სალომე სამადაშვილი - მიზეზი, რატომაც უმრავლესობა გააფთრებულად იბრძვის, რათა საგამოძიებო კომისია არ შეიქმნას არის ის, რომ „ქოლ-ცენტრების“ არსებობა უჩა მამაცაშვილს, კახი კალაძეს, გრიგოლ ლილუაშვილსა და ოთარ ფარცხალაძეს უკავშირდება

ერთადერთი მიზეზი, რატომაც ხალხი უმრავლესობაში გააფთრებულად იბრძვის იმისთვის, რომ საგამოძიებო კომისია არ შეიქმნას არის ის, რომ ქვეყანაში არალეგალური „ქოლ-ცენტრების“ არსებობა უჩა მამაცაშვილს, კახი კალაძეს, გრიგოლ ლილუაშვილსა და ოთარ ფარცხალაძეს უკავშირდება, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე მსჯელობენ.

მისი თქმით, თუ ასე გაგრძელდება, ქვეყანა იმ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დადგება, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება შეაჩეროს.

„დღეს საქართველომ კიდევ ერთი ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა უკან. ეს იმის გამო, რომ თქვენმა ხელისუფლებამ სანქცირებულ რუსულ ავიახაზებს ნება მისცა, საქართველოში პირდაპირი ფრენები დაიწყონ. შემიძლია გითხრათ, რომ თუ ასე გაგრძელდება, საქართველო არა თუ ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, არამედ აღმოვჩნდებით იმ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება შეაჩეროს და რუსეთთან ერთად სრულად იზოლირებულები ვიყოთ.

ერთადერთი მიზეზი, რატომაც ხალხი უმრავლესობაში გააფთრებულად იბრძვის იმისთვის, რომ საგამოძიებო კომისია არ შეიქმნას, არის ასეთი: საჯარო სივრცეში ანონიმურად მიცემული ჩვენებების საფუძველზე, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში არალეგალური „ქოლ-ცენტრების“ არსებობა უჩა მამაცაშვილს, კახი კალაძეს, გრიგოლ ლილუაშვილსა და ოთარ ფარცხალაძეს უკავშირდება. სწორედ ამ ადამიანებს მფარველობს დღეს ის ხალხი, ვინც ქართველი ხალხის წარმომადგენლების როლში გვევლინებიან. არანაირი მიზეზი არ არსებობს იმისთვის, რომ საგამოძიებო კომისია არ შეიქმნას, გარდა იმისა, რომ ეს ხალხი საკუთარ მოკავშირეებს ხელს აფარებს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გარდა ამისა, სალომე სამადაშვილმა უმრავლესობის წევრებს მიმართა და ჰკითხა მათ, არიან თუ არა მზად, რომ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის პოსტი „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელმა დაიკავოს.

„მე მაინტერესებს, საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში, ვის ექნება უმრავლესობა საგამოძიებო კომისიაში და მზად ხართ თუ არა თქვენ, რომ კომისიის თავმჯდომარის პოსტი „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელმა ჩაიბაროს?“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
კახა ოქრიაშვილი - თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით
„ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
„დანკინმა“ განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსი მიიღო