სერგი კაპანაძე - კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა იქნება, თუ „ქართულ ოცნებას“ „ევროპელი სოციალისტებიდან“ გარიცხავენ

კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა იქნება, თუ „ქართულ ოცნებას“ „ევროპელი სოციალისტებიდან“ გარიცხავენ - როგორ გინდა იმ ძალების ლიდერები დაარწმუნო, ვისთანაც არანაირი შეხება აღარ გაქვს, ხაზი გადაუსვი მათთან ურთიერთობებს, გამოხვედი ამ პოლიტიკური ოჯახებიდან და გადახვედი ულტრა მარჯვნივ,- ამის შესახებ ორგანიზაცია „გრასის“ დამფუძნებელმა, სერგი კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ განცხადებას, რომ უნგრეთში გამართულ კონსერვატორთა ფორუმზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ მათ პოლიტიკურ ოჯახში „ქართული ოცნების" სტატუსს გადახედავს.

მისი თქმით, აქამდეც ბევრი მიმართულებით იყო პრობლემა, თუმცა „წამყვანი პოლიტიკური ოჯახის დატოვებასა და იქიდან პანჩურით გამოგდებაზე“ დიდი დარტყმა არცერთი არ ყოფილა.

„კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა იქნება, თუ „ევროპელი სოციალისტებიდან“ გარიცხავენ. მარტში განვითარებული მოვლენები მძიმე დარტყმა იყო, მაგრამ გადაილახა; გვარამიას დაჭერის საკითხი მძიმე დარტყმა იყო - სტატუსი ვერ მივიღეთ, მაგრამ დრო გავიდა და თუ გაათავისუფლებენ, შანსი არის, რომ პროგრესი იყოს. ბევრი მიმართულებითაა პრობლემა, მათ შორის ანტიდასავლური პროპაგანდა და ტყუილის გავრცელება, რომ ვიღაც ომში გვითრევს, სერიოზულად ურტყამს ჩვენი ქვეყნის ევროპულ შანსებს. მაგრამ წამყვანი პოლიტიკური ოჯახის დატოვება, იქიდან პანჩურით გამოგდება - ამაზე დიდი დარტყმა არცერთი არ ყოფილა. წლის ბოლოს ვინც შეიკრიბება, იქნება ეს ევროკომისია, თუ შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრები და ქვეყნის ლიდერები, წარმოადგენენ კონკრეტულ პოლიტიკურ ოჯახებს, ესენია: „სახალხო პარტია“, „სოციალისტები“, „ლიბერალები“, „მწვანეები“ და „კონსერვატორები“. არცერთ ამ პარტიაში არ არიან [„ქართული ოცნება“]. როგორ გინდა იმ ძალების ლიდერები დაარწმუნო, ვისთანაც არანაირი შეხება აღარ გაქვს - ხაზი გადაუსვი მათთან ურთიერთობებს, გამოხვედი ამ პოლიტიკური ოჯახებიდან და გადახვედი ულტრა მარჯვნივ“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

გარდა ამისა, კაპანაძის თქმით, ჩანს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ევროპული, მთავარი პოლიტიკური ძალები, რომლის ოჯახის წვერებიც არიან, დატოვონ.

„ტყუილია, როდესაც პრემიერი და „ქართული ოცნება“ საუბრობენ იმაზე, რომ კონსერვატიულ ფორუმზე იყვნენ. ეს ფორუმი რაღაც დროს ნამდვილად იყო კონსერვატიული ფორუმი, მაგრამ დღეს ეს ფორუმი არის სხვა შინაარსისა და ფორმის. ის, რა ფორმაც უნგრულმა CPAC-მა შეიძინა, ეს არის ულტრარადიკალების, ულტრამემარჯვენე ძალების შეკრება. კონსერვატიულ ღირებულებებზე შეიძლება ნებისმიერ ფორუმზე ილაპარაკო, კონსერვატიულ ღირებულებებში არანაირი პრობლემა არაა, მაგრამ სადაც წავიდა და ილაპარაკა ამ თემებზე, არაა ის ფორუმი, რომელიც მიღებულია. აქ მთავარი არაა ფორუმი, მთავარია ის, რომელ პოლიტიკურ ძალებთან უნდა „ქართულ ოცნებას“ რომ ასოცირდებოდეს. როგორც ჩანს, მათ გადაწყვიტეს, რომ ევროპული, მთავარი პოლიტიკური ძალები, მაგალითად, „სოციალისტები“, რომელიც ოჯახის წვერებიც არიან, დატოვონ. ეს იყო მათი განცხადებების აზრი. როგორც ჩანს, დატოვებენ ამ ორგანიზაციას და აღმოჩნდებიან დინების მიღმა. არცერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ოჯახის წვერი აღარ იქნებიან ევროპაში“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

რაც შეეხება ლგბტ პროპაგანდის საკითხზე პრემიერის განცხადებას, კაპანაძე ფიქრობს, რომ პროპაგანდის საფრთხე ტყუილია და „რეალურად საქართველოს ეს საფრთხე არ აქვს“.

„ეს ყველაფერი არის ტყუილი, ზღაპარი, ჩვენ ეს საფრთხე არ გვაქვს. ეს დისკუსია შეიძლება არსებობს ზოგიერთ დასავლურ ქვეყანაში, სადაც არ არის ამ წუთში პირველი რიგის ეკონომიკური, პოლიტიკური ან უსაფრთხოების გამოწვევები დღის წესრიგში. ჩვენთან ეს დისკუსია არ არის. საქართველოში არ არის არცერთი პოლიტიკური ძალა, არც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, არავინ, ვინც ამ თემებზე მუშაობს ან ამის პროპაგანდაზე. ეს არის მოგონილი საფრთხე“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო