ბათუმში, ევროპის სოფლად ტურიზმის გენერალური ასამბლეა და სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, სადაც საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე სიტყვით გამოვიდა და აგროტურიზმში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ისაუბრა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფერმერთა ასოციაცია ავრცელებს.
როგორც ნინო ზამბახიძე განაცხადა, აგროტურიზმის განვითარება პირველადი წარმოების განსავითარებლად უმნიშვნელოვანესია.
„ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია გაიმართა. მსგავსი კონფერენციები ხელს უწყობს აგროტურიზმის განვითარებას და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობას გვაძლევს. უნდა აღვნიშნო, რომ ფერმერების და გამორჩეულად ქალი ფერმერების უმეტესობა, აგროტურისტულ ობიექტებს ფლობს. აგროტურიზმის განვითარება უმნიშვნელოვანესია პირველადი წარმოების განსავითარებლად, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს სასურსათო უსაფრთხოებას. რა თქმა უნდა არის გამოწვევები, მაგრამ ჩვენ ვხედავთ სტუმართ-მასპინძლობის სფეროში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მზარდ ტენდენციებს. სწორედ, მათ ხელშესაწყობად შევქმენით პლატფორმა agrogate.world, რომელიც უკვე 150 აგროტურისტულ ობიექტს აერთიანებს“, - აღნიშნა ნინო ზამბახიძემ.
ევროპის სოფლის ტურიზმის გენერალური ასამბლეა ბათუმში წელს პირველად ჩატარდა, სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას კი აჭარა მეოთხედ მასპინძლობს. ღონისძიების ორგანიზატორი აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტია.
კონფერენციაში მონაწილეობას ტურიზმის სფეროს ექსპერტები და წარმომადგენლები ნორვეგიიდან, საბერძნეთიდან, კვიპროსიდან, ფინეთიდან, ლიეტუვადან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, ესპანეთიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან იღებენ. ჯამში, ევროპის გენერალურ ასამბლეასა და კონფერენციას საოჯახო სასტუმრო სახლების, ტურისტული სააგენტოების, სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების 150-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება.