ემილ ავდალიანი - მეორე ტურში გამარჯვების მეტი შანსი ერდოღანს უფრო აქვს, ვიდრე მის ოპონენტს

თურქეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, „ჯეოქეისის“ აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელს, ემილ ავდალიანს ესაუბრა

- ბატონო ემილ, დასრულდა მეზობელ თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, პრეზიდენტ ერდოღანის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში 600 ადგილიდან, 322 ადგილი მიიღო. რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტი პრეზიდენტობის კანდიდატ როგორისგან კონტროლის ქვეშ იქნება.

როგორ შეაფასებდით თურქეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგებს?

- ეს იყო ყველაზე რთული არჩევნები რეჯიფ ტაიპ ერდოღანისთვის მთელი მისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, რადგან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თურქეთში ბევრი პრობლემა დაგროვდა. ეს ძირს უთხრიდა პრეზიდენტ ერდოღანის პოპულარობას მოსახლეობის იმ ნაწილში, ვისზეც ერდოღანი აპელირებდა ყველა არჩევნებზე.

აქ საუბარია ბოლო რამდენიმე წელიწადში დაგროვებულ ეკონომიკურ პრობლემებზე, მაღალი ინფლაციის დონეზე, პრობლემაზე საგარეო პოლიტიკურ მიმართულებაზე, რაც საგრძნობლად ურტყამდა მმართველი პარტიის პრესტიჟს.

ამას დაემატა მიწისძვრა და ის შედეგები, რაც ამ კატასტროფას მოჰყვა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ბევრი წუხდა იმ არასათანადო ზომებზე, რომელიც მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად თურქეთის ხელისუფლებამ გადადგა.

- ვიდრე ვისაუბრებთ იმაზე, მეორე ტურში პრეზიდენტობის რომელ კანდიდატს მეტი შანსები აქვს, არჩევნების სხვა დეტალებზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება.

ამას წინათ თურქეთის არჩევნებზე „გარდიანი“ წერდა - „თურქეთში ბევრნი არიან ისინი, ვინც ერდოღანს სულთნობისკენ გზას უკვალავს.“ გამოცემის დაკვირვებით, თურქეთის არჩევნები იქნებოდა „შიშისა“ და იმედის“ არჩევნები.

ახლა როცა არჩევნების შედეგები ცნობილია, თქვენი დაკვირვებით, არჩევნების შედეგებზე თურქეთში რისმა „შიშმა“ და რისმა „იმედმა“ უფრო იმუშავა?

- ბოლო პერიოდში დასავლურ მედიაში თურქეთში მიმდინარე პროცესებზე საკმაოდ მკვეთრი შეფასებები კეთდებოდა.

ყურადღება მახვილდებოდა ქვეყანაში დემოკრატიის ნაკლებობაზე, ეკონომიკურ პრობლემებზე და ასე შემდეგ. მეორე ფლანგი მხოლოდ დადებით ხედავდა. ვფიქრობ, რომ ამ დიქოტომიაში იკარგებოდა ის, რაც რეალურად აწუხებდა თურქეთის მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს.

ჩემი აზრით, შესაძლოა, ერდოღანისადმი კრიტიკული დამოკიდებულება იმას უკავშირდებოდეს, რომ ის საკმაოდ დიდი ხანია მართავს ქვეყანას და როგორც ეს ხშირად ხდება, მოსახლეობის დიდ ნაწილში ეს ძალაუნებურად იწვევს პროტესტს, ერთგვარ გადაღლილობას.

- დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ მეორე ტურში არჩევნებში გამარჯვების მეტი შანსი ერდოღანს აქვს.

მაგრამ, ბევრი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ მხარდამჭერთა სამობილიზაციო რესურსი ძირითადმა კონკურენტებმა მაქსიმალურად გამოიყენეს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობი რჩება როგორ მოიქცევა მეორე ტურის გარეშე დარჩენილი პრეზიდენტობის კიდევ ორი კანდიდატი. რომელი კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ ისინი თავის მხარდამჭერებს.

მეორე ტურამდე კიდევ ორი კვირაა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მეორე ტურში ერდოღანს გამარჯვების მეტი შანსი აქვს?

- მეორე ტურში გამარჯვების მეტი შანსი ერდოღანს აქვს. ორი კვირა არ არის დიდი დრო და არა მგონია დიდი ცვლილებები მოხდეს. თუ რამე სერიოზული გეოპოლიტიკური ძვრა არ მოხდა, იმ მონაცემებიდან გამომდინარე რაც არჩევნების შემდეგ არსებობს, მეორე ტურში უპირატესობა ერდოღანს შერჩება და დიდი ალბათობით, მეორე ტურში ის გაიმარჯვებს კიდევაც.

საკვანძო იქნება ნაციონალისტი სინან ოღანის პოზიცია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მის მხარდამჭერთა პოლიტიკური პროცესების აღქმა უფრო მეტად ახლოსაა ერდოღანთან, ვიდრე ქილიჩდაროღლუსთან.

- ამ არჩევნებმა ისიც გვანახა, რომ ერდოღანის მიმართ რწმენა საკმაოდ შერყეულია. ამომრჩეველთა საკმაოდ დიდი ნაწილი მას არ ეთანხმება, მაგრამ ქვეყანაში ასევე არის მეორე ნაწილი, რომელიც მისი მხარდამჭერია.

დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ ერდოღანის პოპულარობის მიზეზი პოპულიზმი, ამერიკის მიმართ მუშტების ქნევა, რწმენაზე და ოჯახის სიწმინდეზე აპელირება ასევე პოპულისტური საუბარია.

სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ბოლო არჩევნებში ერდოღანს უპირატესობა აქვს?

- მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც მხარს უჭერს სახელისუფლებო პარტიას, ძირითადად იმ იდეებს უჭერენ მხარს, რასაც ეფუძნებოდა ერდოღანის მმართველობა. საუბარია ეკონომიკურ აღმავლობაზე, სიღარიბის დაძლევაზე და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური გაჯანსაღებაზე. ამას ემატება ის, რომ ერდოღანის პარტიას აქვს სახელისუფლებო რესურსი, რისი გამოყენებაც მათ შეუძლიათ იმისთვის, რომ არჩევნებზე სასურველი შედეგი დადონ.

მეორე მომენტია საგარეო პოლიტიკა. როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი ეწინააღმდეგება კოლექტიურ დასავლეთს, მაგრამ, ისე არა, რომ მოხდეს ქვეყნის პოზიციების დასუსტება ნატოში. ეს გარკვეულ სიმპათიებს აჩენს მოსახლეობაში.

მე მაინც მგონია, რომ საგარეო ფაქტორი არ არის გადამწყვეტი იმაში, უჭერს მოსახლეობა ერდოღანს მხარს თუ არა. თუმცა, საკმაოდ მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში ეკონომიკური ვითარება რთულია, მე მაინც მგონია, რომ ეკონომიკა გახლავთ ის სფერო, რაშიც ქვეყანამ სერიოზული ნაბიჯები გადადგა სწორედ ერდოღანის მმართველობისას და ამ არჩევნებში ამომრჩეველმა მას ეს დაუფასა.

- უკრაინა-რუსეთის ომში პრეზიდენტი ერდოღანი საკმაოდ აქტიური იყო. იგი წარმატებით თანამშრომლობს როგორც პუტინთან ისე დასავლეთთან.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი და რუსეთი ისტორიულად გეოპოლიტიკური მეტოქეები არიან, არჩევნების წინ ვნახეთ თუ როგორ გულშემატკივრობდა ერდოღანს რუსეთის პოლიტელიტა და პოლიტიკური კლასი.

რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსული პოლიტელიტა მხარს ერდოღანს უჭერდა?

- მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ თურქეთში ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებში ბევრი საკითხი წამოიწევდა წინ, რომელიც შესაძლოა საჭიროებდეს გადახედვას. რაც, რა თქმა უნდა, მოსკოვს არ აწყობს.

მოსკოვს სურს თურქეთმა საგარეო პოლიტიკაში გააგრძელოს ტრანსაქციური მიდგომაა, როდესაც ორ ქვეყანას შორის ყველაფერი ვაჭრობის საგნად არის გადაქცეული. ორივე ქვეყანა ცდილობს თავის სამეზობლოში არ დაუშვას არა რეგიონული ძალები. მხედველობაში მაქვს რეგიონული ინიციატივების გააქტიურება. შესაძლოა ეს ისევ იყოს 3+3-ის პლატფორმა, ან რამე სხვა.

მოსკოვს სურს თურქეთმა საგარეო პოლიტიკაში გააგრძელოს ტრანსაქციური მიდგომაა, როდესაც ორ ქვეყანას შორის ყველაფერი ვაჭრობის საგნად არის გადაქცეული. ორივე ქვეყანა ცდილობს თავის სამეზობლოში არ დაუშვას არა რეგიონული ძალები. მხედველობაში მაქვს რეგიონული ინიციატივების გააქტიურება. შესაძლოა ეს ისევ იყოს 3+3-ის პლატფორმა, ან რამე სხვა

რა თქმა უნდა, რეგიონალიზმის პრინციპის გამოყენებაში რუსეთი უფრო რადიკალურია, ხოლო თურქეთი კი უფრო ფრთხილობს, მაგრამ ზოგადად ეს ორი ძალა რეგიონში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში ხშირად ბევრ რამეში თანხვედრაში არის.

ამავდროულად, თურქები დაინტერესებული არიან იმით რომ რუსები რაც შეიძლება მეტად დასუსტდნენ. მათ არ აწყობთ ძლიერი რუსეთი, რადგან, ძლიერ რუსეთს რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ძალთა ბალანსის შეცვლის ამბიცია ექნება.

თურქები დაინტერესებული არიან იმით რომ რუსები რაც შეიძლება მეტად დასუსტდნენ. მათ არ აწყობთ ძლიერი რუსეთი, რადგან, ძლიერ რუსეთს რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ძალთა ბალანსის შეცვლის ამბიცია ექნება

თურქეთისთვის დღევანდელი მდგომარეობა, ანუ დაუსრულებელი უკრაინა-რუსეთის ომი საკმაოდ მომგებიანია. ასეთ ვითარებაში, რუსები გარკვეულ წილად დავალებული არიან თურქებზე. უკრაინა-რუსეთის ომში თურქეთის აქტიურობით დაინტერესებულია კიევიც და კოლექტიური დასავლეთიც.

- თურქეთში ჩატარებულ არჩევნებზე საუბრისას ბევრი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ამ არჩევნებზე თურქეთის მოსახლეობამ არჩევანი „ავტორიტარიზმისა და სულთანიზმის სასარგებლოდ გააკეთა.“ მეტიც, „თურქეთი რეგიონში დასავლეთს უნდა წარმოადგენდეს, ვიდრე ნეოოტომანიზმს.“

თუ მეორე ტური ერდოღანმა მოიგო, სავარაუდოდ, როგორ აისახება ეს თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებზე?

ერდოღანის გამარჯვების შემთხვევაში რა გაგრძელება ექნება ერდოღანის „ავტორიტარიზმსა და სულთანიზმ-ნეოოტომანიზმს“?

- მეორე ტურის შემდეგ საქართველოსთვის და თურქეთის საგარეო პოლიტიკა დიდად არ შეიცვლება. თურქეთის დამოკიდებულებაც სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში იგივე დარჩება. აქ იგულისხმება თურქეთის მიდგომა, რომ უნდა განვითარდეს გაზსადენები და ინფრასტრუქტურა.

თურქები ასევე არ შეცვლიან თავის მიდგომას აზერბაიჯანთან მიმართებაში. იგი დარჩება აზერბაიჯანის სტრატეგიულ მოკავშირედ. თანამშრომლობის ინტენსივობა შეიძლება შემცირდეს, ან მოიმატოს, მაგრამ ზოგადი ხედვა ისაა, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული-სამოკავშირეო თანამშრომლობა გაგრძელდება.

ვფიქრობ, რომ სომხეთთან მიმართებაში ანკარა გააგრძელებს ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ მიმავალი ნაბიჯების გადადგმას.

საქართველო ამ შემთხვევაში ჯდება ანკარის იმავე პერსპექტივაში, რაც თურქეთში აქამდე პრევალირებდა. მხედველობაში მაქვს ინფრასტრუქტურული პროექტები. ამიტომაც, ვფიქრობ, თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებში დიდად არაფერი შეიცვლება.

- თუ ერდოღანმა მეორე ტური მოიგო, მისი დამოკიდებულება დასავლეთთან, ამერიკასთან, სავარაუდოდ, როგორი იქნება?

- შესაძლოა, იყოს მეტი დაძაბულობა, ასევე არაა გამორიცხული ტაქტიკური გათვლებით ნაკარნახები ორმხრივი დაძაბულობის კლება.

ამის წინასწარ თქმა შეუძლებელია, თუმცა დასავლეთთან ურთიერთობაში თურქეთის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედად დარჩება ნატო. ალიანსიდან გასვლა და ურთიერთობის გაფუჭება არ შედის თურქეთის ინტერესებში.

ალიანსიდან გასვლა და ურთიერთობის გაფუჭება არ შედის თურქეთის ინტერესებში. ამიტომაც, ანკარა გააგრძელებს ბალანსირების პოლიტიკას, რომელიც წმინდა პრაგმატულ გათვლებზე იქნება დაფუძნებული

ამიტომაც, ანკარა გააგრძელებს ბალანსირების პოლიტიკას, რომელიც წმინდა პრაგმატულ გათვლებზე იქნება დაფუძნებული.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ხმალაძე - „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური ველიდან იმდენადაა გასული, ამის შემდეგ მისგან კიდევ ბევრ არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს ვნახავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით