თაღლითები გააქტიურდნენ და დაზარალებულთა რაოდენობამაც მოიმატა
“უკრაინელების მხრიდან ბახმუტის გარშემო სიმაღლეების დაკავებას ვიხილავთ, შემდეგ კი მისი ალყაში მოქცევა დაიწყება”
ტანკების კოალიციის შემდეგ თვითმფრინავების კოალიცია - “ეფ-16”-ზე ყინული დაიძრა
* * *
თაღლითები გააქტიურდნენ და დაზარალებულთა რაოდენობამაც მოიმატა
“საქართველოში თაღლითობის შემთხვევები გახშირდა და ინტენსიური სახე მიიღო. დიდი ოდენობით თანხის დაუფლების ფაქტი სხვადასხვა სფეროში მრავლად ვლინდება. თაღლითობა უძრავი ქონებით, საბანკო ბარათებითა და პერსონალური მონაცემების გამოყენებით - მსგავსი ეკონომიკური დანაშაულები გახშირებულია, ხოლო სქემების ამოცნობა კი არც ისე მარტივია. სტატისტიკით ირკვევა, 2023 წლის პირველ კვარტალში კომპიუტერული დანაშაულის 257 ფაქტი დაფიქსირდა. აქედან, გაიხსნა 109 შემთხვევა, ანუ 42.41%. გასული წლის იმავე პერიოდში რეგისტრირებული იყო 245 შემთხვევა, აქედან, გახსნილია 84 საქმე, ანუ 34.29%. კომპიუტერულ დანაშაულებს შორის გაზრდილია მხოლოდ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ფაქტები. წლიურად ზრდა 12.21%-ია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით თაღლითები გააქტიურდნენ და დაზარალებულთა რაოდენობამაც მოიმატა / “სცენარი რამდენიმეა, ყველაზე გავრცელებული არის, რომ ადამიანი იღებს შეტყობინებას თითქოსდა რომელიმე ფინანსური ინსტიტუტის სახელით...”.
“როგორც საქართველოს საბანკო ასოციაციის კიბერუსაფრთხოების კოორდინატორი ინგა ქარჩავა აღნიშნავს, დანაშაულის ყველაზე გავრცელებული ხერხი “ფიშინგ შეტევაა”. “ძირითადად, შეტევა კერძო პირებზე ხდება და ყველაზე გავრცელებული ხერხი დღესაც რჩება “ფიშინგი”, როდესაც ხდება შეტყობინების გაგზავნა, რომელიც შეიძლება იყოს ელექტრონული ფოსტით და ასევე მესიჯის სახით, სადაც მითითებულია მავნე ბმული. სცენარი რამდენიმეა და ყველაზე გავრცელებული არის, რომ ადამიანი იღებს შეტყობინებას თითქოსდა რომელიმე ფინანსური ინსტიტუტის სახელით, სადაც ნათქვამია, რომ მის ანგარიშზე არის საეჭვო აქტივობა დაფიქსირებული, ამიტომ შევიდეს მითითებულ ბმულზე და შეიყვანოს პირადი მონაცემები, იმ იდეით, რომ გადამოწმება მოხდეს ანგარიშზე ხომ არ არის რაიმე არაავტორიზებული აქტივობა. სინამდვილეში კი, ამ მავნე ბმულით, რომელიც დასახელებითაც, სიმბოლიკითაც და სხვა მახასიათებლებით მიმსგავსებულია რომელიმე ფინანსურ ინსტიტუტთან, ხდება კიბერდანაშაული”, ამობს ქარჩავა, რომლის თქმით, ამ დროს ითხოვენ ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის პაროლის შეყვანას და ვინაიდან ყალბი გვერდია, ასევე ითხოვენ ერთჯერადი კოდის შეყვანას, რომელსაც ადამიანი იღებს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ონლაინ ყიდვა-გაყიდვის პლატფორმაზეც შესაძლოა, იყო ასეთი შემთხვევები. მაგალითად, როდესაც მომხმარებელს გასაყიდად ნივთი აქვს განთავსებული, თაღლითი უკავშირდება იმ იდეით რომ ნივთის შეძენა სურს. ეუბნება, რომ გაფორმებულია ორდერი. აგზავნის ბმულს, სადაც მოთხოვნილია პაროლი ან საბარათე მონაცემები. გაუთვითცნობიერებელი მომხმარებელი კი არ ფიქრობს, რატომ უნდა შეიყვანოს პირადი მონაცემები, მაშინ, როდესაც ის არაფერს ყიდულობს, პირიქით, ის არის თანხის მიმღები და მხოლოდ ანგარიშის ნომერი შეუძლია გაუზიაროს, თანხის ჩასარიცხად. ესეც ფიშინგის შემთხვევაა. ნივთის გაყიდვის შემთხვევაში ან უძრავი ქონების გაქირავების დროს, ერთადერთი ინფორმაცია, რისი გაზიარებაც ადამიანს უსაფრთხოდ შეუძლია, არის მისი ანგარიშის ნომერი, სადაც უნდა მიიღოს თანხა. მთავარი არის ის, რომ თაღლითები მომხმარებლისთვის ნაცნობ ვითარებას, სივრცეს და პლატფორმას იყენებენ. სცენარი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველა თაღლითი ადამიანისგან ითხოვს იმ მონაცემების გაზიარებას, რომელიც რეალურად არ უნდა გააზიაროს”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ინგა ქარჩავა.
“პრევენციული ღონისძიება არის უპირველესი. ასეთ მავნე ბმულებს ადამიანები არ უნდა მიჰყვნენ, საერთოდ არ უნდა გახსნან. თუ ადამიანს რამის ლეგიტიმურობაში ეჭვი ეპარება, ჩვენი რეკომენდაციაა კონკრეტული ორგანიზაციის დასახელება მომხმარებელმა თვითონ მოიძიოს და დარწმუნდეს, რომ ნამდვილად ლეგიტიმურია. თუ ადამიანს რომელიმე კარგად ნაცნობი სავაჭრო ობიექტის ან კონკრეტული ფინანსური საბანკო დაწესებულების სახელით ვინმე უკავშირდება და სთხოვს ანგარიშის ვერიფიცირებას ანდა სთავაზობს სასესხო პროდუქტს და შემდეგ კონფიდენციალური მონაცემების შეყვანას სთხოვს, იგი მინიმუმ ფინანსური დაწესებულების ოფიციალურ ვებ-გვერდზე უნდა შევიდეს და იქ გადაამოწმოს ყველაფერი ან მისთვის ნაცნობი ბანკის ცხელ ხაზზე დარეკოს. ეს არის საბაზო რეკომენდაცია და რჩევა, რომელითაც შეგვიძლია მოვახდინოთ მსგავსი თაღლითური შემთხვევების პრევენცია”, - დასძენს ქარჩავა.
“არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკები” მოსახლეობას ახალი კიბერდანაშაულის შესახებ აფრთხილებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ახალი სქემით, ბანკის მომხმარებლებს მოკლე ტექსტური შეტყობინება სხვადასხვა სერვისებზე დავალიანების შესახებ ატყობინებს და ყალბი ვებ-საიტის ბმულზე ბარათის მონაცემების შეყვანას სთხოვს. ბარათის მონაცემების მოპარვის პრევენციისათვის “საზოგადოება და ბანკები” მომხმარებლებს რამდენიმე რჩევას უზიარებს: არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულზე, დააკვირდით ბმულს, როგორც წესი, ოფიციალური აპლიკაციის/ვებგვერდის სიმბოლოებში განსხვავებაა, თავად აკრიფეთ მისამართი და დააკვირდით საიტზე “ბოქლომს” (უნდა იყოს დახურულ მდგომარეობაში), არასდროს არავის გაუზიაროთ პირადი საბანკო მონაცემები და ერთჯერადი კოდი. ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში, ადამიანი ძალიან მარტივად მიხვდება აქვს თუ არა თაღლითობასთან საქმე”, - წერს სტატიის ავტორი.
