ბათუმში ფრიდონ ხალვაშის ბიუსტი განთავსდა

ბათუმში ქართველი მწერლის, პოეტისა და პუბლიცისტის, ფრიდონ ხალვაშის ბიუსტი განთავსდა, რომლის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მიიღო. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოს, აჭარის წინაშე ფრიდონ ხალვაშის ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრა.
ბიუსტი ბათუმში მწერალთა სახლის მიმდებარედ დაიდგა და მისი ავტორი მოქანდაკე თეიმურაზ მახარაძეა.
ძეგლის გახსნა „ფრიდონობას" მიეძღვნა, რომელიც უკვე წლებია, ტრადიციულად პოეტის დაბადების დღეს აღინიშნება.
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ახალგაზრდა მწერლებისთვის ფრიდონ ხალვაშის სახელობის სტიპენდია დაწესდეს.
„ბათუმში ყველასათვის საყვარელი მწერლის, ფრიდონ ხალვაშის ბიუსტი განთავსდა. ჩვენთვის საამაყო და სამაგალითოა ის გავლილი გზა, რასაც ფრიდონ ხალვაშის მოღვაწეობა ჰქვია. აქტიურად ვმუშაობთ სოფელ გეგელიძეებში ფრიდონ და ზაზა ხალვაშების სახლ-მუზეუმის და კინოსტუდიის მოწყობისთვის. ახალგაზრდებში მოტივაციის გაზრდისა და ფრიდონ ხალვაშის სახელის უკვდავსაყოფად, გადაწყვეტილება მივიღეთ, ახალგაზრდა მწერლებისთვის ფრიდონ ხალვაშის სახელობის სტიპენდია დავაწესოთ", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას.
ბიუსტის გახსნის ღონისძიებას დღეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მწერლის ოჯახის წევრები, კოლეგები ესწრებოდნენ.

























