ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2023

“რა შედეგი ექნება რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას”

როგორ უნდა უზრუნველყოს ნატომ არაწევრი ქვეყნების დაცვა - რა სიახლეებია მოსალოდნელი ვილნიუსის სამიტზე

როგორ მოახერხეს უკრაინელებმა ამერიკული “პეტრიოტის” საშუალებით რუსული “კინჟალის” ჩამოგდება

* * *

“რა შედეგი ექნება რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას”

“რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმების შესახებ. გარდა ამისა, რუსეთის საგარეო უწყებამ რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაცია გააუქმა. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი რუსეთის მხრიდან პროვოკაციულია, რადგან საქართველოს ახლა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე პასუხის წინ მოსკოვთან ურთიერთობის დაახლოება, რეჟიმების შერბილება, ნამდვილად არ სჭირდება. ამასთან, ნაწილი ექსპერტებისა ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს, ემიგრანტებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, ქვეყანასთან “კავშირი გაუადვილდებათ”. ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ პირდაპირ ფრენებზე და რუსეთთან სავიზო რეჟიმის აღდგენაზე უარი თქვან. მოგვიანებით “ქართულმა ოცნებამ” განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდისთვის მიუღებელია, რომ პუტინის გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დააკისრო. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ ფაქტს მალევე გამოეხმაურა და “მორიგი რუსული პროვოკაცია” უწოდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “რა შედეგი ექნება რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას”.

“საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმების განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა, რომლის თანახმად თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება საქართველოს მოქალაქეებს 90 დღემდე ვადით შეეძლებათ. ამასთან, პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოხსნა, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მოქალაქეებისთვის გააუქმა რეკომენდაცია, რის მიხედვითაც უწყება მათ საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევდა. საგარეო უწყების პრეს-სპიკერ მარია ზახაროვას განცხადებით, გადაწყვეტილებები ფრენების აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე `რუსეთის პრინციპული მიდგომის შესაბამისობაშია, რათა დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, თანმიმდევრულად გაამარტივონ კომუნიკაცია და კონტაქტები რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მოვუწოდებ ხელისუფლებას - დროა, თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოაჩინოს, დროა, შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო და განხილული იყოს 3-თვიანი ვიზების დაწესება”, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც რუსეთის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯი პროვოკაციული, “უდროო და მიუღებელია”. ამასთან, აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ხალხის ხმას უნდა მოუსმინოს, რადგან ეს, პირველ რიგში, ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს... ეს არის პროვოკაცია ჩვენი საზოგადოების გამოწვევისთვის. ეს უთუოდ გამოიწვევს ერთგვარ დაძაბულობას, ყოველ შემთხვევაში პარტიებს შორის, თორემ დარწმუნებული ვარ, საზოგადოებაში დაძაბულობას არ გამოიწვევს - გამოიწვევს რეაქციას, რომელსაც ძალიან კარგად ესმის, რომ რუსეთი ამ ნაბიჯებს დგამს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხაროა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერ ვერ გაიგო, არ დაფიქრდა ისტორიაზე და მაგალითებზე, რაც არსებობს, რომ რუსეთის ხელისუფლება დათმობებზე დათმობით არ პასუხობს. პასუხობს იმით, რაც უფრო გაართულებს მდგომარეობას”, - თქვა ზურაბიშვილმა, რომლის განმარტებით, “ეს არის მისი ქცევის მუდმივი მეთოდი და ამაზე უნდა დაფიქრდეს ჩვენი ხელისუფლება”, - განაგრძობს გამოცემა.

“ვიზების მოხსნა არ გვჭირდება, არც ფრენების აღდგენა, სანამ რუსეთი მთელი მსოფლიოსთვის აგრესორია და ოკუპანტის ასეთი ჟესტი უდროო და მიუღებელია. მოვუწოდებ ხელისუფლებას - დროა, თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოაჩინოს. დროა, რომ რაც არაერთხელ მოვითხოვე - შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო, შეიკრიბოს საჯაროდ და განხილული იყოს 3-თვიანი ვიზების დაწესება, რაც საჭირო არის ჩვენთვის, თუნდაც შიდა გამოწვევებიდან გამომდინარე”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. “ლელოს” დეპუტატი სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას რუსეთთან უვიზო რეჟიმზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. როგორც მან განაცხადა, “ქართულმა ოცნებამ” სასწრაფოდ უნდა დაიწყოს “ლელოს” იმ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს გაამკაცრებს. ”თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ დღეს საქართველოს მართავს პუტინის მოკავშირე რეჟიმი, იმედია, რომ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებამ, რომელიც აშკარადაა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების დაჯილდოება, ყველა დაარწმუნა ამაში”, განაცხადა სამადაშვილმა, რომლის აზრით, “აქამდე ეს ხდებოდა მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განცხადებებით, ახლა კი უკვე კონკრეტული ნაბიჯებით”, - დასძენს გამოცემა.