“თაღლითები ძალიან ავითარებენ და ხვეწენ თავიანთ მეთოდებს. იყენებენ სხვდასხვა ცნობილი კომპანიის, ვებ-გვერდების სახელს და ისე აკეთებენ, რომ თითქოს, მართლაც შევდივართ პირობითაც “საქართველოს ფოსტის” საიტზე. არადა, კიბერდანაშაულის შემთხვევაში გადავდივართ კლონირებულ ვებ-გვერდზე. სწორედ ამიტომ უნდა დავაკვირდეთ ყველა დეტალს, ვებ-გვერდის დასახელებაში რა და როგორ წერია, რადგან შესაძლოა, ერთ ასოში იყოს განსხვავება. სამწუხაროდ, ადამიანები დაუფიქრებლად გადადიან ბმულზე, შემდეგ რაღაც დამატებითი კოდებს ითხოვენ, ზოგი ამას აკეთებს, რისი მეშვეობითაც თაღლითებს უადვილდებათ ანგარიშებიდან თანხის მოპარვა. ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარი თავის დაცვა. ბანკის მხრიდან ყველას ანგარიშის გაკონტროლება შეუძებელია, რადგან მილიონობით ანგარიში არსებობს, ამიტომ ვაფრთხილებთ მომხმარებლებს, რომ იყვნენ ყურადღებით, ვითარებას სკეპტიკურად შეხედონ და არ გადავიდნენ ისეთ ბმულზე, რაშიც ეჭვი ეპარებათ. არაფერ რთულზე არ ვსაუბრობთ, მარტივი საკითხი, სულ 2-წუთიანი დაფიქრებაა საჭირო და მაშინვე მიხვდება ადამიანი, რომ საქმე აქვს თაღლითებთან”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კეპულაძე.
“უკრაინელების მხრიდან ბახმუტის გარშემო სიმაღლეების დაკავებას ვიხილავთ, შემდეგ კი მისი ალყაში მოქცევა დაიწყება”
“უკრაინის ომში ქალაქ ბახმუტისთვის “ცხელი” შეტაკებები გრძელდება. ახლა ფრონტის ხაზზე ყველაზე აქტიური ბრძოლები ბახმუტში მიმდინარეობს. უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის, ალექსანდრე სირსკის განცხადებით, ბახმუტის გარშემო უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება. მან ბახმუტთან ახლოს უკრაინელი სამხედროები მოინახულა და მადლობა გადაუხადა 3 დღის განმავლობაში განხორციელებული კონტრშეტევითი ქმედებებისთვის, რამაც მტრის დეზორიენტაცია გამოიწვია. ალექსანდრე სირსკის განცხადებით, “ვაგნერელები” თავს ახლა ისე გრძნობენ, როგორც ვირთხები ხაფანგში. მისი თქმით, ბახმუტის დამცველები აქტიური თავდაცვის პრინციპს იყენებენ, რითაც ანადგურებენ მტრის გეგმებს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს “უფრო მეტი რესურსი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “უკრაინელების მხრიდან ბახმუტის გარშემო სიმაღლეების დაკავებას ვიხილავთ, შემდეგ კი მისი ალყაში მოქცევა დაიწყება” - ვითარება ფრონტის ხაზზე
“უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა თითქმის 20 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს, თავად ქალაქში კი სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. “ბოლო დღეებში გავათავისუფლეთ გარეუბანში თითქმის 20 კვადრატული კილომეტრი. გვაქვს პროგრესი ზოგიერთ სფეროში. სასტიკი ბრძოლებია თავად ბახმუტში. მტერი გარკვეულწილად წინ მიიწევს”, - ამბობს მინისტრის მოადგილე. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე ამბობს, რომ ბახმუტი მთელი ამ ხნის განმავლობაში ოპერატიული წნეხის ქვეშ იმყოფებოდა და რუსები ქალაქის ალყაში მოქცევას ცდილობდნენ. ახლა კი უკრაინელებმა ამოისუნთქეს და ბახმუტის გათავისუფლებისთვის ბრძოლა დაიწყეს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ნელ-ნელა ვიხილავთ უკრაინელების მხრიდან ბახმუტის გარშემო სიმაღლეების დაკავებას, შემდეგ კი მისი ალყაში მოქცევა დაიწყება. აქ კი ყველაზე დიდი საფრთხე ტყვედ ჩავარდნის პრიგოჟინს და მის სამხედრო დაჯგუფებას “ვაგნერს” ემუქრებათ. მიუხედავად იმისა, რომ ბახმუტში ასეთი თავგანწირვა მიდის, გარწმუნებთ, რომ უკრაინელები ფრონტის სხვადასხვა უფრო მნიშვნელოვან მიმართულებებზე შეტევას დაიწყებენ. უკრაინელები ახლა დაზვერვაზე არიან გადასულები. მცირე დანაყოფები ფრონტის სხვადასხვა ადგილებში ბრძოლით შედიან და ზვერავენ მოწინააღმდეგეს სუსტი წერტილები სად აქვს. სწორედ ამის შემდეგ მის გარღვევას დაიწყებენ. აუცილებელი იყო ბახმუტის გარშემო ხაზი აღედგინათ და ის ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფი, რასაც “ვაგნერი” ჰქვია, გაეტეხათ. ახლა მის სრულ დემორალიზებას ცდილობენ, რათა ბახმუტიდან განდევნონ ან ალყაში მოაქციონ და ტყვედ ჩაბარდნენ. უკრაინელებს ხელს რუსულ ელიტაში არსებული დიდი განხეთქილებაც უწყობს. ამიტომ ვიხილავთ ბახმუტის მიმართულებაზე სერიოზულ წარმატებას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე.
“ბახმუტი თითქმის სრულად არის განადგურებული, თუმცა უკრაინელები ცდილობენ რუსების ფსიქოლოგიური გატეხვა მოახერხონ. თუკი “ვაგნერს” ბახმუტიდან აიძულებენ გაიქცნენ, ეს იქნება არა სამხედრო, არამედ დიდი ფსიქოლოგიური და პოლიტიკური გამარჯვება. ვაგნერის დიდი ნაწილი ტყვედ ჩავარდება, ან ვინც მოასწრებს გაიქცევა... კონტრშეტევის დაწყებას უკრაინელების მხრიდან ალბათ უფრო სამხრეთის ფრონტზე უნდა ველოდოთ. თუმცა არ გამოვრიცხავ თავდასხმა იგივე ლუგანსკსა და დონეცკზეც მოხდეს. ბახმუტი უბრალოდ ოპერატიული აუცილებლობით გამოწვეული ოპერაციაა. შეტევა შესაძლოა ვიხილოთ ზაპროჟიეს მიმართულებაზე. ამ ომს რამდენიმე საკვანძო წერტილი აქვს. ეს არის ნოვოკახოვკას კაშხალი და მასზე გადასასვლელი. საიდანაც ფაქტობრივად ზაპოროჟიიდან სამხრეთში უკრაინამ ძალები გადაიყვანოს. ამიტომ ვფიქრობ თუკი რაიმე ალბათობა იქნება უკრაინელები ნოვოკახოვკას დაიბრუნებენ და იქიდან დნიპროს მეორე ნაპირზე გადმოვიდნენ. მეორე საკვანძო წერტილი მელიტოპოლია. ახლა ყველა გზა მელიტოპოლზე გავლით იკეტება”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ამიტომ საჭირო იქნება ტაქტიკური მანევრი, მელიტოპოლზე გვერდის ავლა. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინა დაბომბვის მხრივ წნეხს ნოვოკახოვკის მიმართულებაზე ზრდის. ამიტომ სამხრეთის მიმართულება უფორ ადვილად გასავითარებელია, თუკი ამ საკვანძო წერტილებს გვერდს რაღაცნაირად აუვლიან, ან ამ მდინარეს გადალახავენ. აღმოსავლეთის ფრონტზე სულ სხვა სურათი გვაქვს. იქ ძალიან მჭიდრო ბრძოლის ველია. აქ თითქმის მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სცენარი ვითარდება. აღმოსავლეთის ნებისმიერ მიმართულებაზე უკრაინელებს საკმაოდ მძიმე გარღვევები მოუწევთ, რომელიც ბევრ საბრძოლო მასალას და ბევრ რესურსებს მოითხოვს”, - დასძენს ბერიძე.
ტანკების კოალიციის შემდეგ თვითმფრინავების კოალიცია - “ეფ-16”-ზე ყინული დაიძრა
“რამდენიმეთვიანი დუმილის შემდეგ, უკრაინისთვის “ეფ-16”-ების გადაცემის საკითხი დაიძრა - დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები შეთანხმდნენ, რომ ამ მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების მიზნით საერთაშორისო კოალიციის შექმნაზე იმუშავებენ. ნატოს წევრი ქვეყნები კი მზაობას გამოთქვამენ უკრაინელი პილოტების გადამზადებასთან დაკავშირებით. სამხედრო ანალიტიკოსთა შეფასებით, “ეფ-16”-ებზე კოალიციის შექმნის პერსპექტივა არის, თუმცა, რამდენიმე საკითხია გადასაჭრელი, რომელთაგან ერთ-ერთი პილოტების გადამზადებაა, რასაც დრო სჭირდება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე საერთაშორისო კოალიციის შესაქმნელად იმუშავებენ, რათა უკრაინას, პუტინის შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევის ამ გადამწყვეტ მომენტში “ეფ-16” ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მოპოვებაში დაეხმარონ. პრემიერ-მინისტრები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას საჰაერო შესაძლებლობებით უზრუნველყოფის მიზნით მხარდაჭერას გაუწევენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ტანკების კოალიციის შემდეგ თვითმფრინავების კოალიცია - “ეფ-16”-ზე ყინული დაიძრა.
“პრემიერ-მინისტრები რიში სუნაკი და მარკ რუტე შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ საერთაშორისო კოალიციის შექმნაზე, რათა უკრაინა საბრძოლო საჰაერო შესაძლებლობებით უზრუნველყონ, ყველაფერში მხარდაჭერის აღმოჩენით: წვრთნებიდან დაწყებული, “ეფ-16” საბრძოლო თვითმფრინავების მოპოვებით დამთავრებული”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელიც “დაუნინგ სთრითმა” რიში სუნაკისა და მარკ რუტეს ისლანდიაში მიმდინარე ევროსაბჭოს სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ გაავრცელა. ამასთან, ბელგია აცხადებს, რომ მზადაა, უკრაინელ პილოტებს ამერიკულ “ეფ-16” ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებზე წვრთნები ჩაუტაროს. გავრცელებული ინფორმაციით, “ეფ-16” თვითმფრინავების საკითხი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელგიისა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრებთან, ალექსანდრ დე კროოსა და მარკ რუტესთან შეხვედრებზე განიხილა. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმაც დაადასტურა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ჩვენ გვჭირდება საბრძოლო თვითმფრინავები და მადლობას ვუხდით მოკავშირეებს ამ მიმართულებით მუშაობისთვის. კერძოდ, ბელგიამაც დაადასტურა მზადყოფნა პილოტების მომზადებისთვის”, - წერს ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელში. ექსპერტი, სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიან ომში, რა თქმა უნდა, უკრაინას მეტი საფრენი აპარატი სჭირდება, რადგან რუსეთი რაოდენობითაც და ხარისხითაც ბევრად სჯობს იმას, რაც დღეს უკრაინის განკარგულებაშია. თუმცა, “ეფ-16”-ების უკრაინისთვის გადაცემას ცალკეული ქვეყანა ვერ ბედავს, ამიტომაც კოალიციას პერსპექტივა აქვს. მისი თქმით, ეს თვითმფრინავები დიდი ბრიტანეთის არსენალში არაა, თუმცა, ნატოს რამდენიმე ქვეყანას აქვს”, - განაგრძობს გამოცემა.
“უკრაინელებმა თავისი არჩევანი “ეფ-16”-ის ტიპის მრავაფუნქციონირებად გამანადგურებელზე შეაჩერეს, ეს ლოგიკურიცაა, რადგან ამ ერთძრავიანი თვითმფრინავის ექსპლუატაცია შედარებით იაფია, ვიდრე ორძრავიან და უფრო თანამედროვე ამერიკული და ევროპული თვითმფრინავების. “ეფ-16”-ები მთელს მსოფლიოში დიდი რაოდენობითაა გავრცელებული, შეიარაღებაში ჯერ კიდევ რამდენიმე ათასი აქვთ. ბევრი ქვეყანა მათ ჩამოწერას და თანამედროვე “ეფ-35”-ებით ჩანაცვლებას აპირებს. ნიდერლანდები ერთ-ერთია, რომელსაც ამ ტიპის თვითმფრინავის ცოტა ადრინდელი მოდიფიკაცია აქვს დარჩენილი და თანამედროვეებით ჩანაცვლება სურს. ამ თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემას ცალკეული ქვეყანა მაინც ვერ ბედავს და ცდილობენ, რომ როგორც ტანკების შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება უფრო კოლექტიური იყოს. ბრიტანეთს ეს თვითმფრინავები შეიარაღებაში საერთოდ არ აქვს, მაგრამ, ნიდერლანების, ბელგიის და ნატოს კიდევ ორი წევრი ქვეყნის არსენალში არის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.
“ამ კოალიციის პერსპექტივა არის და ეტყობა აქეთკენაც წავა საქმე, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ომის დასასრული ჯერ კიდევ არ ჩანს. ტანკებისგან განსხვავებით, ამ თვითმფრინავების ათვისება ბევრად უფრო რთულია, მთავარი სამი საკითხია გადასაჭრელი - ინფრასტრუქტურის, ანუ აეროდრომების მომზადება, ტექნიკური პერსონალის მომზადება, რომლებმაც “ეფ-16”-ებს ექსპლუატაცია უნდა გაუწიოს და მთავარი, სამხედრო მფრინავების მომზადება-გადამზადება. პილოტებზე ორი ვარიანტია - ყველაზე ადვილი გამოსავალი, პენსიაზე გასული იმ უცხოელი პილოტების დაქირავებაა, რომლებიც “ეფ-16”-ებზე დაფრინავდნენ და გადამზადება აღარ სჭირდებათ, კარგად იციან. თუ ახლა უკრაინის ინტერნაციონალურ ბრიგადებში სხვა ქვეყნის წარმომადგენელი არტილერისტები, ტანკისტები, ქვეითები იბრძვიან, ხომ შეიძლება ასევე ყოფილმა პილოტებმაც იბრძოლონ?! მაგალითად, უკრაინაში მოხალისე ჩადის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან ოფიციალურ კონტრაქტს აფორმებს, რომ ის უკვე უკრაინის შიარაღებული ძალების წარმომადგენელია და მას ვერავინ ვეღარ დააბრალებს იმას, რომ ისინი ან დაქირავებულები, ან სხვა პირები არიან. ასე არიან ის ქართველი მოხალისეეები, რომლებიც იქ იბრძვიან”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“რაც შეეხება უშუალოდ უკრაინელი პილოტების გადამზადებას, ვადები ასე მარტივად ვერ განისაზღვრება. გადამზადება მოეწყობა მათთვის, ვინც უკვე საბჭოთა წარმოების დავუშვათ “მიგ-29”-ებზე დაფრინავდა. პილოტი ფრენას ადვილად აითვისებს, მაგრამ აქ არა მარტო პილოტირებაზე, არამედ მის საბრძოლო გამოყენებაზეა საუბარი, რაც რთულია, ამას დრო უნდა და მარტივად ალბათ არ განხორციელდება... ამერიკელებისაც მესმის, რომ სიტუაციის ესკლაცია არ უნდათ, ამიტომაც ისინი “ეფ-16”-ების ინიციატორებად არ გამოდიან, მაგრამ, მათ არაერთხელ თქვეს, რომ წინააღმდეგობას არ გავუწევთ თუ სხვა ქვეყნები თავიანთ თვითმფრინავებს გადასცემენო, ეს უკვე მინიშნებაა, რომ ამერიკელები არაოფიცილურად ეტყობა ამ პროცესს წაახალისებენ და დაეხმარებიან”, - დაასკვნის ექსპერტი.
“ამასთან, მნიშვნელობა აქვს თუ უკრაინას რა მოდიფიკაციის “ეფ-16”-ებს გადასცემენ, მისი წარმოება ჯერ კიდევ 1970-იანი წლების შუა ხანებიდან დაიწყო, ასე, რომ შეიძლება მიგ-29-ებზე და სუ-27-ებზე ცოტა “ბებერიც” იყოს, მაგრამ გააჩნია რა მოდიფიკაციაზეა საუბარი. დღესაც აშშ-ის სამხედრო საგჰაერო ძალებში “ეფ-16” ტიპის განამადგურებლები არის, ოღონდ 50-ე, 70-ე, მოდიფიკაციის, ეს არა მარტო გამანადგურებელი, არამედ მრავალფუქციური საბრძოლო თვითმფრინავია, რომელსაც ჰაერი-ჰაერი, ჰაერი-მიწის, ჰაერი-ხომალდი ტიპის იარაღის გამოყენება შეუძლია. თუ ის “ეფ-16”-ები გადასცეს, რაც ნიდერლანდების, ან ბელგიის განკარგულებაშია, ისინი შედარებით მოძველებულებია და რუსულ “სუ-35”-ებთან ბრძოლა გაუჭირდებათ” , - დასძენს ირაკლი ალადაშვილი.