რუსთავის მერიამ, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრთან ერთად, ახალი პროექტი ,,თეატრალური შესვენება“ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
რუსთავის მერიის ცნობით, ,,თეატრალური შესვენება", რუსთავის თეატრში ხელოვანების ახალგაზრდებთან შეხვედრებს, შემეცნებითი ხასიათის დიალოგს და მოზარდების ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში ჩართვასა და ადაპტაციას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა დღეს ჩატარდა, რომელიც რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძე გახსნა.
შეხვედრას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე და რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები ესწრებოდნენ.
როგორც რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, პროექტის ,,თაობა მომავლისთვის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, თავად ახალგაზრდებმა გამოთქვეს თეატრალური ცხოვრების უკეთ გაცნობის სურვილი.
,,პროექტის ,,თაობა მომავლისთვის“ ფარგლებში 1700-მდე ახალგაზრდას შევხვდით, სწორედ ამ შეხვედრებზე მათი მხრიდან იქნა დასმული საკითხი, რომ თეატრთან უფრო მეტი სიახლოვე სჭირდებათ. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა და რუსთავში ახალგაზრდებისთვის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო პროექტი - ,,თეატრალური შესვენება“ დავიწყეთ. ამ პროექტის ფარგლებში, მეათეკლასელებს ელოდებათ ძალიან საინტერესო შეხვედრები ცნობილ მსახიობებთან, რეჟისორებთან, თეატრმცოდნეებთან, მხატვრებთან, ქორეოგრაფებთან, ადამიანებთან, რომლებიც უშუალოდ ქმნიან სპექტაკლს. ამ შეხვედრების დასრულების შემდეგ კი მათ მერიისგან საჩუქარი ელოდებათ, ეს საჩუქარია, უფასო ბილეთი სპექტაკლზე. ჩვენ გვინდა, ახალგაზრდებს ხელი შევუწყოთ განვითარებაში და დარწმუნებულები ვართ, რომ მათი სწორად განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია თეატრში კიდევ უფრო აქტიური სიარული“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის მერმა რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს სოსო ნემსაძესა და პროექტში ჩართულ თეატრალური სფეროს წარმომადგენლებს, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდების სწორად განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის თეატრალურ ცხოვრებაში აქტიური ჩართვა.
„რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის სოსო ნემსაძის განცხადებით, პროექტის ,,თეატრალური შესვენება“ ფარგლებში, ერთი თვის განმავლობაში, რუსთავის სკოლების მე-10 კლასის მოსწავლეები, თეატრის ისტორიას, თეატრალურ მხატვრობას, დრამატურგიას, ქორეოგრაფიას, სარეჟისორო და სამსახიობო ხელოვნებას, პროფესიონალ მსახიობებთან, რეჟისორებთან და თეატრმცოდნეებთან უშუალო კომუნიკაციის გზით გაეცნობიან. შეხვედრები დიალოგის ფორმატში ტარდება და ვორქშოფის ელემენტებსაც შეიცავს. შეხვედრების დასრულების შემდეგ, ახალგაზრდები, რუსთავის თეატრის სპექტაკლებსაც დაესწრებიან. პროექტის ,,თეატრალური შესვენება“ მიზანი, რუსთაველი ახალგაზრდების თანამედროვე კულტურულ სფეროსთან ინტეგრაცია, მოზარდი თაობის, როგორც კულტურული მაყურებლის ჩამოყალიბება, თეატრალური ხელოვნების მიმართ მათი ინტერესის გაზრდაა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.