ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ყველა ნაბიჯი გათვლილია ქვეყნის გაერთიანების იდეის მიღწევაზე, ეს ნაბიჯები გვაახლოებს დიდ ეროვნულ მიზანთან

ჩვენი ყველა ნაბიჯი გათვლილია ჩვენი ქვეყნის გაერთიანების დიდი იდეის მიღწევაზე, ყველა ეს ნაბიჯი გვაახლოებს ჩვენს საერთო, დიდ ეროვნულ მიზანთან, რაც არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ეს არის ჩვენი უალტერნატივო, სწორი, პრაგმატული და ეროვნული პოლიტიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ოჯახებისთვის ბინების მშენებლობის ადგილზე კაფსულის ჩადების ცერემონიის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთთან ფრენების აღდგენით საქართველოს ევროინტეგრაციას საფრთხე არ შეექმნება.

„საზოგადოება გვისმენს და მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, თუ როგორი ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს და მოქმედებს სრულიად გაკოტრებული, ხელმოცარული ოპოზიცია. მე მინდა ჩვენს საზოგადოებას შევახსენო, რომ ქალბატონი ხოშტარიას ცნობილი გამონათქვამი იყო, ამის კადრები არსებობს, სადაც იგი პირადად ლობირებდა ფრენების შესრულებასაც, უვიზო რეჟიმის გამართლებას ცდილობდა, ასევე, საუბრობდა, რომ აუცილებელი იყო სავაჭრო ურთიერთობების განვითარება რუსეთთან და ა.შ. იგივე ადამიანები და მათი ბელადი სააკაშვილი პირადად ხვდებოდა რუს ტურისტებს საზღვარზე. ეს ადამიანები ასე ურცხვად ატყუებენ საზოგადოებას და აყენებენ შეურაცხყოფას, ანუ გვეუბნებიან, რომ საზოგადოებას რასაც ეტყვიან უნდა დაიჯერონ, ეს არის შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება. აი, ამ დამოკიდებულების გამო ისინი დღეს და ყოველთვის იქნებიან ხელმოცარული ოპოზიცია. რაც იყო მათთვის დასაშვები, თურმე დღეს არის დაუშვებელი, სად არის ლოგიკა. ე.ი ჩვენი ომის შემდეგ, სადაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები დაიღუპნენ, ათიათასობის დევნილი მივიღეთ ჩვენი ქვეყნის შიგნით, ჯერ კაპიტულანტურ რეზოლუციას ხელი მოაწერინა სააკაშვილმა თავის გუნდის წევრებს. გახსოვთ, რომ არავითარი კამპანია არ უწარმოებიათ არც სანქციების დაწესებაზე, არც რაიმე შეზღუდვაზე და ამის შემდეგ ჯერ გადასცეს სტრატეგიული, ენერგეტიკული ობიექტები რუსულ სახელმწიფო კომპანიებს და შემდეგ ცალმხრივად მოუშალეს სავიზო რეჟიმი და გახსნეს ფრენები, ოღონდ ჩვენი ომის შემდეგ. და დღეს გვეუბნებიან, რომ იმის გამო, რომ უკრაინაში არის ომი ჩვენ ყველაფერი უნდა გავაჩეროთ, ჩვენი ხალხის მდგომარეობა უნდა გავაუარესოთ და ეკონომიკაზე და ვაჭრობაზე არ უნდა ვიფიქროთ. ჩვენი ყველა ნაბიჯი გათვლილია ჩვენი ქვეყნის გაერთიანების დიდი იდეის მიღწევაზე, ყველა ეს ნაბიჯი გვაახლოებს ჩვენს საერთო, დიდ ეროვნულ მიზანთან, რაც არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ეს არის ჩვენი უალტერნატივო, სწორი, პრაგმატული და ეროვნული პოლიტიკა. ჩვენ რასაც ვაკეთებთ ვაკეთებთ ჩვენი ხალხის ინტერესებისთვის.

დასავლეთის ქვეყნები ჩვენი ომის შემდეგ, როდესაც ჩვენი ქართველი ბიჭები დაიღუპნენ და ჩვენ სისხლი დავღვარეთ არა მარტო საქართველოში, არამედ ნატო-ს მისიებში - ავღანეთში, ერაყში, ყველგან ვიყავით ღირსეულად წარმოდგენილი, სისხლი დავღვარეთ, სიცოცხლე გავიღეთ, მივიღეთ სანაცვლოდ რა?! მივიღეთ ის, რომ აგვისტოს ომის შემდეგ არავის გადაუხედავს რუსეთთან პოლიტიკა, არავითარი ცვლილება არ შეუტანიათ პოლიტიკაში რუსეთთან მიმართებაში. ჩემი მიზანია ჩვენი ქვეყნის გადარჩება და დაცვა და ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესების დაცვა.

ჩვენ საკმაოდ დეტალურად განვმარტეთ, რომ არცერთი სანქცირებული კომპანია და თვითმფრინავი არ იფრენს საქართველოში, ამით ყველაფერი ნათქვამია. მე მქონდა ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, ლიდერებთან შეხვედრები და მე მათ ავუხსენი, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი, აქ ახალი და უცხო არაფერი არ არის. მე განვმარტე, რომ ეს არის ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობების შემადგენელი. ვისაც არ უნდა, რომ ქვეყანამ დაძლიოს სიღარიბე, უმუშევრობა, ვაჭრობა, ეკონომიკა იყოს, ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი.

მთავარია შედეგი! ჩვენ უნდა ვიფიქროთ საქმეზე და საქმე არის ის, რომ რაც მე ჩამოვთვალე ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, ყველაფერი არის შესაბამისობაში ჩვენს ეროვნულ პოლიტიკასთან და საერთაშორისო სანქციებთანაც, ამიტომ აქ კითხვები არ არსებობს.

მე ვფიქრობ, რომ არასწორად აკავშირებთ თუნდაც გადაწყვეტილებას, რომელიც უკავშირდება ვაჭრობის გააქტიურებას, მიმოსვლას და ა.შ. ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან. ეს არასწორი ინტერპრეტაციაა. ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, რადგან ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს. მეორე მიმართულებაა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია, რაშიც ჩვენს ხელისუფლებაზე მეტი არავის არ გაუკეთებია ბოლო 30 წლის განმავლობაში. თუ ვინმემ რაიმე შედეგი მოიტანა, ეს მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“. ასოცირება, უვიზო რეჟიმი, თქვენ, რომ გადაადგილდებით თავისუფლად 100 ევროდ ევროპაში, ეს ჩვენი დამსახურებაა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის „ქართული ოცნების“ დამსახურება. საფრთხე არაფერს არ შეექმნება, ჩვენ ყველა ნაბიჯს ვდგამთ სწორად. ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა მეგობრებო, რომ დავემორჩილოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ევროკავშირის პოლიტიკას, ჩვენ უნდა ვიყოთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და დღეს ჯერჯერობით არ ვართ, ამას დასჭირდება წლები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო