ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2023

გია ხუხაშვილი - “ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი სახიფათო ეტაპი დგას...”

ევროკავშირი, შესაძლოა, გადაწყვეტილებების კვალიფიციური უმრავლესობით მიღებაზე გადავიდეს - რა შანსს აძლევს ეს საქართველოს

კახა გოგოლაშვილი - “არ არსებობს საქართველოს სუვერენიტეტი ევროპული ინტეგრაციის გარეშე”

რა გეგმა აქვს კრემლს ავიამიმოსვლის აღდგენისა და ვიზების გაუქმების შემდეგ - რუსეთში აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე ალაპარაკდნენ

ვახტანგ მაისაია - “რატომ გააქტიურდა საქართველოში “ისლამური სახალიფო?!”

* * *

გია ხუხაშვილი - “ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი სახიფათო ეტაპი დგას...”

“ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი სახიფათო ეტაპი დგას. პუტინმა მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება - ჩანს, შეექმნა განცდა, რომ საქართველოში უკვე საკმარისად არის საფუძველი მომზადებული ახალ ეტაპზე გადასასვლელად. ჩვენი ქვეყნის, მისი გაგებით, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის რუსეთთან რეინტეგრაციის გზაზე. დაიწყო ამ მიმართულებით პროცესების ფორსირება - პირველი ნაბიჯები შეეხო სავიზო რეჟიმსა და კომუნიკაციების ინტენსივობის გაზრდას. ეს დასაწყისია, თუმცა რბილი ძალით რუსეთი აქამდეც მოქმედებდა. დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ახდენს რუსეთის მიმართ ლოიალურობის დემონსტრირებას, შედეგად, რუსეთს მაქსიმალური კომფორტი აქვს შექმნილი, რათა საქართველოში საკუთარ ავ ზრახვებს შეასხას ხორცი”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი სახიფათო ეტაპი დგას...”.

“ამის გამაძლიერებელი ფაქტორია ისიც, რომ კრემლს ახლა ძალიან უჭირს უკრაინაში, ფაქტობრივად, იქ წაგებული ომის ფონზე პუტინისთვის უმნიშვნელოვანესია წარმატებული მაგალითები წარმოადგინოს, აჩვენოს, ესა თუ ის ქვეყანა საბჭოეთში დაბრუნებისკენ როგორ მიისწრაფვის. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებმა პუტინს ეს ილუზია შეუქმნა. უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც იმპერიის მიმართ ლოიალური ხდები, თანაც გლობალური დაპირისპირების დროს, მას მადლიერების განცდა კი არ უჩნდება და კარგად მოქცევას კი არ ცდილობს, არამედ ამას სისუსტედ გითვლის და შენგან უფრო მეტს ითხოვს, ცდილობს დააჩქაროს შენზე გაბატონება. პუტინის ამ გადაწყვეტილებით ზუსტად ეს მოცემულობა მივიღეთ. ეს ნაბიჯები ცალმხრივად გადაიდგა და ამაში პირდაპირ საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება არ შეგვიძლია, მაგრამ ის დამნაშავეა იმაში, რომ პუტინს ეს ილუზია შეუქმნა. სწორედ მისმა პოლიტიკამ გააჩინა კრემლში განცდა, რომ ამ ეტაპზე საქართველო მათთვის იოლი ლუკმაა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ამ დამღუპველ პროცესს ჰქონდა პირველი ფაზაც, ეს არის რბილი ძალით ექსპანსია. ვნახეთ დემოგრაფიული ექსპანსია - დაახლოებით 150 000 რუსეთის მოქალაქე ჩამოსახლდა საქართველოში. მარტო მათ ლეგალურ ანგარიშებზე მილიარდ დოლარზე მეტია. ეს ფული პირდაპირ საქართველოს ეკონომიკურ ექსპანსიას ხმარდება, ანუ საქართველოს ინტეგრაციას რუსულ ეკონომიკაში. ესაა რაც ლეგალურად ხდება, არალეგალურად კი რა პროცესი მიდის რომ წარმოვიდგინოთ, ეს მონაცემი დაახლოებით ხუთზე უნდა გავამრავლოთ. ამასთანავე, წლებია საინფორმაციო იერიში მიდის, ანუ პოლიტიკურ-პროპაგანდისტული გავლენების ზრდა. პირდაპირ უნდა ვთქვათ, დღეს პრორუსული პროპაგანდის შესაძლებლობები ბევრად დიდია, ვიდრე პროდასავლურის. ერთგვარი მატრიცაა შექმნილი РТР-ისა და ОРТ-ს პლატფორმაზე, ხდება სპეკულაციური თემების, ომის საფრთხის, დასავლეთის დემონიზების და ა.შ. პედალირება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ჩვენ ახლა, ფაქტობრივად, ისევ საბჭოთა კავშირში რეინტეგრაციის საფრთხის წინაშე ვართ. ზედაპირულად ეს თითქოს არ ჩანს, რადგან ხელისუფლება ვერბალურად კვლავ გვიმტკიცებს, რომ საქართველოს გზა ევროპისკენ მიდის, მაგრამ ეკონომიკურ-საინფორმაციო-კულტურული თვალსაზრისით თანდათანობით ერთიან რუსულ სივრცეში ვექცევით. სამწუხაროდ, ასეთია მოცემულობა. ვფიქრობ, პუტინმა მარტის მოვლენების შემდეგ ერთგვარი საფრთხეც დაინახა, რომ შეიძლება ეს პროცესი შეჩერდეს და დაიწყოს მოვლენების სწრაფად ფორსირება, სურს ბევრი რამ მოასწროს, სანამ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მზად არის მისი ნებისმიერი კაპრიზი შეასრულოს. შიშით, სიბრიყვით, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ამის ძიებას აზრიც აღარ აქვს. რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი აგრესორს შიშის და სიმხდალის გამო დაუწვება თუ იმის გამო, რომ მასთან გარიგებაშია”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ევროპა, ევროკავშირი არის ქვეყნების გაერთიანება რაღაც ფასეულობათა სისტემის გარშემო. ეს არ არის მექანიკური ერთობა. ჩვენი ხელისუფლება ამბობს, რომ ეს ფასეულობები არ აინტერესებს, მისთვის უფრო მნიშვნელოვანია მამაპაპურ სუფრაზე მოსამართლეების ქეიფი, ამბავი და გაგება.... ევროპელ პარტნიორებს ეუბნებიან, აი, ეს არის ჩემი სამართალი, მოგწონვარ, მიმიღე ასეთი, არ მოგწონვარ და, კარგად იყავიო. ასეთი მოსაზრებებით რომც მიგიღონ, მაინც უცხო სხეულად დარჩები. ჩვენთვის ხომ ევროპაში მთავარი გეოგრაფია არ არის. ჩვენთვის მთავარია იმ სამყაროს მთავარი ფასეულობები - სამართლიანობა და უსაფრთხოება. ჩვენი ხელისუფლება კი ამბობს, რომ მე რუსული მოდელით ვმართავ ქვეყანას, მაგრამ თან ერთი ადგილის ევროპაში გათბობაც მინდაო. მშვენივრად იციან ევროპული სიკეთეების გემო, საბანკო ანგარიშები იქ აქვთ, შვილებსაც იქ ასწავლიან, მაგრამ ოღონდ კი ძალაუფლება შეინარჩუნონ, ყველაფერზე წავლენ. ამის მთავარ იმედად სწორედ რუსული მოდელით ქვეყნის მართვა მიაჩნიათ. სიტყვასიტყვით იმეორებენ რუსული პროპაგანდის მესიჯებს. ახლა მთავარ აქტორად ისევ ხალხი უნდა იქცეს. როგორც მარტში მოახერხა საზოგადოებამ ამ მიმართულებით სვლის შეჩერება, უკან დაახევინა ხელისუფლებას და კრემლსაც დაანახა თავისი ნება, ახლაც იგივე უნდა ქნას”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.

“მარტში თუ იყო გზავნილი, რომ ჩვენი სახლია ევროპა, მაისის მთავარი გზავნილი უნდა იყოს “არა რუსეთს!” - და ისე ხმამაღლა უნდა ვთქვათ, რომ გაიგონონ კრემლშიც და დაემსხვრეთ ილუზია, რომ ადვილად ჩაგვახრამუნებენ. ეს იქნება ჩვენი ხელისუფლებისადმი გზავნილიც. გვჭირდება ერთი დიდი მანიფესტაცია, მით უფრო 26 მაისი მოდის. ამ ერთი გზავნილის გარდა არ უნდა იყოს არანაირი პოლიტიკური განცხადება, არც ვინმეს გადადგომის მოთხოვნა. შიდაპოლიტიკური განზომილება ამას საერთოდ არ უნდა მიეცეს. საზოგადოების იმით შეშინება, რომ რუსეთი გაბრაზდება და მეორე ფრონტს გახსნის, აბსურდია, ამის თავი რუსეთს ახლა არა აქვს. დღეს სწორედ ამით აშინებს ხელისუფლება საზოგადოებას და “აპრავებს” თავის კოლაბორაციონისტულ ქმედებებს. ეს სპეკულაციაა და სხვა არაფერი. ომი არ გვინდა და არც საბჭოთა კავშირში დაბრუნება უნდა ვინმეს! ეს უნდა ითქვას ხმამაღლა, ისე, რომ შევაზანზაროთ კრემლიც და საქართველოს ხელისუფლებაში ჩაბუდებული რუსული აგენტურაც, მე ამ აგენტურაში მთელ ხელისუფლებას არ ვგულისხმობ. მე ვლაპარაკობ იმათზე, ვინც მიზანმიმართულად მოქმედებს. ხელისუფლებაში გაბრიყვებულიც ბევრია... მოსკოვს ეს გეგმები უნდა ჩავუშალოთ, ახლა ყველაფერი საზოგადოებაზეა”, - ამბობს რესპონდენტი.

“საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ პირებთან ბევრი კითხვა და პრეტენზიაა, მაგრამ კატეგორიულად ვეწინააღმდეგები იმ მოსაზრებას, რომ ამის გამო ქვეყანამ არ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის სტატუსი, აუცილებლად უნდა მივიღოთ. მიმაჩნია, რომ სააკაშვილის ფაქტორი მოიხსნას ქართული პოლიტიკიდან. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება! ეს უნდა ვთქვათ. ვუსურვოთ მას ჯანმრთელობა და დავასრულოთ მისი პოლიტიკის ნაწილად ქცევ. დღეს გვაქვს უზარმაზარი, გრძელვადიანი პრობლემები, იმპერია ლამის ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას იწყებს და დღედაღამ ისევ სააკაშვილის ტემპერატურისა და წნევის გაზომვით უნდა დავკავდეთ? ამას ექიმებმა უნდა მიხედონ. ვფიქრობ, თვითონაც უნდა ეცადოს სააკაშვილი, რომ შეეგუოს შექმნილ ვითარებას და იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე. კი ბატონო, იმსჯელონ სტრასბურგში, იურისტებმა იბრძოლონ მისი გათავისუფლებისა თუ ქვეყნიდან გაყვანისთვის, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში აღარ შეიძლება სააკაშვილი იყოს მთავარ თემად. დღეს ქართველ საზოგადოებას ბევრად დიდი პრობლემები აქვს, ვიდრე სააკაშვილია”, - დასძენს ექსპერტი და შეკითხვაზე - “ნიკა მელიამ “ნაციონალური მოძრაობის” ჩრდილოვან მმართველებს შორის პირველად დაასახელა ზურაბ ადეიშვილი..” - პასუხობს:

“ნაციონალურ მოძრაობაში” პოლიტიკური კრიზისია, რომლიდანაც პოზიტიური გამოსავალი უკვე აღარ არსებობს. ის, ფაქტობრივად, უკვე ორად არის გაყოფილი. პარტიას არ წარმოადგენენ მხოლოდ ლიდერები, მას ასევე წარმოადგენენ მხარდამჭერები, ელექტორატი, რომელიც ასევე ორ ნაწილად გაიყო. მათი გაერთიანება უკვე შეუძლებელია. ახლა მთავარია ეს დროულად გაფორმდეს და ორი პოლიტიკური ჯგუფი ჩამოყალიბდეს. ეს, ჩემი აზრით, პოზიტიური პროცესია. რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” მენეჯმენტს, სასწაული ხდება, ფაქტობრივად, ანგრევენ ყველაფერს. ოპოზიციის მთავარი საპროტესტო გზავნილი რა არის? ის, რომ ქვეყანა არაფორმალურად იმართება. დიდი ბოდიში და, თავის პარტიაში იგივე რატომ დაამკვიდრეს? რა მორალური უფლება აქვს “ნაციონალურ მოძრაობას” ილაპარაკოს ქვეყანაში ჩრდილოვან მმართველობაზე, როდესაც მათ პარტიაში იგივე ხდება? ღმერთმა არ ქნას და, ეგენი ხელისუფლებაში მოვიდნენ. რა გამოდის, ივანიშვილი ჩანაცვლდება კეზერაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილით? მელია ამ აბსურდზე აპელირებს და სწორადაც იქცევა...”

ევროკავშირი, შესაძლოა, გადაწყვეტილებების კვალიფიციური უმრავლესობით მიღებაზე გადავიდეს - რა შანსს აძლევს ეს საქართველოს

“ევროკავშირმა, შესაძლოა, გადაწყვეტილების მიღების წესი შეცვალოს და ეს პირველ რიგში შეეხება გაფართოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებს. უფრო კონკრეტულად კი, თუკი დღეს გადაწყვეტილება მხოლოდ ერთსულოვნების პრინციპით მიიღება და ერთი ცალკე სახელმწიფოს უარიც კი გადაწყვეტილების მიღებას შეუძლებელს ხდის, ახალი წესით გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იქნება მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობის თანხმობა. ამ შესაძლო ცვლილებებს ანალიტიკოსები ერთმნიშვნელოვნად დადებითად აფასებენ, მათი თქმით, ეს მნიშვნელოვნად გაამარტივებს სხვადასხვა საკითხზე და მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებას. თუმცა, მეორე საკითხია, რამადენად სწრაფად მოხდება ამ წესზე გადასვლა. ამ ცვლილების მთავარი ინიციატორი გერმანიაა. შესაბამისი განცხადება კანცლერმა ოლაფ შოლცმა 9 მაისს ევროპარლამენტში გამოსვლილსას გააკეთა. მისი თქმით, ევროკავშირში უკვე მომწიფდა ინსტიტუციონალური რეფორმები და აშკარაა იმის აუცილებლობა, რომ ერვოკავშირის საბჭოში გადაწყვეტილებების მიღება უნდა ხდებოდეს კვალიფიციური უმრავლესობით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ევროკავშირი, შესაძლოა, გადაწყვეტილებების კვალიფიციური უმრავლესობით მიღებაზე გადავიდეს - რა შანსს აძლევს ეს საქართველოს.

“აღსანიშნავია, რომ ამ მოსაზრებას მოსკოვში მკვეთრად უარყოფითად შეხვდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ეს “ლიბელარულ ტოტალიტარიზმსაც” კი შეადარეს. დასავლეთის ანალიტიკური წრეებშიც ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაეფექტური გახდა. მიზეზი კი სწორედ ისაა, რომ ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად გაერთიანების 27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო, ეს კი ყოველთვის ვერ ხერხდება. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება. ევროკავშირის სანქციების მორიგი, რიგით მე-11 პაკეტი ჯერაც არ არის შეთანხმებული იმის გამო, რომ უნგრეთი მათი ამ ფორმით მიღების წინააღმდეგია. თუმცა, გაერთიანების წევრი დანარჩენი სახელმწიფოები თანახმა არიან. ამას გარდა, ანალიტიკოსების მიუთითებენ, რომ გადაწყვეტილების კვალიფიციური უმრავლესობით დანერგვა გარკვეული თვალსაზრისით წაახალისებს და ახალ სტიმულს მისცემს ევროკავშირის გაფართოების პროცესს. მათი შეფასებით, ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან კონკრეტული ქვეყნები ევროკავშირში ახალი წევრების მიღებას, სწორედ ისაა, რომ ამ ახალ წევრებს მომავალში ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების დაბლოკვა შეეძლებათ. კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღებაზე გადასვლა კი ამ პრობლემასაც ხსნის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თსუ-ს პროფესორი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, კორნელი კაკაჩია “რეზონანსს” კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების დადებით ეფექტზე ესაუბრა. მისი თქმით, ეს ზრდის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შანსებს. “მე მგონი ამის გაკეთება აუცილებელიც კია იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი პრინციპის გამოყენების გამო ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა არაეფექტური გახდა. ის სახელმწიფოები, განსაკუთრებით უნგრეთი და ევროპის სხვა ქვეყნები, რომლებსაც უნდათ რომ ვეტო დაადონ სხვადასხვა საკითხებს, ამით სარგებლობენ ხოლმე და ხშირად ეს ხელს უშლის საერთო გადაწყვეტილებების მიღებას. იმისათვის, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა გახდეს უფრო ეფექტური, ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. თუკი გადაწყვეტილების მიღება მოხდება კვალიფიციური უმრავლესობით, მაშინ არცერთ სახელმწიფოს აღარ ექნება ვეტოს უფლება”, ამბობს კაკაჩია, რომლის აზრით, “ამას შეიძლება გავლენა ჰქონდეს ევროკავშირის გაფართოების პროცესზეც, რაც საქართველოსაც ეხება”. - განაგრძობს გამოცემა.

“ამის შემდეგ არ ექნება არცერთ სახელმწიფოს არ ექნება საშუალება, რომ, ვთქათ, კონკრეტულად თუნდაც უნგრეთს უკრაინის მიმართ ან სხვა სახელმწიფოების მიმართ, დააბრკოლოს მათი ევროკავშირში მიღების პროცესი”, - თვლის კორნელი კაკაჩია. ფონდი “ღია საზოგადოება - საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ამ ცვლილების სწრაფად განხორციელება შეუძლებელია. “მოკლე ვადებში ამის გაკეთება არ არის რეალისტური. რთულია 27-ვე სახელმწიფო დათანხმდეს და ისეთი ფორმულა შეიქმნას, რომელითაც ყველა კმაყოფილი იქნება. გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლებელია, ოღონდ ამას დაჭირდება არსებულ ხელშეკრულებაში ცვლილება, ლისაბონის ხელშეკრულების რეფორმა... მთავარია, რომ ყველა სახელმწიფო დათანხმდეს, რომ ეს შეიცვალოს და გადავიდეს კვალიფიციურ უმრავლესობაში”, განმარტავს ჩხიკვაძე, რომლის მტკიცებით, “ჩვენს მიმართ დამოკიდებულება კი შეიცვლება ერთ შემთხვევაში - როცა ხელისუფლება გაატარებს პროევროპულ პოლიტიკას”, - დასძენს გამოცემა.

კახა გოგოლაშვილი - “არ არსებობს საქართველოს სუვერენიტეტი ევროპული ინტეგრაციის გარეშე”

“აშკარაა, რომ პუტინის გადაწყვეტილება მისთვის არის მნიშვნელოვანი, ხოლო რაც მისთვის არის კარგი, ჩვენთვის ცუდი და დამაზიანებელია. ეს კარგს არაფერს მოგვიტანს. ამბობენ, ეს ეკონომიკურად მომგებიანიაო, მაგრამ არის საკითხები, რომელთაც ასე მარტივი არგუმენტებით ვერ შეაფასებ. წარმოიდგინეთ, ომია, რუსეთი და ევროპა ომობენ. მართალია, ევროპის ჯარისკაცები არ იბრძვიან, მაგრამ მთელი რესურსები იქით აქვთ მიმართული, რომ უკრაინამ რუსეთი დაამარცხოს. თითქოს ჩვენ ევროპის მხარეს ვართ, მაგრამ გამოდის, რუსეთის საქმეს ვაკეთებთ, ვეხმარებით დაწესებული შეზღუდვების გადალახვაში და რუსეთს მეგობრულ ხელს ვუწვდით. ეს ეკონომიკურად იმდენად აუცილებელი რომ იყოს, ჩვენი გადარჩენა მხოლოდ ამაზე იყოს დამოკიდებული, შესაძლოა მაშინ ეს გაეგოთ, მაგრამ იმის თქმა, ეს ეკონომიკურად მომგებიანიაო და ა.შ., ამით პრაქტიკულად ეხმარები მოძლიერებაში. ყაზახეთი და სომხეთი არ აპირებენ ევროკავშირში შესვლას, ჩვენ კი ვითხოვთ, მიგვიღეთო, და ცხადია, ეს ერთმანეთთან ძალიან შეუსაბამოა. საბოლოოდ ისე გამოვა, რომ ეს არც ეკონომიკურად იქნება მომგებიანი, არც პოლიტიკურად და შეაფერხებს ჩვენს ევროინტეგრაციას. ჩვენ წაგებული დავრჩებით, ამით მხოლოდ რუსეთი მოიგებს”, - აცხადებს ექსპერტი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “არ არსებობს საქართველოს სუვერენიტეტი ევროპული ინტეგრაციის გარეშე”.

“ამის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი იქნება: საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ითხოვს ევროკავშირში გაწევრებას და ამავე დროს რუსეთთან აღრმავებს თანამშრომლობასო. ფრენები ჩვენ რომ არ გაგვეუქმებინა, შეიძლებოდა ასეთი მძაფრი რეაქცია არ მოჰყოლოდა. მნიშვნელოვანი ის არის, რომ არ იყო და ახლა ვაწესებთ. ეს არის არსებითი. ამით ჩვენ რუსეთთან ურთიერთობას ვაუმჯობესებთ. სანქციებს რომ არ უერთდები, შესაძლოა ეს გაიგონ, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობას რომ იუმჯობესებ, აღრმავებ თანამშრომლობას, მეტ ტურისტს იწვევ, ნახევარი მილიონი არ მყოფნის და მინდა მილიონი ჩამოვიდესო, ასეთი ქმედებები ომის პერიოდში ხომ მტრობად აღიქმება? ამაშია პრობლემა. ეს ერთი და მეორე - რუსეთზე ხდები დამოკიდებული. როგორც ღარიბაშვილმა თქვა, ჩვენ დასახული გვაქვს სუვერენული სახელმწიფო ვიყოთო. რა სუვერენული უნდა იყო, ხვალვე რომ მოუნდეს მოსკოვს, იმ წუთშივე დაგიპყრობს, ევროპა და ამერიკა რომ არ იყოს. იმით, რომ მოსკოვს კოჭს უგორებ და ამით დისტანცირდები ამერიკისა და ევროპისგან, რომლებზეც მართლაც დამოკიდებულია შენი სუვერენიტეტი, შეიძლება არგუმენტად იყოს წარმოდგენილი? არ არსებობს საქართველოს სუვერენიტეტი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარეშე. 2008 წელს ამერიკამ და ევროპამ გადაგვარჩინეს, თორემ რუსეთი გვიპყრობდა. ახლა ჩვენი ხელით ვჭრით იმ ტოტს, რომელზეც ვსხედვართ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.

“ჩვენს მომავალს ასე ხედავენ - ვიყოთ მათხოვრები, ჩამორჩენილი, იმის ნაცვლად, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრები, შევიდეთ ნატოში, მივიღოთ მილიარდობით დახმარება, ავაშენოთ ისეთი ინფრასტრუქტურა, როგორიც ევროპაშია, გვქონდეს ისეთივე განათლება და ცხოვრების დონე. იმის მაგივრად, იფიქრო, ჩვენი ეკონომიკა ისევე განვითარდეს, როგორიც ევროპის ქვეყნებშია, გეგმავ, რომ შენი გლეხები გაუშვა რუსეთში სამუდამოდ და დარჩე გაჭირვებული. თავის დროზე ფოიერბახმა დაწერა “მათხოვრის ფილოსოფია” და რასაც ახლა აკეთებენ, სწორედ მათხოვრის ფილოსოფიაა. როგორ გვინდა ასეთი ფილოსოფიით სუვერენული და ძლიერი სახელმწიფო ავაშენოთ? რუსეთი, რომელიც თან აგრესორია, არის გაჭირვებული, არა აქვს გზები, ინფრასტრუქტურა, მის ხალხს უნიტაზებიც კი არ უნახავს და მისკენ გაქვს მაინც ხელი გაწვდილი, რომ რამე მიიღო, ასეთი სახელმწიფოს იმედი გაქვს? ეს დანაშაულია ჩვენი საზოგადოების წინაშე. ეს არის სწორედ არასუვერენულობის მაჩვენებელი, რომ შენთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს კი არა, აგრესორი რუსეთის სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებ. როგორც ჩანს, რუსეთმა აიძულა”, - მიიჩნევს რესპონდენტი

“რა ბერკეტები და რა მეთოდები გამოიყენეს, არ ვიცი. მაგრამ ვფიქრობ, ძალიან ბევრი კერძო და პირადი ფაქტორია ამაში ჩართული. თუ ევროკავშირში ყოფნა გინდა და უკრაინაში ომის პერიოდში ევროკავშირისთვის საზიანო გადაწყვეტილებას იღებ, ფრენებს აღადგენ რუსეთთან, ამან რა მოგება უნდა მოგიტანოს, რომ დანაკარგი გადაწონოს? ამის გათვლა ხომ ძალიან მარტივია? ამიტომაც ვფიქრობ, რომ იძულებით მიღებული გადაწყვეტილება ჩანს... ერთი-ორი წლის შემდეგ ჩვენ ევროკავშირში მაინც გავწევრდებით, ევროკავშირის გაფართოების პაკეტში უკვე ვართ. ჩვენი გრძელვადიანი მიზანი ევროკავშირში გაწევრებაა. რაც მთავარია, ევროკავშირმა უკვე თქვა, კი ბატონო, მიგიღებთ, მაგრამ დავალებები უნდა შეასრულოთო. მოსახლეობას უნდა გავაგებინოთ, რომ კანდიდატის სტატუსი თუ არ მოგვცეს, სწორედ ასეთი სისულელეების გამო არ გვაძლევენ. ეს ხელისუფლება ან არ არის დაინტერესებული, ან არ არის სუვერენული თავის გადაწყვეტილებებში. არ არის შორსმჭვრეტელი და მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაზე ფიქრობს”, - ამბობს ექსპერტი.

“ევროსკეპტიციზმი მაშინ უნდა გაუჩნდეთ, ევროკავშირი ისეთი პრიმიტიული საზოგადოება რომ იყოს, რომელიც, დავალებას შეასრულებ თუ არა, მაინც მოგცემს სტატუსს, მაინც დაიწყებს შენთან მოლაპარაკებებს, მაინც გაწევრდები. თუ ასეა, მაშინ ასეთ კავშირში რა გვინდა? ეს იგივეა, სტუდენტმა გამოცდებზე ორიანები რომ მიიღოს და მაინც დატოვონ უნივერსიტეტში. რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს ამ უნივერსიტეტისგან, რას ასწავლიან და რა სპეციალისტი გამოვა?- ანუ რატომ უნდა მიხაროდეს ისეთ ევროკავშირში შესვლა, სადაც სულერთია, შენ დემოკრატიული სახელმწიფო ხარ თუ დიქტატურა, შენთან ადამიანის უფლებები დაცულია თუ არა, ხალხს პერსპექტივა აქვს თუ არა, აშენებ სამართლებრივ სახელმწიფოს თუ არა? ევროკავშირში რომ გინდა გაწევრება, ხომ იცი, რომ იქ სხვა სტანდარტებია, სხვა მოთხოვნები, იცი, რომ ვერავინ დაგჩაგრავს. ამიტომაც არ არის მარტივი ევროკავშირში გაწევრება. სტატუსი იმიტომ არ მოგვცეს, რომ დავალებები არ შევასრულეთ, და ამან არ უნდა გამოიწვიოს სკეპტიციზმი. პირიქით, ხალხი უფრო სერიოზულად უნდა განეწყოს. გაწევრებას ნამდვილად ბევრი მუშაობა სჭირდება და ძალიან მაგარი უნდა იყო, რომ გაწევრდე. ამიტომ ეს თუ ავუხსენით ჩვენს ხალხს, არა მგონია, სკეპტიციზმი გაუჩნდეთ”, - ამტკიცებს კახა გოგოლაშვილი.

“რას ითხოვს ევროკავშირი ისეთს, რომ ვერ გააკეთო? გვეუბნებიან, რომ გვქონდეს სამართლიანი სასამართლო,­ ვებრძოლოთ კორუფციას, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ჩართეთ გადაწყვეტილებების მიღებაშიო. ოდესმე რამეში ჩართეს? რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენას რომ აპირებენ, ვინმეს რამე ჰკითხეს? ევროკავშირი კი ითხოვს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასამთავრობო სექტორი იყოს ჩართული. მეტიც, რაც ეს მოთხოვნა ჩაიწერა, მას შემდეგ რაც მიიღეს, არასამთავრობო სექტორი ფაქტობრივად არაფერში ჩაურთავთ და როგორ უნდა ჩათვალოს ევროკავშირმა ეს დავალება შესრულებულად, ხელისუფლებამ რაც არ უნდა იძახოს, შევასრულეო? ფორმალურადაც არ გაუმართავთ კონსულტაციები, არათუ გაითვალისწინეს. თუკი ევროკავშირი არ მოგვცემს სტატუსს, პასუხი ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ, რადგან არ გააკეთა გასაკეთებელი. სიმართლე გითხრათ, მრცხვენია, როდესაც ამბობენ, ეს მთავრობა მაინც არაფერს გააკეთებს და საბოლოოდ რუსეთისკენ რომ არ წაგვიყვანონ, ევროკავშირმა სტატუსი უნდა მოგვცესო. ეს დამანგრეველი მიდგომაა ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობისთვის, ჩვენთვის, როგორც ერისთვის. 35 წელია, ევროკავშირის საკითხებზე ვმუშაობ და ამიტომ ვაძლევ თავს ამის თქმის უფლებას, რადგან ვიცი, რა როგორ ხდება”, - დაასკვნის ექსპერტი.

