თორნიკე რიჟვაძემ ევროპის სოფლის ტურიზმის ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ევროპის სოფლად ტურიზმის გენერალურ ასამბლეას და სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციის გახსნას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გენერალური ასამბლეა ბათუმში იმართება და თორნიკე რიჟვაძემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, მნიშვნელოვანია ტურისტული სექტორის წარმომადგენლებმა გაიზიარონ ევროპის საუკეთესო პრაქტიკა, როგორც საოჯახო სასტუმროების მართვის, ასევე სოფლად ეკო ტურიზმის განვითარების კუთხით.

„როცა ეკონომიკის ზრდაზე ვსაუბრობთ, რომლის უპრეცედენტო ზრდის მაჩვენებელი გვაქვს ყველა მიმართულებით, ეს არ არის ეფემერული საკითხი, ეს არის ის კონკრეტული შედეგები, რომელიც თითოეულ ოჯახს ცხოვრების უკეთეს პერსპექტივას უქმნის. ამ სახის ღონისძიებები კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს კიდევ უფრო სწორად და მდგრადად განავითარონ აჭარაში ეკო ტურიზმი, სოფლად ტურიზმი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ტურიზმის განვითარება და ეკონომიკის განვითარება იგრძნობოდეს ყველგან, სოფლად და ქალაქად“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ევროპის სოფლის ტურიზმის გენერალური ასამბლეა ბათუმში წელს პირველად ტარდება, სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას კი აჭარა მეოთხედ მასპინძლობს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების ორგანიზატორი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია. კონფერენციაში მონაწილეობას ტურიზმის სფეროს ექსპერტები და წარმომადგენლები ნორვეგიიდან, საბერძნეთიდან, კვიპროსიდან, ფინეთიდან, ლიეტუვადან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, ესპანეთიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან იღებენ. ჯამში, ევროპის გენერალურ ასამბლეასა და კონფერენციას საოჯახო სასტუმრო სახლების, ტურისტული სააგენტოების, სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების 150-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება.

კონფერენციის გახსნას აჭარის მუნიციპალიტეტების მერები, მინისტრთა კაბინეტის წევრები და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს