„ხელოვნება საზღვრების გარეშე“ - გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებულ პროექტი გრძელდება, რომელის მიზანიც საერთაშორისო ფესტივალებზე წარსადგენად სპექტაკლებისა და მოკლემეტრაჟიანი ფილმების შექმნაა. ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, 50 ახალგაზრდა (მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები), რომლებიც პროექტის ფარგლებში კონოხელოვნებას, სამსახიობო ხელოვნებას, გადაღებას, მონტაჟს, გრაფიკულ არქიტექტურას, სცენარის შექმნასა და ფერების კორექციას სწავლობენ, კონკურსის წესით შეირჩნენ.
„სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, პროექტის ბენეფიციარები მონაწილეობას მიიღებენ მოკლემეტრაჟიანი ფილმების სცენარების კონკურსში. სამი საუკეთესო სცენარის მიხედვით მომზადდება ფილმები, რომლებიც გაიგზავნება საერთაშორისო ფესტივალებზე. გარდა ფილმებისა, საერთაშორისო ფესტივალებზე წარსადგენად დაიდგმება 5 სპექტაკლიც. ყველა პროდუქტი ხელმისაწვდომი იქნება ქართველი მაყურებლისთვის.
პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდები შექმნიან ასევე გორის მუნიციპალიტეტის საიმიჯო ვიდეორგოლებსაც.
4 თვიანი პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 5 კინოჩვენებაც, რის შემდეგაც ახალგაზრდები მოაწყობენ დებატებს და იმსჯელებენ სხვადასხვა სოციალურ თემებზე.
პროექტი, რომელიც წარმატებული ბენეფიციარების დასაქმებასაც ითვალისწინებს, ა(ა)იპ „ჭკვიანი მომავალი“ ახორციელებს.
ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ფინანსდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.