“12 პუნქტი შესრულებული რომ გვქონოდა და მერე აღგვედგინა ფრენები, შეიძლება ეს ეპატიებინათ. თუმცა დღეს ისე ჩანს, არც სურთ შესრულება. არადა, თუ მოინდომებენ, ორ კვირაშიც შეასრულებენ, მაგრამ რაღაცების დათმობა არ სურთ. თუ გინდა სტატუსის მიღება, რატომ ირთულებ საქმეს? გააჩნია იმასაც, ვინ იფრენს, აქ რომელიმე ისეთი თვითმფრინავი რომ დაჯდეს, რომელზეც დაპატიმრების ორდერია გაცემული, ხომ იტყვიან, რომ რუსეთი საქართველოს მეშვეობით არიდებს თავს სანქციებს? ეს ძალიან სარისკოა. გარდა ამისა, უსაფრთხოების მხრივაც სარისკოა - რუსეთმა ხვალ რომ გადაწყვიტოს, თბილისში აეროპორტში დესანტს იოლად გადმოსხამს. დაიკავებს აეროპორტს და ამას მოჰყვება რუსული სამხედრო თვითმფრინავები, როგორც ავღანეთში ქნეს, როგორც აპირებდნენ კიევის აღებას და ა.შ. ამაზე არავინ ფიქრობს. თითქოს რუსეთი ისეთი დელიკატური პარტნიორი იყოს, რომ ამას არ იკადრებს. ჩვენ ამის უფრო უნდა გვეშინოდეს, ვიდრე იმის, რომ კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ”, - დასძენს კახა გოგოლაშვილი.

რა გეგმა აქვს კრემლს ავიამიმოსვლის აღდგენისა და ვიზების გაუქმების შემდეგ - რუსეთში აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე ალაპარაკდნენ

“საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლების მომდევნო ნაბიჯი შესაძლოა აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე მუშაობის დაწყება გახდეს. ამის შესახებ რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა სერგეი კატირინმა გააკეთა განცხადება. მან ტელეგრამზე დაწერა, რომ აუცილებელია სარკინიგზო ტრანზიტის აღდგენა აბრეშუმის გზის მარშრუტის ფარგლებში, რაც დადებითად აისახება სავაჭრო-ეკონომიკურ პროცესებზე. მიიჩნევს, რომ აფხაზეთის რკინიგზის ამუშავება აბრეშუმის გზის მარშრუტის ფარგლებში უნდა მოხდეს და კონკრეტულ მარშრუტსაც ასახელებს: ჩინეთიდან ირანის პორტ ბანდარაბასამდე, შემდეგ ირანის ქალაქი ასტარა, აზერბაიჯანის ქალაქი გაბალა, მარნეული საქართველოში და იქიდან აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთში. ანალიტიკოსები “რეზონანსთან” აცხადებენ, რომ საქართველოს მხრიდან ამაზე თანხმობა გაუმართლებელი იქნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა გეგმა აქვს კრემლს ავიამიმოსვლის აღდგენისა და ვიზების გაუქმების შემდეგ - რუსეთში აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე ალაპარაკდნენ.

“სხვა ყველაფერთან ერთად, ეს საშუალებას მოგვცემს გავაფორმოთ გრძელვადიანი კონტრაქტები გაზისა და ნავთობის მიწოდებაზე სტაბილური და პროგნოზირებადი ფასებით. სარკინიგზო ტრანზიტი ასევე უზრუნველყოფს ზემო ლარსის სასაზღვრო გადასასვლელის განტვირთვას. გადაზიდული პროდუქციის რაოდენობა გაიზრდება და გადაზიდვის ფასი კი შემცირდება. თურქეთის გავლით რუსული საქონლის ტრანზიტის კუთხით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ასეთი სქემის ორგანიზება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, - აცხადებს კატირინი. აფხაზეთში ამ განცხადებას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, საზოგადოების ნაწილი და ოპოზიცია რკინიგზის გახსნის კატეგორიული წინააღმდეგი არიან. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობებზე აისახება და დასავლელ პარტნიორებს დაგვაშორებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აზერბაიჯანში თუ შემოდის ეს სარკინიგზო ხაზი, არ ვიცი, მაგრამ აზერბაიჯანიდან პირდაპირ შეიძლება კასპიის ზღვის გაყოლებით რუსეთში გავიდეს ეს ტრანზიტი და რატომ კეთდება საქართველოზე, საინტერესოა. ზოგადად, რა თქმა უნდა, კარგია პოლიტიკური ეკკონომიკური და ნორმალური ურთიერთობა რომ გვქონდეს რუსეთთან, ან რუსეთი იყოს ნორმალური. მაგრამ დღეს ეს ყველაფერი განისაზღვრება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური პარამეტრებით. როდესაც ხდება რუსეთის იზოლირება ფაქტიურად მთელი დასავლეთის მხრიდან, ასეთი კავშირების აღდგენა (მით უმეტეს როდესაც საუბარია ორ ისეთ სახელმწიფოზე, რომელთანაც ჩვენი პარტნიორები, რბილად რომ ვთქვათ, მთლიანად კეთილგანწყობილი არ არიან - ირანს და რუსეთს ვგულისხმობ) იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურად ჩვენ ისევ და ისევ წამგებიან ვითარებაში ვართ და საუბარი დასავლურ ორიენტაციაზე ისევ და ისევ არის ბლეფი და თვალის ახვევა. ამ მარშრუტს არ ექნება და ვერ ექნება ისეთი დონის და ისეთი რაოდენობის ეკონომიკური სარგებელი, რასაც ჩვენ დავკარგავთ ამ მარშრუტის ამოქმედების შემთხვევაში ზოგადად პოლიტიკურად და საერთო მხარდაჭერის სახით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება დღეს, ამ დაძაბულ ვითარებაში, უნდა განიხილებოდეს, როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა ეკონომიკური. ჩვენთვის ეს იქნება რეპუტაციულად დამანგრეველი, ისევ და ისევ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება დათანხმდება, პირობები რაც არ უნდა იყოს ქაღალდზე, ეს პირობები რეალურად არ შესრულდება”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, ყოველთვის ემხრობოდა აფხაზეთის რკინიგზის ამუშავებს, მაგრამ ახლა, დღეს არსებულ ვითარებაში ეს დაუშვებლად მიაჩნია”, - წერს სტატიის ავტორი.

“მე ყოველთვის აფხაზეთში რკინიგზის აღდგენის მომხრე ვიყავი, მათ შორის სახელმწიფო მინისტრად ყოფნის პერიოდშიც და ამის გამო დიდ კრიტიკას ვიმსახურებდი ოპოზიციის მხრიდან. მაგრამ დღეს, ვიდრე საომარი მოქმედებები მიმდინარეობს უკრაინაში, ვიდრე ხელი არ მოეწერება სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც უკრაინის სასარგებლოდ იქნება, მე ვთვლი, რომ ამ ტიპის პროექტები არავითარ შეთხვევაში არ უნდა განხორციელდეს. იმიტომ, რომ ეს იქნება რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლა. მე მომხრე ვარ, რომ მეტად იყოს ვაჭრობა ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის, მაგრამ რკინიგზა ამ დროს საჭირო არაა. ამისთვის საკმარისი იქნებოდა პატარ-პატარა ტვირთების მანქანებით გადაზიდვა. ზოგადად მიმაჩნია, რომ საქართველო უნდა იყოს ჰაბი სავაჭრო-სატრანსპორტო თვალსაზრისით, მაგრამ დღეს საქართველო არანაირ პირობებზე არ უნდა დათანხმდეს რკინიგზის აღდგენას”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

ვახტანგ მაისაია - “რატომ გააქტიურდა საქართველოში “ისლამური სახალიფო?!”

“ისლამური სახალიფო” არის არა ტერორისტული ორგანიზაცია, არამედ აგრესიული არასახელმწიფოებრივი აქტორი, რომელსაც კვაზისახელმწიფოებრივი სტატუსი აქვს. მას აქვს ისეთი სტრუქტურები (მათ შორის იატაკქვეშეთშიც), რომლებიც გარკვეულწილად შეესაბამება სახელმწიფოებრივს. ეს იმაში გამოიხატება, რომ ჰყავს შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც ნებისმიერი ქვეყნის შეიარაღებული ძალების სტრუქტურასთან არიან გათანაბრებული, ჰყავს ძლიერი სპეცსამსახურები, რომლებიც არანაკლებ ეფექტურად მუშაობენ, აქვს სადაზვერვო, დივერსიული, საინფორმაციო და კიბერსაქმიანობის (არსებობს კიდეც ასეთი ტერმინი “კიბერჯიჰადიზმი”) ქსელები, აქვთ ფინანსთა, იუსტიციისა და სხვა სამინისტროები. ასე რომ, “ისლამური სახალიფო” ტიპოლოგიურად განსხვავდება XX საუკუნისა და XXI საუკუნის დამდეგის ტერორისტული ორგანიზაციებისგან. მას ჰყავს ბირთვი და პერიფერიული დაჯგუფებებიც. ბირთვად ითვლება “ისლამური სახალიფოს” ის დაჯგუფება, რომელიც აკონტროლებს კონკრეტულ ტერიტორიებს, იქ ქმნის იმ გეოპოლიტიკურ მოდელს, რომელსაც “ისლამური სახალიფოს” პოლიტიკური სისტემა ეწოდება. ასეა სირიასა და ერაყის დაკავებულ ტერიტორიებზე. მათ რეგიონებში (ვილაიეთებში) ჰყავთ გუბერნატორებიც, ანუ რეგიონული მართვის პრინციპიც აქვთ”, - აცხადებს საერთაშორისო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის ექსპერტი ვახტანგ მაისაია გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რატომ გააქტიურდა საქართველოში “ისლამური სახალიფო?!”

“პერიფერიული დაჯგუფებები ისევე იმართებიან, როგორც ვილაიეთები - მაგალითად, არის კავკასიური ვილაიეთი, ავღანეთში - ყურასანის ვილაიეთი და სხვა. “ისლამურ სახალიფოს” აქვს სამი ქსელი: აქტიური (აკონტროლებს ტერიტორიებს, ახდენს ძალების მობილიზაციას, ერთვებიან საბრძოლო მოქმედებებში, ატარებენ ტერორისტულ აქტებს და სხვ.), ნახევრად მიძინებული, რომელიც ჯგუფის წევრებს ამუშავებს საიდუმლო ბაზებზე, და მიძინებული ქსელები, რომლებიც გარკვეულ დრომდე დაკონსერვებულია. აქტიური ქსელები აქვს, სინაის ნახევარკუნძულზე, სადაც ცდილობენ გააფართოონ ის ტერიტორია, რომელიც პერიფერიიდან ბირთვის ტერიტორიის დონეზე გადავა და უშუალოდ მათი `ლეგიტიმაცია~ გავრცელდება (მაგ. შარიათის კანონები, როგორც ერაყსა და სირიაში შემოიღეს 2014-18 წლებში). “ისლამური სახალიფოს” გასანადგურებლად სამი საერთაშორისო კოალიცია შეიქმნა, ერაყსა და სირიაში ბირთვი გაუნადგურეს, მაგრამ სამაგიეროდ აღმოცენდა სხვა ჯგუფები: აფრიკაში, ავღანეთში, პაკისტანში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში, რომელიც სახალიფოს ყურადღების ეპიცენტრში არსებული ტერიტორიაა, ასეთივეა ახლო აღმოსავლეთიც. მაგალითად, დღეს სირიის 20%-ს “ისლამური სახალიფოს” ბირთვი აკონტროლებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ერთხანს კავკასია მიძინებული ქსელის ვილაიეთი იყო. თურქეთის სპეცსამსახურებმა, რომლებმაც გაააქტიურეს სახალიფოს წინააღმდეგ ბრძოლა, სირიასა და ერაყში რამდენიმე ოპერაცია ჩაატარეს. როგორც თურქეთის პრეზიდენტი ამბობდა, ოპერაციის დროს ლიკვიდირებულ იქნა აბუ ალ მოჰამედ კურეიში, დღევანდელი “ისლამური სახალიფოს” ლიდერი, თუმცა ამის მტკიცებულება თურქეთს ჯერ არ წარმოუდგენია. შესაძლოა ეს ერდოღანის წინასაარჩევნო ტრიუკიც იყო. ჩანს, თურქეთის სპეცსამსახურებს ხელთ ჩაუვარდათ სახალიფოს ის დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც გამოიტანეს დასკვნა, რომ კავკასიაში “ისლამური სახალიფო” ცდილობს პერიფერიული მიძინებული დაჯგუფებები ნახევრად მიძინებული ქსელის დონეზე გადაიყვანოს”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “რატომ დასჭირდა ჩვენს კონტრტერორისტულ ცენტრს იმის განმარტება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტების საწვრთნელი ბაზები არ არის?”, - პასუხობს:

“საქართველო ყოველთვის იყო `ისლამური სახალიფოს~ ყურადღების ცენტრში, მით უმეტეს, მისი გავლენიანი ელიტაა. თარხან ბათირაშვილის ფაქტორიც ბევრ რამეზე მეტყველებს, გავიხსენოთ ცეზარ ტოხოსაშვილი, რომელიც იუსტიციის მინისტრი გახლდათ, აჰმედ ჩატაევი, რომელიც მჭიდრო კავშირში იყო საქართველოსთან და “ისლამურ სახალიფოში” ერთ-ერთი გავლენიანი სპეცსამსახურის უფროსის მოადგილე გახლდათ. 2016 წელს ვსაუბრობდი მის შესაძლო ჩამოსვლასა და მისიაზე - ეს პროგნოზი 100%-იანი გამოდგა, 2017 წლის ნოემბერში ჩატაევი იმ მისიით გამოგზავნეს, რომ კავკასიაში ნახევრად მიძინებული ქსელები გაეაქტიურებინათ. როგორც ჩანს, “ისლამურმა სახალიფომ” ამჯერად იგივე პროცესი წამოიწყო - მისთვის საქართველო და აზერბაიჯანი დასაყრდენი ძალაა სამხრეთ კავკასიაში. როგორც ჩანს, ქართველ სამართალდამცავებს თურქულმა სპეცსამსახურებმა მიაწოდეს ოპერატიული ინფორმაცია და ერთობლივად გამოავლინეს რამდენიმე ეჭვმიტანილი. ტერორისტების მიძინებულიდან ნახევრად მიძინებულ ქსელებში გადასვლა არ ნიშნავს, რომ ისინი აქ გადიან წვრთნებს. როცა ნახევრად მიძინებული ქსელი ამოქმედდება, მაშინ ჩნდება საწვრთნელი ბანაკები, იწყება სამხედრო ინფრასტრუქტურების განვითარება, რათა აქტიური ქსელის დონეზე გადავიდნენ. ჩვენი სპეცსამსახურები,­ ბუნებრივია, ამ დეტალებს არ გაახმაურებდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, მუშაობა მიმდინარეობს და ამის დადასტურებაცაა პაქსაშვილის და მეორე პირის დაკავება. როგორც ჩანს, “ისლამურ სახალიფოს” სამხრეთ კავკასიაში არ მისცეს გააქტიურების საშუალება. თურქულმა და ქართულმა სპეცსამსახურებმა ერთობლივად გაშიფრეს და შეაჩერეს პროცესი”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ჩვენი ანტიტერორისტული ცენტრი ძლიერი სტრუქტურაა და ეფექტურად მუშაობს ჩვენი სტრატეგიული მეგობრების დახმარებით, მაგრამ მხოლოდ ანტიტერორისტული ცენტრის იმედზე, ბუნებრივია, საქართველო არ უნდა იყოს. აუცილებლად გვჭირდება სტრატეგიული ტიპის სტრუქტურაც... 2012 წელს მე მომიწია ლაფანყურის სპეცოპერაციის საგამოძიებო კომისიის წევრად მუშაობამ როგორც “ისლამური სახელმწიფოსა” და ვაჰაბიზმის სპეციალისტს. მაშინ დადასტურდა, რომ საქართველოში მიმდინარეობდა ტერორისტების წვრთნა და მომზადება, რასაც საქართველოს მაშინდელი ავტორიტარული რეჟიმის სპეცსამსახურები უწყობდნენ ხელს, დიდი ალბათობით, რუსული სპეცსამსახურების დაკვეთით. ეს სახიფათო პროვოკაცია იყო, საქმეში ჩვენი ქართველი მოქალაქეები იყვნენ ჩათრეული. სამწუხაროდ, ეს საქმე ბოლომდე არ გამოუძიებიათ და, როგორც ჩანს, არც გამოიძიებენ, სანამ საქართველოში რუსეთს ძლიერი გავლენა ექნება”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ბუნებრივია, ჩვენ კვლავ “ისლამური სახალიფოს” ყურადღების ეპიცენტრში ვართ. საქართველო შეიძლება გამოიყენონ შავი ტრანზიტის კორიდორად (არაერთხელ გამოყენებულა კიდეც). არ არის გამორიცხული”ისლამურმა სახალიფომ” მიძინებული და ნახევრად მიძინებული ქსელები გაააქტიუროს, მით უმეტეს, ჩრდილო კავკასია აქვეა. რუსეთი უკრაინასთან ომის გამო დასუსტებულია, კადიროვის დაჯგუფებაც უკრაინაზეა გადართული და სივრცე მოშიშვლებულია. სხვათა შორის, “ისლამური სახალიფოს” ჯგუფებმა ჩრდილოეთ კავკასიაში რამდენიმე ტერაქტი მოაწყვეს. აზერბაიჯანის სპეცსამსახურებიც 2-3 თვის განმავლობაში ატარებდნენ ოპერაციებს, აღმოაჩინეს რამდენიმე დაჯგუფება და გაანადგურეს. საქართველოში ახლახან გაშიფრული ფაქტიც ნიშნავს, რომ ეს პროცესი დაწყებულია და საფრთხე, რა თქმა უნდა, არის. სიტუაცია რთულდება ავღანეთში, პაკისტანსა და ცენტრალურ აზიაში, ახლო აღმოსავლეთში კი დუღს პროცესი, აფრიკის 30%-ს უკვე ბირთვის სახით აკონტროლებს “ისლამური სახალიფო”, კრიტიკულ დონემდეა მისული ვითარება მალიში, კონგოში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ბურკინაფასოში, სადაც უკვე წითელი დონის საფრთხეა შექმნილი,” - დასძენს ვახტანგ მაისაია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო