კორნელი კაკაჩია - გეოპოლიტიკური შანტაჟის ენა, რომელიც ხელისუფლებამ შეარჩია ზოგადად დასავლეთთან და განსაკუთრებით შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში, არ იმუშავებს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ინტერპრესნიუსი თსუ-ს პროფესორს, პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

- ბატონო კორნელი, ძალიან გაგვახარეთ რომ ბრიუსელში ხართ სამეცნიერო მივლინებით. მესმის, რომ ბრიუსელში ძირითადად სამეცნიერო საქმეებით ხართ დაკავებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბრიუსელში ყოფნისას შეძლებისდაგვარად ადევნებთ თვალს იმას, თუ რა რეაქცია აქვთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ბოლო ხანებში ჩვენში განვითარებულ პროცესებზე,

მოდით, დავიწყოთ იმით, რომ „ქართული ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება ევროსოციალისტების გაერთიანების დატოვების შესახებ.

ახლა აზრი არა აქვს იმაზე საუბარს, საქართველოს მმართველმა გუნდმა დაასწრო მოვლენათა განვითარებას, ანუ ევროსოციალისტების მიერ თავისი რიგებიდან „ქართულმა ოცნების“ გარიცხვას, თუ სხვა რამ იყო მიზეზი. ფაქტია, რომ ახლა „ქართულ ოცნებას“ ევროპის პოლიტიკურ მოედანზე პარტნიორი და თანამოაზრე პარტია არ ჰყავს.

ევროსოციალისტებიდან გამოსვლასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ „გამოჩნდება ევროპული ოჯახი, რომელთანაც ჩვენ ვიქნებით დაკავშირებული ორი ასპექტით - პოლიტიკური ლოიალობა და ღირებულებითი თავსებადობა“.

ფაქტია ის, რომ ახლა როცა საქართველოს ევროკავშირის სტრუქტურებში მხარდამჭერები ისე, როგორც არასდროს, გვჭირდება, მმართველ პარტია პარტნიორების გარეშეა დარჩენილი.

სავარაუდოდ, ბრიუსელში როგორ იქნა აღქმული „ქართული ოცნების“ ევროსოციალისტებიდან გამოსვლა?

- თავიდანვე უნდა აღინიშნოს რომ თავის დროზე „ქართული ოცნება“ „ევროპელი სოციალისტების პარტიასთან“ იდეოლოგიური თანხვედრის გამო არ გაერთიანებულა და ეს ნაბიჯი იყო მცდელობა დაებალანსებინათ „ნაცმოძრაობისა“ და მისი პარტნიორი „ევროპის სახალხო პარტიის“ ზეგავლენა ევროპულ სტრუქტურებში საქართველოსთან მიმართებაში.

პარტიას, რომლის დამფუძნებელი მილიარდერია, ბუნებრივია ბევრი არაფერი ჰქონდა საერთო მემარცხენეობასთან და მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა მათ ვერ შეძლეს ეფექტურად საკუთარი და ქვეყნის ინტერესების ლობირება ამ ჯგუფთან.

ქართული ოცნება“ „ევროპელი სოციალისტების პარტიასთანიდეოლოგიური თანხვედრის გამო არ გაერთიანებულა და ეს ნაბიჯი იყო მცდელობა დაებალანსებინათ „ნაცმოძრაობისა“ და მისი პარტნიორი „ევროპის სახალხო პარტიის“ ზეგავლენა ევროპულ სტრუქტურებში საქართველოსთან მიმართებაში

ზოგადად „ქართულ ოცნებას“ ძალიან უჭირს საერთაშორისო ურთიერთობებში, წლების განმავლობაში მათ ვერც ევროპაში და ვერც აშშ-ში შეძლეს მხარდამჭერების შეძენა, რაც ამ პარტიის ინსტიტუციური სისუსტეა.

რაც შეეხება ბრიუსელის რეაქციას ის ერთმნიშვნელოვანი არ არის, თუმცა, იმ ფონზე როდესაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების აზრი საქართველოს სტატუსზე ახლა ყალიბდება და წლის ბოლომდე ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, მმართველი პარტიის ეს ნაბიჯი უფრო თვითდამაზიანებელ, დესტრუქციულ დემარშად გამოიყურება.

იმ ფონზე როდესაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების აზრი საქართველოს სტატუსზე ახლა ყალიბდება და წლის ბოლომდე ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, მმართველი პარტიის ეს ნაბიჯი უფრო თვითდამაზიანებელ, დესტრუქციულ დემარშად გამოიყურება

მინდა ვცდებოდე, მაგრამ ევროპელი სოციალისტების ჯგუფის მიმართ ხელისუფლების მხრიდან გაჟღერებული უსაფუძვლო ხასიათის ბრალდებების ფონზე, თითქოს ეს ჯგუფი დაშორდა კლასიკურ სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიას და გადადიოდა ფსევდოლიბერალურ პლატფორმაზე, საქართველო სავარაუდოდ დაკარგავს ევროპელი სოციალისტების მხარდაჭერას.

მაგალითისთვის, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკლ როთმა ამ განცხადებას აღმაშფოთებელი უწოდა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ არ არის ევროპული ოცნება.

- იმედია, „ქართულ ოცნება“ რაც შეიძლება მალე შეარჩევს პარტნიორებს „პოლიტიკური ლოიალობითა და ღირებულებითი თავსებადობით“, მაგრამ, ახლა ზუსტად ვიცით ის, რომ საქართველოს ევროპის პოლიტიკურ მოედანზე პარტნიორები სჭირდება.

ისიც ცხადად ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ ევროსოციალისტებიდან გამოსვლა ვერანაირად წაადგება საქართველოს საქმეს, ანუ წლის ბოლომდე ქვეყნის მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას.

რა შანსები აქვს „ქართულ ოცნებას“ რაც შეიძლება მოკლე დროში მოძებნოს ევროპაში პოლიტიკური პარტნიორები, რაც ქვეყნის მიერ სტატუსის მიღებას წაადგება? თუ, მხოლოდ იმის იმედად ვიქნებით დარჩენილები, რომ ბრიუსელში ჩვენთან დაკავშირებით გადაწყვეტილება „პოლიტიკური მიზანშეწონილობის“ გამო შეიძლება იქნას მიღებული?

- რაც შეეხება ახალი პარტნიორების მოძებნას, უკანასკნელ წლებში ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლისა და ანტიდასავლური ტენდენციების გაძლიერების ფონზე ნაკლებად მოსალოდნელია ევროპარლამენტში არსებული 7 პოლიტიკური ჯგუფიდან რომელიმე გავლენიან ჯგუფს გაუჩნდეს „ქართული ოცნებასთან“ პარტნიორობის სურვილი.

მითუმეტეს, რომ ბევრი მათგანი უკვე წლებია წარმატებით თანამშრომლობს ქართულ ოპოზიციურ პარტიებთან. თუმცა, ერთადერთ სავარაუდო ვარიანტად რჩება „ოცნების თანამშრომლობა ევროპის პარლამენტში არსებულ პოლიტიკურ ჯგუფთან „იდენტობა და დემოკრატია“, რომელიც ულტრამემარჯვენე, პოპულისტურ და ევროსკეპტიკოს პარტიებს აერთიანებს.

ერთადერთ სავარაუდო ვარიანტად რჩება „ოცნების თანამშრომლობა ევროპის პარლამენტში არსებულ პოლიტიკურ ჯგუფთან „იდენტობა და დემოკრატია“, რომელიც ულტრამემარჯვენე, პოპულისტურ და ევროსკეპტიკოს პარტიებს აერთიანებს

ამ ჯგუფთან პოტენციურმა აფილირებამ კი არა მგონია ხელი შეუწყოს როგორც მმართველი პარტიის შელახული რეპუტაციის ისე ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას ევროპის პარლამენტში.

- მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ, ამ თემაზე მსჯელობა და კამათი არ წყდება.

აშკარად არა დამაჯერებლად გამოიყურება მოსკოვის მტკიცება, რომ პუტინის ეს გადაწყვეტილება ჰუმანიტარული მოსაზრებებით იყო მიღებული.

ასეც რომ იყოს, გაუგებარი ისაა, ახლა რატომ მოისურვა უკრაინაში ომის დამწყებმა, კოლექტიური დასავლეთის მიერ აგრესორად გამოცხადებულმა პრეზიდენტმა პუტინმა ფინანსურად „შეხიდებოდა“ ქართველ ემიგრანტებს, რომლებსაც თურმე. როგორც ხელისუფლება ამტკიცებს, სამშობლოში ჩამოსვლა 2-3 ჯერ მეტი ფული უჯდება.

ამ თემებზე მეტი კონკრეტიკა აშკარად არ ღირს. ამიტომ კითხვას ასე დავსვამ - ბრიუსელში როგორ აღიქვეს საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება?

- ალბათ არ გაგიკვირდებათ რომ ხელისუფლების მიერ გატარებულ „ტრანზაქციულ“ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით გარკვეული შიშები დასავლეთში მანამდეც არსებობდა. სწორედ ამიტომ აფრთხილებდნენ ევროკავშირის წარმომადგენლები ხელისუფლებას რომ თბილისის რუსეთის მიმართ გატარებული საგარეო კურსი შესაბამისობაში ყოფილიყო ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან.

იმ ფონზე, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიის გამო, ევროკავშირმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს რუსეთის ავიაციას და ფრენები არ არის დაშვებული რუსეთიდან, რუსეთში ან მისი ტერიტორიის თავზე ეს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს.

სწორედ ამ ფაქტის გამო, რუსეთის საჰაერო ფლოტის 95%-ს აღარ შეუძლია თავისი თვითმფრინავების განახლება და მოდერნიზება, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესანარჩუნებლად.

აქედან გამომდინარე ბრიუსელისთვის გაუგებარია რომ ქვეყანამ, რომელიც ევროკავშირისკენ მიისწრაფვის და ბევრჯერ გამხდარა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მსხვერპლი ახლა გადაწყვიტა დინების საწინააღმდეგოდ ცურვა და სწორედ ეხლა აპირებს რუსეთთან ფრენების აღდგენას.

ბრიუსელისთვის გაუგებარია რომ ქვეყანამ, რომელიც ევროკავშირისკენ მიისწრაფვის და ბევრჯერ გამხდარა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მსხვერპლი ეხლა გადაწყვიტა დინების საწინააღმდეგოდ ცურვა და სწორედ ახლა აპირებს რუსეთთან ფრენების აღდგენას

სწორედ ამიტომ ამ ეტაპზე ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას არ დაუშვას მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები და შეუერთდეს ევროკავშირის და სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში.

ასევე დიპლომატიურად მიგვანიშნეს, რომ ისინი ყურადღებით დააკვირდებიან სანქციების გვერდის ავლის შესაძლო მცდელობასთან დაკავშირებით ნებისმიერ ფაქტს და ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

ბუნებრივია, რომ სანქციებიდან ნებისმიერი გადახვევა სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს კანდიდატის სტატუსის მიღებას. იმედი მაქვს ხელისუფლებას ესმის ამ საკითხის სერიოზულობა, არ დაუპირისპირდება საერთაშორისო საზოგადოების აზრს და არ გადაკვეთს წითელ ხაზებს.

სანქციებიდან ნებისმიერი გადახვევა სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს კანდიდატის სტატუსის მიღებას. იმედი მაქვს ხელისუფლებას ესმის ამ საკითხის სერიოზულობა, არ დაუპირისპირდება საერთაშორისო საზოგადოების აზრს და არ გადაკვეთს წითელ ხაზებს

- ამერიკელებს მანამდეც ჰქონდათ გაკეთებული განცხადება, რომ „ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავების დრო არაა“, მაგრამ პუტინის მიერ საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით, ვაშინგტონიდან კიდევ ერთხელ გვითხრეს - რომ სანქციებს დაუწესებენ კომპანიებს, ვინც რუსულ თვითმფრინავებს მოემსახურება.

ასეთ ფონზე მმართველი გუნდის ლიდერმა ირაკლი კობახიძე განაცხადა - არავითარი კავშირი ფრენების აღდგენას, სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და სტრატეგიულ პარტნიორობას შორის არაა - ეს რომ ასე იყოს, აშშ- აქამდე ექნებოდა დაწესებული პირდაპირი ფრენები ან გაუმარტივებდა ჩვენს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმს“.

კარგია, რომ ხელისუფლებაც ითხოვს აშშ-საგან ჩვენი მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას, მაგრამ უნდოდა ეს ბატონ ირაკლის თუ არა, მან ამ განცხადებით, ნებსით თუ უნებლიეთ აგრესორი და ოკუპანტი რუსეთი და აშშ-ს ერთნაირად მოიაზრა იმ ქვეყნებს შორის, რომლებშიც ჩვენს მოქალაქეებს უნდათ მოხვედრა.

იმ განცხადებების შემდეგ, რაც რუსეთთან ფრენების შემდეგ ხელისუფლებიდან მოვისმინეთ, სავარაუდოდ, როგორი შეიძლება აღმოჩნდეს ვაშინგტონის რეაქცია და ამ რეაქციის შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის?

- უნდა ითქვას, რომ ხელისუფლების ბოლოდროინდელი სტრატეგია, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებით კონკურენტულ ურთიერთობაში ჩააყენოს დასავლეთის ქვეყნები და აიძულოს ისინი ნაკლები ყურადღება მიაქციონ დემოკრატიულ პროცესებს საქარველოში და მხოლოდ გეოპოლიტიკური ფაქტორებზე დამყარებული გადაწყვეტილებებით იხელმძღვანელონ საქართველოსთან მიმართებაში, საკმაოდ სახიფათოა.

გეოპოლიტიკური შანტაჟის ენა, რომელიც ხელისუფლებამ შეარჩია ზოგადად დასავლეთთან და განსაკუთრებით შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში, არ იმუშავებს. უახლოეს წარსულში მსგავსი მცდელობები ჰქონდათ სხვადასხვა ავტორიტარულ სახელმწიფოებს,მაგრამ ყველას გვახსოვს როგორ დამთავრდა ეს ამბები.

ბოლოდროინდელი სტრატეგია, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებით კონკურენტულ ურთიერთობაში ჩააყენოს დასავლეთის ქვეყნები და აიძულოს ისინი ნაკლები ყურადღება მიაქციონ დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში და მხოლოდ გეოპოლიტიკური ფაქტორებზე დამყარებული გადაწყვეტილებებით იხელმძღვანელონ საქართველოსთან მიმართებაში, საკმაოდ სახიფათოა

შორს რომ არ წავიდეთ გადავხედოთ ჩვენი მეზობელი თურქეთის მაგალითს, რომელსაც საქართველოსგან განსხვავებული წონა აქვს საერთაშორისო პოლიტიკაში და მსგავსი რიტორიკით საკმაოდ დააზიანა საკუთარი ინტერესები.

იმ შემთხვევაში, თუ ფრენებთან დაკავშირებით სანქციების დარღვევა დაფიქსირდება, ევროკავშირისგან განსხვავებით ამერიკის გადაწყვეტილება შესაძლოა უფრო სწრაფი და ხისტი იყოს, რაც სერიოზულად შეარყევს ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს.

რაც შეეხება რუსეთისა და აშშ-ს ერთ კონტექსტში შეფასებას და სავიზო რეჟიმის საკითხს, აჯობებდა ხელისუფლებას პირველ რიგში იმისთვის ეზრუნა რომ ხალხს ადგილზე შეუქმნას შესაბამისი სოციალ ეკონომიკური პირობები რომ მათ არ სჭირდებოდეთ საკუთარი ოჯახების მიტოვება და ქვეყნის დატოვება.

ეს ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობა რომელსაც ის წარმატებით ვერ ასრულებს.

- ახლა როცა, საქართველო ევროპის ზღურბლზე დგას, ქართული საშინაო და საგარეო პოლიტიკის მთავარი თემაა, მიიღებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ყველაზე აქტუალური საკითხია საქართველო შესრულებს თუ არა ევროპულ რეკომენდაციებს.

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ლამის ზედმიწევნით ასრულებს მათ. არადა, ვნახეთ, რომ ცესკოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.

გასაგებია, რომ ახლა მმართველ გუნდი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილით უკმაყოფილოა, მაგრამ, ეს არანაირად არ ცვლის იმ მოცემულობას, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დაკომპლექტებული ცესკოს მიმართ ნდობა მაღალია.

გასაგებია, რომ ოპოზიცია ისეთი ძლიერი არაა, რომ შეძლოს არჩევნებში ხელისუფლების დამარცხება. დღეს ასეა, მაგრამ, ხვალ რა იქნება, არავინ იცის. ის კი ვიცით, რომ ცესკომ, რომელმაც უნდა ჩაატაროს 2024 წლის არჩევნები ნდობის მაღალი მანდატი უნდა ჰქონდეს.

ბრიუსელიდან როგორ ჩანს ხელისუფლების მიერ 12 ევროპული რეკომენდაციების მიმდინარეობის შესრულება? სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ისეთი ცესკო-ს დაკომპლექტება, რომლის მიმართ ნდობა მაღალი ვერანაირად ვერ იქნება?

- რა თქმა უნდა, ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში ევროკავშირის სტრუქტურები დიდ ყურადღებას უთმობენ 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს. ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მომავალი საპარლამენტო არჩევნების ფონზე ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოს.

გამომდინარე იქიდან რომ არსებობს სხვადასხვა სცენარები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი იქნება რომ სარჩევნო პროცესი იყოს ინკლუზიური.

ბუნებრივია, რომ ცესკოს დაკომპლექტება და საზოგადოების მხრიდან მისი მაღალი ნდობის გარეშე ეს ვერ მოხერხდება. ახლა ასე ჩანს რომ ხელისუფლება ცდილობს ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების მინიმალური ჩართულობის ფონზე საკუთარ ინტერესებს მოარგოს ცესკოს ფორმირებას რაც აზიანებს დემოკრატიულ პროცესს, ხელს არ უწყობს კონსენსუსზე ორიენტირებული გადაწყვეტილების მიღებას.

ახლა ასე ჩანს რომ ხელისუფლება ცდილობს ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების მინიმალური ჩართულობის ფონზე საკუთარ ინტერესებს მოარგოს ცესკოს ფორმირებას რაც აზიანებს დემოკრატიულ პროცესს, ხელს არ უწყობს კონსენსუსზე ორიენტირებული გადაწყვეტილების მიღებას

მითუმეტეს ეს ხდება იმ ფონზე როდესაც ამ 12 პუნქტიდან მინიმუმ 2, დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია, როგორც ჩანს შეუსრულებელი დაგვრჩება.

როგორც სამოქალაქო ორგანიზაციების ბოლო კვლევები ადასტურებს ზოგიერთ სხვა რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებითაც არ არსებობს ერთიანი ჩამოყალიბებული პოზიცია.

ამიტომაც მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ უარი თქვას ხელების გადაგრეხის პოლიტიკაზე და წლის ბოლომდე პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების მაღალი ჩართულობით ჩამოაყალიბოს მაღალი ნდობის მქონე ცესკო, რომლის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არ დადგება არც ქვეყნის შიგნით და არც მის ფარგლებს გარეთ.

მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ უარი თქვას ხელების გადაგრეხის პოლიტიკაზე და წლის ბოლომდე პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების მაღალი ჩართულობით ჩამოაყალიბოს მაღალი ნდობის მქონე ცესკო, რომლის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არ დადგება არც ქვეყნის შიგნით და არც მის ფარგლებს გარეთ

- რადგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და ცესკო-ს დაკომპლექტების „ქართული ოცნებისეული“ ვარიანტი ვახსენეთ, ამ პროცესისადმი ამერიკელი სენატორების აქტივობაც უნდა გავიხსენოთ.

ამერიკელმა სენატორებმა ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, 2024 წლის არჩევნებისთვის, საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნა სთხოვეს.

რაც იმას ნიშნავს, რომ 2024 წლის არჩევნების მიმართ ამერიკელების ინტერესი საკმაოდ მაღალი იქნება.

გაქვთ განცდა, რომ საარჩევნო პროცესში ამერიკელების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობა მნიშვნელოვანი კორექტივების შეტანას შეძლებს საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად?

- როგორც უკვე აღვნიშნე ,მომავალი საპარლამენტო არჩევნების მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ინტერესი საკმაოდ მაღალია. გარდა იმისა, რომ ხელისუფლება ერთპარტიული მმართველობის პირობებში ცდილობს საქართველოს ისტორიისთვის უპრეცედენტოდ მეოთხედ, დარჩეს ხელისუფლებაში, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა გეოპოლიტიკური კონტექსტიც.

ყოველივე ეს ბოლო დროს ჩატარებულ არადამაჯერებელ არჩევნებთან და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული მოლოდინები მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენი პარტნიორების მხრიდან არსებულ ინტერესებს.

ამ პროცესში მნიშვნელოვანია გრძელვადიანი საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნა საქართველოში და არა მხოლოდ შეერთებული შტატების მხრიდან. დარწმუნებული ვარ, დამკვირვებლების ყოფნა ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობას და მისი შედეგებისადმი ნდობის ამაღლებას, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით სტაბილურობის მისაღწევად არამედ ქვეყნის ევროატლანტიკური მიზნების უზრუნველსაყოფად.

ასე რომ დაველოდოთ რამდენად მოახერხებს ხელისუფლება სიმწიფის ტესტის ჩაბარებას და სამართლიანი და გამჭვირვალე წინასაარჩევნო გარემოს შექმნით ყველას დაუმტკიცოს რომ ის ჯერ კიდევ ეთანხმება დემოკრატიის საბაზისო პრინციპებს და პატივს სცემს ქართველი ამომრჩევლის ნებას

თუმცა, არსებული კონტექსტის პირობებში არ ვარ დარწმუნებული რომ ხელისუფლება ამ შემოთავაზებას სიხარულით მიიღებს, რადგან ნებისმიერ ასეთ შემოთავაზებას რეჟიმის ცვლილების მცდელობად განიხილავს. არადა, ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც 2012 წელს სწორედ ასეთი დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შემდეგ მოვიდა ხელისუფლებაში.

ასე რომ დაველოდოთ რამდენად მოახერხებს ხელისუფლება სიმწიფის ტესტის ჩაბარებას და სამართლიანი და გამჭვირვალე წინასაარჩევნო გარემოს შექმნით ყველას დაუმტკიცოს რომ ის ჯერ კიდევ ეთანხმება დემოკრატიის საბაზისო პრინციპებს და პატივს სცემს ქართველი ამომრჩევლის ნებას.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა