შალვა პაპუაშვილი - 125 დღეში, რაც დეპუტატებზე საპატიმროში შესვლის უფლებას არ გავცემ, მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატი 160-ჯერ, ოჯახის წევრი კი 240-ჯერ იმყოფებოდა - საუბარი, რომ საჭიროა საპარლამენტო კონტროლი, აცდენილია რეალობას

დეპუტატებზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის უფლებას არ გავცემ 125 დღეა და ამ 125 დღის განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატი 160-ჯერ და ოჯახის წევრი 240-ჯერ იმყოფებოდა. გარდა ამისა, ის მოინახულეს ომბუდსმენმა და მისმა წარმომადგენლებმა. ასე რომ, მას ყოველდღიურად რამდენიმე ვიზიტორი ჰყავს და საუბარი იმაზე, რომ საჭიროა დამატებითი საპარლამენტო კონტროლი და დეპუტატის მხრიდან პირობების გაცნობა, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც დეპუტატ თამარ კორძაიას მიერ სასამართლოში შეტანილ სარჩელს გამოეხმაურა.

მისი თქმით, თამარ კორძაიამ დაადასტურა, რომ მას სასამართლოს მიმართ ნდობა აქვს.

„ძალიან კარგი, რომ სარჩელი შეიტანა, ვინაიდან ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რამდენად ფარისევლები არიან ისინი, როდესაც საუბრობენ სასამართლოს მიმართ ნდობის არარსებობაზე და მეორე დღეს მიდიან და სასამართლოში თავად შეაქვთ სარჩელი სწორედ იმ მოლოდინით, რომ გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ შეიძლება იყოს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს კიდევ ერთ რამეს, რომ ისინი, როდესაც საუბრობენ სასამართლოზე, არ არიან გულწრფელები თავის კრიტიკაში, რადგან თავადვე მიმართავენ ზუსტად იმ სასამართლოს, რომელზეც ამბობენ, რომ არ აქვს არანაირი ნდობა. მინიმუმ აღმოჩნდა, რომ ქალბატონი თამარ კორძაიას ნდომა ამ სასამართლოს აქვს და იმიტომაც მიმართა.

რაც შეეხება თავად სარჩელის შინაარსს, სასამართლო გასცემს ამ საკითხს პასუხს. ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილია და აქედან გამომდინარე, მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ იქნება სხვანაირი გადაწყვეტილება, არ მაქვს. ეს გახლავთ დისკრეცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და ამ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ვმოქმედებ, როდესაც გავცემ მიმართვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლისას. შარშან, როდესაც შედიოდნენ დეპუტატები მიხეილ სააკაშვილთან, აბსოლუტურად აცდენილი იყო მიზანს, რომელიც შეიძლება ჰქონდეს და ეს უფლება მიანიჭოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ეს იქცა ჩვეულებრივ მონახულებად პატიმრისა და კიდევ სხვა მიზეზებიდან გამომდინარე, რომლებიც არაერთხელ განვმარტე, აღარ ვანიჭებ უფლებამოსილებას დეპუტატებს, რომ შევიდნენ მიხეილ სააკაშვილთან.

რაც შეეხება იმას, თითქოს დეპუტატების შესვლა მიხეილ სააკაშვილთან საჭიროა იმისთვის, რომ გაეცნონ მის პირობებს და ამით გარკვეული მონიტორინგი განახორციელონ, ამას არავითარი საფუძველი არ აქვს. დეპუტატებზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის უფლებას არ გავცემ 125 დღეა და ამ 125 დღის განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატი 160-ჯერ და ოჯახის წევრი 240-ჯერ იმყოფებოდა. გარდა ამისა, ის მოინახულეს ომბუდსმენმა და მისმა წარმომადგენლებმა. ასე რომ, მას ყოველდღიურად რამდენიმე ვიზიტორი ჰყავს და საუბარი იმაზე, რომ საჭიროა დამატებითი საპარლამენტო კონტროლი და დეპუტატის მხრიდან პირობების გაცნობა, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად აცდენილია რეალობას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის წევრის თამარ კორძაიას სარჩელი წარმოებაში მიიღო. შესაბამის ინფორმაციას თამარ კორძაია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც კორძაია აღნიშნავს, საქმე ეხება პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებას, განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდოს პარლამენტის წევრებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს