„ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას, 14 მაისს, ბათუმში აქციით გააპროტესტებს

„ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას, 14 მაისს, ბათუმში აქციით გააპროტესტებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას ეხმაურებიან.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა ქაშიბაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უვიზო რეჟიმის დაწესება ქვეყნისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

მისივე თქმით, ფაქტის გასაპროტესტებლად ბათუმში, 14 მაისს 13:00 საათზე საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

„რუსეთის მხრიდან უვიზო მიმოსვლის დაწესებამ რეალურად გამოაჩინა ოკუპანტი სახელმწიფოს ზრახვები, გაუადვილოს და კომფორტული პირობები შეუქმნას თავის ასიათასობით მოქალაქეს საქართველოში, ასევე გადმოსხას დესანტი, რომლებიც რეალურად შენელებული ნაღმის ფუნქციას ასრულებენ. უმთავრესია ქართველი ხალხის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ მკაფიო იყოს და ყველამ ერთად გავაპროტესტოთ ის უმსგავსობა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას “ქართული ოცნების“ სახით უდგას წინ. მოვუწოდებთ თანამოქალაქეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ჩვენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს, ერთმანეთს ვჭირდებით და სწორედ ამიტომ 14 მაისს 13 საათზე იუსტიციის სახლთან შევიკრიბოთ, მსვლელობით ერთად დავიძრათ ქალაქის ქუჩებში და მივიდეთ მთავრობის სახლამდე, სადაც “ქართულ ოცნებას” კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველო ქართველ ხალხს ეკუთვნის და საქართველო არის ღირსეული ქვეყანა, ის არასდროს გახდება გავრილოვების დუქანი”, - განაცხადა ნიკა ქაშიბაძემ.