სალომე სამადაშვილი - უარი პირდაპირ ფრენებზე და რუსეთთან სავიზო რეჟიმის აღდგენა - ეს არის რასაც ველოდებით საქართველოს ხელისუფლებისგან და მოვითხოვთ ამას!

„ლელოს“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას რუსეთთან უვიზო რეჟიმზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს „ლელოს“ იმ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს გაამკაცრებს.

„დღეს რუსეთის მთავარ ამოცანას წარმოადგენს გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ვერ მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი და ამაში ცხადია, მათი მოკავშირე არის სწორედ ის ხელისუფლება, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს. ჩვენ როგორც ევროკავშირმა, ასევე აშშ-მა ცალსახად გვითხრა, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენა რუსეთის ფედერაციასთან იქნება განხილული როგორც ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. შესაბამისად, პირველი რა განცხადებასაც ველოდებით ხელისუფლებისგან, თუ მათ ცხადია არ აქვთ გადაწყვეტილი რუსეთთან ერთად ჩაშალონ საბოლოოდ კანდიდატის მიღების შანსი, არის განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება არ იზიარებს ამ პოზიციას და პირდაპირი ფრენები საქართველოსა და რუსეთს შორის, სანამ რუსეთი არის სანქცირებული, ვერ აღდგება.

რუსეთის ფედერაციის ცალმხრივი გადაწყვეტილების უფლებამოსილებაა გააუქმოს ვიზები საქართველოს მოქალაქეებისთვის, მაგრამ ჩვენი უფლებამოსილებაა, როგორც სუვერენული სახელმწიფოსი რა სავიზო რეჟიმი გვექნება რუსეთისთვის დაწესებული. „ლელო“ დიდი ხანია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან ითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაადგას ნაბიჯები, რომელიც გაამკაცრებს სავიზო რეჟიმს რუსეთის მოქალაქეებისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ მათ შორის, რუსეთის ინტერესებშია, ხელი შეუწყოს საკუთარი მოქალაქეების შეუზღუდავად და უკონტროლოდ ჩვენს ქვეყანაში შემოსვლას. ამიტომ, დღეს ადეკვატური პასუხი რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯზე იქნება სწორედ იმ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა და დამტკიცება, რომელიც „ლელომ“ მრავალი თვის წინ წარადგინა პარლამენტში, რომელიც დღემდე არის თაროზე შემოდებული და განხილვაც კი არ დაუწყია „ქართულ ოცნებას“. თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ დღეს საქართველოს მართავს პუტინის მოკავშირე რეჟიმი, იმედია, რომ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებამ, რომელიც აშკარადაა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების დაჯილდოება, ყველა დაარწმუნა ამაში. აქამდე ეს ხდებოდა მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განცხადებებით, ახლა კი უკვე კონკრეტული ნაბიჯებით, იმედია, ყველა დარწმუნდა, რომ საქართველოს დღეს მართავს პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსეთ - უკრაინის ომში, ცალსახად ელოდება რუსეთის გამარჯვებას, დგამს იმ ნაბიჯებს და ატარებს იმ პოლიტიკას, რომელსაც ტაშს უკრავენ მოსკოვში და ახლა უკვე აჯილდოებენ რბილი ძალის მეთოდებით, საქართველოს რუსეთთან მიბმის კიდევ უფრო აქტიური მცდელობით. პასუხი არის უარი პირდაპირ ფრეებზე და აღდგენა სავიზო რეჟიმის რუსეთთან. ეს არის რასაც ველოდებით ხელისუფლებისგან და მოვითხოვთ ამას!“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს