, ეკატერინე ორჯონიკიძე და საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი, მარიამ ლომიძე ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

























