მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკო.
მათივე ინფორმაციით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ პირებს, ფულადი წახალისების სახით 300 ლარი გადაეცა. „საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ. მეორე მსოფლიო ომს 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ომში 11 ათასი ფოთელი იბრძოდა და აქედან 2000 მონაწილე შინ არ დაბრუნებულა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.