ბათუმის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რეზო ხარაზმა ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი კორუფციაში დაადანაშაულა. მან უმრავლესობის წევრებს შეახსენა, რომ ქალაქში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა.
მისივე თქმით, ბათუმის მერიის საქმიანობით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.
„გავაგრძელებ ბრძოლას რაც ხდება ქალაქში, აქ ზის ქალაქის მერი, თუ იცის როგორი განათებების სისტემა დააყენა ამ მერმა, ძველ ბათუმში? რაში ვიხდით 29 მილიონს?! ძალიან მალე უნდა იყოს დასრულებული ბაგრატიონის ქუჩა, თუმცა კატასტროფული მდგომარეობაა ქალაქში. ამ ქალაქის მერმა ახალი ავტომობილი შეიძინა და უპოვართა თავშესაფარი ვერ ააშენა, მაგრამ ახალი მანქანით მოძრაობს. მასთან უამრავი კითხვაა და პასუხს არ სცემს. როგორ მიაღწიეთ იმას, რომ ახალი ავტომობილით დადიხართ და სანაპირო ზოლი არაა, და ტურისტულ სეზონს უნდა შეხვდეთ? ჩემკენ ხელს ნუ იშვერთ, საუბარი დამასრულებინეთ. ქალაქის მერი კორუფციულ გადაწყვეტილებებს იღებს, ბათუმის მერია არის დახურული სტრუქტურა და მოვუწოდებ პროკურატურას, დაინტერესდეს“, - განაცხადა რეზო ხარაზმა.
რეზო ხარაზის ბრალდებებს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა სხდომაზევე უპასუხეს.
მათ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი აბსურდულ საუბარში დაადანაშაულეს.
„ამ ცირკს ვერ გააგრძელებთ, ამოიწურა თქვენი დრო, სისულელეს საუბრობთ. თავისუფალი ხარ ორიანი, მადლობა ღმერთს, ქალაქი შენ არ გეკითხება როგორი მერი ეყოლება ბათუმს”,- განაცხადეს “ქართულ ოცნების” წევრებმა.