ამბროლაურის მუნიციპალიტეტში პროექტის „მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე“ (New Life for Mountainous Georgia), წარდგენის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, პაპუნა მარგველიძე პირველ მოადგილესთან, ქრისტინა კობახიძესთან ერთად დაესწრო. ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახელმწიფო რწმუნებული დამსწრე საზოგადოების წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD-4) ფარგლებში, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC) ახორციელებს.
„პროექტი ასევე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურსცენტრთან და ჰააგის ადგილობრივი მმართველობის აკადემიასთან პარტნიორობით ხორციელდება, რომლის სამიზნე რეგიონსაც რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი წარმოადგენს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს სიღარიბის შემცირებას და მოწყვლადი შინამეურნეობების სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას სამიზნე რეგიონში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის, ყველაზე დაუცველი/მოწყვლადი წარმომადგენლების (ქალები, მიგრანტები, მაღალმთიან რაიონებში/სოფლებში მცხოვრები პირები, ახალგაზრდები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ეთნიკური, რელიგიური და სხვა უმცირესობები) როლის გაზრდა სოფლის განვითარებაში; სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის ჩართულობა სოფლის განვითარების პროცესში; ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით მოწყვლადი ნაწილისათვის, მათი სოციალური ინტეგრაციისა და ბიზნეს სექტორში ჩართულობის მხარდაჭერით; ადგილობრივი ახალგაზრდების ინიციატივების მხარდაჭერა და განხორციელების ხელშეწყობა; სოფლის მოსახლეობისთვის საჯარო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
პრეზენტაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან ხელისუფლების, მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"