კომპანია “რუსთავის წყალი” ქალაქ რუსთავში მასშტაბურ სამუშაოებს ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავის წყალი“ ავრცელებს.
რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესებისთვის ქალაქის წყალმომარაგების ქსელებსა და რეზერვუარებზე მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი.
კომპანიის ცნობით, მიმდინარე ეტაპზე კომპანია ხრამის სათავე ნაგებობაზე ორი შახტური ჭის აღსადგენად რთულ ტექნიკურ სამუშაოებს ახორციელებს. ხრამის სათავე ნაგებობაზე არსებული შახტური ჭების სარეაბილიტაციო პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომპანია ,,რუსთავის წყლის” მიერ 2023 წელს დაგეგმილ სამუშაოებს შორის.
,,ხრამის სათავე ნაგებობაზე არსებული 7 შახტური ჭა ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების მთავარ რეზერვუარს წარმოადგენს. ორი შახტური ჭის დაზიანებამ ქალაქ რუსთავის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად შეაფერხა.
კომპანია ,,რუსთავის წყალი” აქტიურად ატარებს დაზიანებული ჭების სარეაბილიტაციო სამუშაოებს. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული შახტური ჭები წყალქვეშ 21 მეტრის სიღრმეზეა განლაგებული ტექნიკური სამუშაოები საკმაოდ რთული და კომპლექსურია. სპეციალურად მოწვეულმა მყვინთავების ჯგუფმა წყალქვეშ სამუშაოების ორი ეტაპი უკვე შეასრულა. სამუშაოების შედეგად შესაძლებელი გახდა, რომ თითოეულ შახტურ ჭაში არსებული შვიდი ძველი ურდული ახალი, თანამედროვე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულით შეიცვალოს და ახალი ტუმბო-აგრეგატები დამონტაჟდეს.
ამასთანავე, კომპანია რუსთავის წყალში მიმდინარეობს ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემის მდგომარეობის სიღრმისეული შესწავლა და პრობლემების დეტალური იდენტიფიკაცია. მზადდება წყალმომარაგების ქსელების და რეზერვუარების რეაბილიტაციის გეგმა.
ქალაქ რუსთავის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ივნისის ბოლოს, მას შემდეგ, რაც წყალქვეშ რთული ტექნიკური სამუშაოები საბოლოოდ დასრულდება”, - განაცხადა კომპანია “რუსთავის წყლის” გენერალური დირექტორის მოადგილე თემურ ჯანელიძემ.
„რუსთავის წყალის“ ინფორმაციით, კომპანია ,,რუსთავის წყლის” მიერ ჩატარებული და დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ქალაქ რუსთავის მოსახლეობა მუდმივად, სამუშაოების ყველა ეტაპზე იქნება ინფორმირებული.