„ლელოს წევრი“ ომარ ლომიძე - სურამში ტყეში ჩაბეტონებულ სივრცეს პირვანდელ სახეს უბრუნებენ - ვანდალიზმის ჩამდენი კი მუნიციპალიტეტმა უნდა დააჯარიმოს

ხაშურის საკრებულოს ფრაქცია "ხაშურისთვის" თავმჯდომარის მოადგილემ, "ლელოს" წევრმა ომარ ლომიძემ ხაშურის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს წერილობით მიმართა და მოითხოვა ჩართონ ადმინისტრაციული საქმის წარმოების მონიტორინგის პროცესში, რომელიც სურამში კერძო პირის მიერ სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე წიწვოვანი მცენარეების ჩაბეტონების ფაქტზე დაიწყო.
„ჩვენ ოფიციალურად მოვითხოვეთ მთლიანად მოიხსნას ბეტონის საფარი და მოხდეს ტერიტორიის რეკულტივაცია, რადგან მხოლოდ ვარჯის ირგვლივ ბეტონის ამონგრევა საკმარისი არ არის. აღნიშნული სამუშაოების შესრულებაზე მერიამ დაუყოვნებლივ უნდა გამოაცხადოს შესყიდვა, ხოლო მერიის მიერ გაღებული ხარჯები სრულად ანაზღაურდეს რეგრესის წესით დამრღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის ხარჯზე" , - აცხადებს ხაშურის საკრებულოს ფრაქცია "ხაშურისთვის" თავმჯდომარის მოადგილე, "ლელოს" წევრი ომარ ლომიძე.
მერიაში შეტანილი ოფიციალური განცხადების შემდეგ, დღესვე „ლელოს" წევრს დაუკავშირდა ხაშურის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი და განუცხადა, რომ ოპოზიციას შეუძლია ჩერთოს პროცესში, სრულად გააკონტროლოს პროცესი, ხოლო ტერიტორიის პირვანდელი სახით აღდგენა უკვე დაიწყო და ხვალ საღამოსთვის დასრულდება.
ხაშურის საკრებულოს ფრაქცია "ხაშურისთვის" თავმჯდომარის მოადგილემ, "ლელოს" წევრმა ომარ ლომიძემ ადგილზე უკვე განახორციელა მონიტორინგი, სამუშაოები შემთხვევის ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს. მისი თქმით, ოპოზიციის ამ ფორმით ჩართულობა პროცესში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ეფექტურია და მოსახლეობის ინტერესებს ემსახურება.
ინფორმაციას „ლელო“ ავრცელებს.

























