„ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი მედეა მეტრეველი ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონიასთან და დუშეთის საკრებულოს „ლელოს” წევრთან ლია როინიშვილთან ერთად ამჯერად დუშეთში ჩავიდა, სადაც ნგრევის პირას მყოფი მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და ჭილაშვილების სასახლე დაათვალიერეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ლელო" ავრცელებს.
„უნიკალური მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და ჭილაშვილების სასახლე ინგრევა. საფრთხის ქვეშაა უნიკალური კოლექციები. ხელისუფლების სრული გულგრილობას და არაპროფესიონალიზმს ეწირება ეროვნული, ქართული საგანძური.

კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლების რეაბილიტაციის საკითხი შეტანილი იყო მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მართული მესამე პროგრამის ფარგლებში 2017- 2019 წლებში. თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო ორივე ძეგლის რეაბილიტაციის საკითხი ამოღებულ იქნა გეგმიდან. ძეგლების რეაბილიტაცია და კულტურულ-საგანმანათლებლო კომპლექსად გარდაქმნა ახალ სამუშაო ადგილებს და შესაძლებლობებს გააჩენდა რეგიონში.

ადგილობრივი მოსახლეობის მიერ არაერთი პეტიცია გავრცელდა ძეგლების გადარჩენის და რეაბილიტაციის თაობაზე, თუმცა საკითხი წლებია რეაგირების გარეშეა დარჩენილი.
მოვუწოდებ კულტურის სამინისტროს, საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ინგრევა, ისტორია ნადგურდება, სასწრაფო რეაგირებაა საჭირო", - განაცხადა მედეა მეტრეველმა.