აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გიორგი მანველიძის განცხადებით, ევროპის დღეებისადმი მიძღვნილ აქტივობებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მონაწილეობამ, კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა, სად ხედავენ ქვეყნის მომავალს და რა მიზნები აქვთ ამ მიმართულებით.
როგორც მანველიძე აცხადებს, „გულმხურვალე პატრიოტები“ იმედგაცრუებულნი მიიმალნენ და ალბათ, ახალ მავნებლურ გეგმებს აწყობენ კულისებს მიღმა“.
„ბოლო რამოდენიმე დღეა საქართველოში ევროპის დღეები აღინიშნება. ევროპის კვირეულის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად ესწრებოდნენ. დიდი ხანია გაცხადებულია მმართველი გუნდის პოზიცია ამ საკითხისადმი - საქართველო ისწრაფვის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისათვის თავისი მდიდარი ისტორიით, კულტურული მემკვიდრეობით, ღირებულებებითა და ტრადიციებით.
ამ დღეების განმავლობაში, მმართველი გუნდის - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა და მხარდამჭერების ევროპის დღეებისადმი მიძღვნილ აქტივობებში მონაწილეობამ, კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა, თუ სად ვხედავთ ქვეყნის მომავალს, რა მიზნები და ამოცანები გვაქვს ამ მიმართებით. ამ ფონზე კი, არსად ჩანდა ის ხალხი (მათ შორის არც სოციალურ ქსელში), ვინც ვითომდა „რუსულ კანონს“ ებრძოდა, მავნებლურად ცდილობდა ქვეყნის არასწორ რელსებზე გადასროლას, ვინც ქვეყნისათვის დამაზიანებელი რიტორიკით დღემდე აგრძელებს ცრუ პროპაგანდას - თითქოს საქართველოს, მის ხელისუფლებას, არ სურს ევროპული მომავალი, ვინც აპროტესტებდა, თუ რატომ არ ჩაერთო საქართველო უკრაინის პარალელურად ომში, აკრიტიკებდა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, სადაც იგი აღნიშნავდა, რომ საქართველოში ომი - „მეორე ფრონტი“ არ იქნებოდა.
„გულმხურვალე პატრიოტები“ იმედგაცრუებულნი მიიმალნენ, ალბათ ახალ მავნებლურ გეგმებს აწყობენ კულისებს მიღმა, მაგრამ ვარწმუნებ მათ - არ გაგივათ ბატონებო! თქვენ, როგორც პოლიტიკოსები, წარსულს ჩაბარდით! შეეგუეთ და გვადროვეთ ქვეყნის განვითარება.
საქართველოს ევროპული მომავალი ქართველი ხალხის განსაზღვრულია და ჩვენ, როგორც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, ვასრულებთ მოსახლეობის დაკვეთას. მშვიდი, მწყობრი ნაბიჯებით და მკაფიო გეგმებით, ხალხთან ერთად ვაშენებთ ძლიერ სახელმწიფოს!“ - აცხადებს გიორგი მანველიძე, რომლის განცხადებასაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.