“იმედია, ყველა დარწმუნდა, რომ საქართველოს დღეს მართავს პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში, ცალსახად ელოდება რუსეთის გამარჯვებას, დგამს იმ ნაბიჯებს და ატარებს იმ პოლიტიკას, რომელსაც ტაშს უკრავენ მოსკოვში და ახლა უკვე აჯილდოებენ რბილი ძალის მეთოდებით, საქართველოს რუსეთთან მიბმის კიდევ უფრო აქტიური მცდელობით. პასუხი არის უარი პირდაპირ ფრენებზე და აღდგენა სავიზო რეჟიმის რუსეთთან. ეს არის რასაც ველოდებით ხელისუფლებისგან და მოვითხოვთ ამას!”- ამბობს სამადაშვილი. “ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილების გამო „ქართული ოცნება" რუსეთის ფედერაციისგან უვიზო მიმოსვლით დასაჩუქრდა - ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ “ქართული ოცნება” არის პრორუსული ძალა და მოქმედებენ სინერგიაში რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად”, - აღნიშნული განცხადება პარლამენტში “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა. მისივე თქმით, მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილება არის პირდაპირი პროვოკაცია საქართველოსთვის დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღების წინ”, - წერს სტატიის ავტორი.

“განცხადებებს გამოხმაურება მოჰყვა საქართველოს ხელისუფლებისგან, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ წარმოუდგენელი და მიუღებელია, რომ პუტინის გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დააკისრო. ”წარმოუდგენელია, პუტინის გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დააკისრო. რუსეთის ხელისუფლების ქმედებები ყოველთვის იყო და არის მიმართული იმისკენ, რომ მაქსიმალურად შექმნას ბარიერები საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ესეც არის მისი ნაწილი. ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვეთხოვება უფრო მეტი გონიერება, როცა შევაფასებთ მსგავს ქმედებებს რუსეთის მხრიდან”, - განაცხადა ბოჭორიშვილმა. ემიგრანტებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, გაუადვილდებათ თავიანთ ქვეყანასთან კავშირი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა. იგი ასევე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას და აღნიშნა, რომ თუ ამ ნაბიჯს რუსეთის მხრიდან პროვოკაციად შევაფასებთ, ის, რისკენაც სალომე ზურაბიშვილი მათ მოუწოდებს, სწორედ პროვოკაციაზე წამოგებაა. რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი რუსეთის მხრიდან პროვოკაციულია და არაა გამორიცხული, რომ ეს ერთ-ერთი დამატებითი არგუმენტი იყოს იმისთვის, რომ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი არ მოგცეს”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“ეს ყველაფერი რა თქმა უნდა პროვოკაციულია, რადგან საქართველოს ახლა რუსეთთან ასეთი ურთიერთობების დაახლოება, რეჟიმების შერბილება ნამდვილად არ სჭირდება. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი რბილი ძალის ელემენტებია. თუნდაც საავიაციო და უვიზო მიმოსვლის გახსნა. ესე იგი აქ რუსეთის გავლენის გაზრდის შესაძლებლობაა. რუსეთთან ასეთი პოლიტიკური დაახლოება, ჩვენთვის და ჩვენი ევროპული მისწრაფებებისთვის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია... ჩვენ უბრალოდ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსის მიღება მაინცდამაინც არ ადარდებს. როგორც ჩანს მისთვის ეს მთავარი პრიორიტეტი არ არის და აქედან ეს ყველაფერი ჩანს. რუსეთს ბევრი რამე აქვს ჩაფიქრებული და ძნელი განსასჯელია ის თუ რეალურად რას გააკეთებს. ის იმას გააკეთებს, რისი შესაძლებლობაც ექნება, თუ მიეცემა შესაძლებლობა, რომ საქართველოს რაღაც სერიოზული ზიანი მიაყენოს, ან ჯარიც კი შემოიყვანოს. ამას რა თქმა უნდა, გააკეთებს და ეს ყველაფერი კი რუსეთს ჩვენთან მუშაობას უადვილებს. საბოლოო ჯამში ეს ფაქტი რუსეთის უშიშროების და დაზვერვის სამსახურებს საქმიანობას აშკარად უადვილებს”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.

როგორ უნდა უზრუნველყოს ნატომ არაწევრი ქვეყნების დაცვა - რა სიახლეებია მოსალოდნელი ვილნიუსის სამიტზე

“გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ნატოს სამხედრო კომიტეტის შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ნატომ უნდა გააორმაგოს თავისი ძალისხმევა წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების საერთაშორისო უსაფრთხოების დასაცავად. “მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის არალეგალური ანექსია მოახდინა და 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში შეიჭრა, გავზარდეთ ძალების მზადყოფნა. პირველად ჩვენს ისტორიაში, ალიანსის აღმოსავლეთით, განვალაგეთ საბრძოლო ქვედანაყოფები და ევროპელმა მოკავშირეებმა დ კანადამ დამატებით 350 მილიარდი ამერიკული დოლარი დახარჯეს თავდაცვაზე” - აღნიშნა სტოლტენბერგმა. “როდესაც ჩვენ უფრო საშიში მომავლისთვის ვემზადებით, ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა ჩვენი ერთი მილიარდი მოქალაქის უსაფრთხოება შევინარჩუნოთ და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრირიგი დავიცვათ”, -განაცხადა მან. ექსპერტ თენგიზ ფხალაძის თქმით, ეს განცხადება ნიშნავს მზადებას ნატოს ვილნიუსის სამიტისთვის რომლის მიზანი, სწორედ უსაფრთხოების გაუმჯობესებაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ უნდა უზრუნველყოს ნატომ არაწევრი ქვეყნების დაცვა - რა სიახლეებია მოსალოდნელი ვილნიუსის სამიტზე.

“განცხადება რომელიც გააკეთა სტოლტენბერგმა, ძირითადად უკავშირდება არა იმდენად კონვენციურ საფრთხეებს, რამდენადაც ჰიბრიდულ საფრთხეებს. საფრთხეებში ამჯერად მოიაზრება როგორც სამხედრო ოპერაციები, კიბერშეტევები, დეზინფორმაციები და ა.შ მინდა გითხრათ, რომ ამ ყველა მიმართულებით ძალიან სერიოზულად მუშაობს ალიანსი, და საკმაოდ სერიოზული ახალი პროგრამები მუშავდება. ეს განცხადება სამხედრო კომიტეტის შეხვედრის ფონზე იქნა გაკეთებული და თავად კომიტეტის შეხვედრა უკავშირდება მზადებას ვილნიუსის სამიტისათვის, სადაც საბოლოოდ უნდა შეჯერდეს სწორედ ის საკითხები, რომლებმაც თავდაცვისუნარიანობა უნდა გააძლიეროს. როგორ უნდა უზრუნველყოს იმ ქვეყნების დაცვა რომლებიც არ არიან ალიანსის წევრები, ეს უფრო პრობლემატურია, იმიტომ რომ ამ ქვეყნებში არ ვრცელდება მეხუთე პარაგრაფი კოლექტიური თავდაცვა, რომელიც არ გავრცელდება სანამ ისინი ნატოს წევრი ქვეყნები არ გახდებიან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

“ასეთი ქვეყნებისთვის, ძალიან ბევრი რამ იქნება მიმართული თანამშრომლობის პროგრამებზე, რომელიც მიმართულია ამ ქვეყნების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის და ასეთი რამდენიმე ინსტრუმენტი, მაგალითად საქართველოს აქვს არსებითი პაკეტი, თუ ყოველწლიური პროგრამა. მთავარია, თავად ამ ქვეყნების ინიციატივები რამდენად იქნება, და რამდენად აქტიურები იქნებიან ისინი ამასთან დაკავშირებით და რამდენად მოახერხებენ ეს ქვეყნები საკუთარი თავის პოვნას საერთო უსაფრთხოების ნიშაში. ამ შემთხვევაში, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ თავისი როლი და ადგილი შავი ზღვის რეგიონში ძალიან ნათლად წარმოაჩინოს და კიდევ უფრო აქტიურად თანამშრომლობდეს ალიანსთან, აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობას იყენებდეს. ძალიან ცუდია რომ ევროპაში მიმდინარე წვრთნები ჩვენ არ გამოვიყენეთ. ნატოს ფინანსური ნაწილი ძირითადად დაკავშირებულია, იმასთან რომ ნატოს წევრი ყველა ქვეყანა არ ასრულებდა იმ ვალდებულებას, თავდაცვის ბიუჯეტის პარამეტრი რომ ჰქონდეს 2 პროცენტამდე. მაგალითად ზოგიერთ ქვეყანას ჰქონდა 1 პროცენტი, ზოგს ნახევარი პროცენტი, ამაზე მეტს ქვეყნები საკუთარი თავის თავდაცვაზე არ ხარჯავდნენ”, - განაგრძობს ექსპერტი.

“ძირითადი კონტრიბუტორი იყო და რჩება ამერიკის შეერთებული შტატები, შემდგომ დიდი ბრიტანეთი, გაზარდეს თავდაცვის ბიუჯეტი ცენტრალური ევროპის ქვეყნებმაც როგორიც არის პოლონეთი, როგორიც არის ბალტიისპირეთის ქვეყნები. მაგრამ, ძირითადი ქვეყნები - იტალია, საფრანგეთი, გერმანია, რომელთა ეკონომიკები ძალიან დიდია, ისინი 2 პროცენტს საკუთარ თავდაცვისუნარიანობაზე არ ხარჯავდა. სწორედ ამაზე არის ლაპარაკი რომ ამ ქვეყნებმა უფრო მეტი წვლილი უნდა შეიტანონ საერთო უსაფრთხოებაში, იმისთვის რომ საკუთარ თავდაცვისუნარიანობას უფრო მეტი მოახმარონ, ვიდრე ახმარდნენ აქამდე”, - დაასკვნის თენგიზ ფხალაძე. ექსპერტი ნიკა ჩიტაძე კი აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების გაზრდისთვის ნატომ უნდა გააძლიეროს ნატოს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს შორის კავშირები, გაანადგუროს რუსული დეზინფორმაციული პროპაგანდა და განამტკიცოს მოკავშირეებს შორის თავისუფალი ეკონომიკური სავაჭრო სივრცე და მოახერხოს გაეროს უშიშროების საბჭოს ჩანაცვლება”, - წერს სტატიის ავტორი.

“პირველ რიგში ამ შემთხვევაში აუცილებელია რომ ნატომ გაამყაროს, ტრანსატლანტიკური კავშირები, ნატოს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს შორის. ჩვენ ვიცით რომ ყველაზე მოწყვლადი ქვეყნები ნატოს წევრ ქვეყნებს შორის ესენი არიან ევროპის სახელმწიფოები. განსაკუთრებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები, რომლებიც რუსეთთან ახლოს იმყოფებიან გეოგრაფიული თვალსაზრისით. ამიტომაც მათ უსაფრთხოებაში იგულისხმება შემდეგი: ეს არის კიბერ უსაფრთხოება, რაც არის ერთერთი რთული ამოცანა, კიდევ ერთი, ეს არის საჰაერო თავდაცვა, ასევე ეს არის რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, იმიტომ რომ არიან სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები თუნდაც ნატოს წევრ სახელმწიფოებში, რომლებიც რუსულ პროპაგანდას გარკვეულწილად მიჰყვებიან, არიან გარკვეული პოლიტიკური პარტიებიც კი. ნატოს წესდების მეორე მუხლში, ნატოს ერთერთ პრიორიტეტად განიხილება ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცება”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთა საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“არსებობს თავისუფალი სავაჭრო პარტნიორობის ინიციატივა, რომელიც გულისხმობს, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნას ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს შორის. ამასთან, მომავალში ნატო უნდა გახდეს უფრო მეტად გლობალური მოთამაშე, შესაძლებელია ნატოს ჩართვა სხვადასხვა სამშვიდობო ოპერაციებში, სხვადასხვა რეგიონში. ვიცით, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, გაერო იღებს რეალურად გაეროს უშიშროების საბჭო იღებს რეზოლუციებს სამშვიდობო ოპერაციებთან დაკავშირებით და თანდათან უნდა მოხდეს, გაეროს ჩანაცვლება ნატოს მიერ. შესაბამისად, ნატოს წევრ ქვეყნებშიც უფრო მეტი უსაფრთხოება იქნება”, - დასძენს ნიკა ჩიტაძე.

როგორ მოახერხეს უკრაინელებმა ამერიკული “პეტრიოტის” საშუალებით რუსული “კინჟალის” ჩამოგდება

“პენტაგონის პრესსპიკერმა პეტ რაიდერმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა “პეტრიოტის” სარაკეტო თავდაცვის სისტემის გამოყენებით, რუსული რაკეტა “კინჟალი” ჩამოაგდეს. “როგორც მოგეხსენებათ, ეს სისტემა (პეტრიოტი) არის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების უფრო ფართო სპექტრის ნაწილი, რომლითაც შეერთებულმა შტატებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ უზრუნველყო უკრაინა” - განაცხადა რაიდერმა. მისივე თქმით, აშშ და მისი პარტნიორები უკრაინის დახმარებას საბრძოლო მასალითა და უკრაინის თავდაცვის საჰაერო შესაძლებლობებით გააგრძელებენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ მოახერხეს უკრაინელებმა ამერიკული “პეტრიოტის” საშუალებით რუსული “კინჟალის” ჩამოგდება.

“რა უპირატესობებს მოიპოვებს უკრაინა ფრონტზე და რამდენად ეფექტურია მისი საჰაერო თავდაცვის სისტემა, ამის შესახებ “რეზონანსს” სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი “არსენალის” რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი ესაუბრა. ალადაშვილის თქმით, უკრაინელი მეზენიტეების მიღწევით როგორც პენტაგონმა ისევე ამერიკელმა კონსტრუქტორებმა უნდა იამაყონ, იმიტომ რომ “პეტრიოტმა” შეძლო ჰიპერბგერითი სიჩქარით მფრენი რაკეტის ჩამოგდება ანუ “პეტრიოტის” მოდერნიზებულმა სისტემამ დაამტკიცა, რომ ის არამარტო საზენიტოა, ანუ განკუთვნილი აეროდინამიკური სამიზნეების, თვითმფრინავების, ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების ჩამოსაგდებად, არამედ ანტირასაკეტო მისიის განხორციელებაც შეუძლია, აერობალისტიკური რაკეტის ჩამოგდებაც კი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“უკრაინის ფრონტი დაახლოებით 800 კილომეტრის სიგრძისაა, მაგრამ გარდა ამისა უკრაინელებს ასევე უწევთ, უკრაინის ქალაქების დაცვა რუსეთ-უკრაინის საზღვრის მთელ გაყოლებაზე, უკრაინა-ბელორუსის საზღვარზე და ასევე ოკუპირებული ყირიმის მხრიდან. ასე რომ, უკრაინას სჭირდება ბევრად მეტი საჰაერო თავდაცვის საშუალებები, ვიდრე ახლა აქვს, პირველ რიგში რაკეტები. კი, დასავლეთი ეხმარება აწვდის მას გარკვეულ რაოდენობას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და ვერც იქნება საკმარისი, იმიტომ, რომ ერთი მოწინააღმდეგის ერთი ფრთოსანი რაკეტის ან მით უმეტეს ბალისტიკური რაკეტის ჩამოსაგდებად, საჭიროა ორი ან მეტი საზენიტო რაკეტის გამოყენება, ასე რომ, ეს პრობლემა არის ყოველთვის. გააჩნია აქ რაკეტების ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლების შეჯიბრი არ ხდება, აქ მნიშვნელოვანია თუ რა ტაქტიკით ხდება გამოყენება. იგივე საზენიტო საშუალებები უნდა იყოს ჩასაფრებაში და ისე უნდა იყოს გამოყენებული. თუ ის მუდმივად არ შეიცვლის პოზიციას და მუდმივად ერთ ადგილზე იქნება, მაშინ მოწინააღმდეგე ანტისარადარო რაკეტით ააფეთქებს მას. ეს ნიუანსები არის გასათვალისწინებელი, რაშიც უკრაინელები მსოფლიოში გამოცდილები არიან”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს