გიორგი ბილანიშვილი - ხელისუფლება უკვე კარგა ხანია ჰიბრიდულ ომს აწარმოებს საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წინააღმდეგ და ხელს უწყობს საქართველოს დაახლოებას რუსეთთან

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების სპეციალისტს, გიორგი ბილანიშვილს ესაუბრა

- ბატონო გიორგი, 19 მაისს რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა აღდგა და მოსკოვსა და თბილისს შორის პირველი რეისიც განხორციელდა.

ის ვინც, როგორც ჩანს, ბოლო წლები ამ დღის მოსაახლოებლად დიდი ხანია იღვწოდა, სიხარულით შეეგება მომხდარს. მაგრამ, ფაქტია, ქართული საზოგადოების საკმაოდ დიდმა ნაწილმა მომხდარი გააპროტესტა.

მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის ფრენების აღდგენას მოსკოვის მხრიდან ჰუმანიტარულ ნაბიჯად ბევრი არ აღიქვამს, ხელისუფლება და საზოგადოების ნაწილი ისეთი აღფრთოვანებით მიესალმა ამ ამბავს, თან ისე, რომ უხერხულობის გრძნობა არავის ეტყობა.

გავრცელებული ცნობით, არაა გამორიცხული სოჭსა და თბილისს შორისაც აღდგეს საჰაერო მიმოსვლა. როგორც ჩანს, ვიცე-პრემიერ დავითაშვილის მიერ ნათქვამს, რომ საჰაერო მიმოსვლის აღდგენით საქართველო მოგების სახით 300-400 მილიონს მიიღებს, კიდევ დაემატება რამდენიმე ათეული მილიონი.

საქართველომ რუსი ტურისტებისთვის კარები ფართოდ მაშინ გააღო, როცა მცირე გამონაკლისის გარდა, რუსული თვითმფრინავები ევროპაში ვერ ჩადიან. საუბარია იმ ევროპაზე, რომელშიც გაცხადებული გვაქვს, რომ თითქოს მივისწრაფვით.

მოსკოვი-თბილისის რეისი თბილისში ჩამოფრენა ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილმა გააპროტესტა. ამ თემაზე მოვისმინეთ როგორც ხელისუფლების ისე ოპოზიციის კომენტარები. თქვენ როგორ შეაფასებდით რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენას და მომხდარზე როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების რეაქციებს?

- რუსეთმა ფრენების აღდგენასთან ერთად ასევე გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმი, რითაც მოხსნა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული ორი ნეგატიური სანქცია.

ცხადია, რომ რუსეთმა ეს გადაწყვეტილება გარკვეული გათვლით მიიღო და იგი დაკავშირებულია, როგორც საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის გეგმის რეალიზაციასთან, ისე მომავალში რუსეთის მიერ საქართველოსთან მიმართებაში გადასადგმელ ნაბიჯებთან.

მარტივად, რომ ვთქვათ ოპოზიცია გვეუბნება, რომ ფრენების აღდგენა და ვიზების გაუქმება ცუდია და ამას ძირითადად საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის წევრის სტატუსის შესაძლო ვერ მიღებას უკავშირებს, ხოლო ხელისუფლება გვეუბნება, რომ ცუდი ეს კი არ არის, არამედ ის იყო, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა.

რუსეთმა ეს გადაწყვეტილება გარკვეული გათვლით მიიღო და იგი დაკავშირებულია, როგორც საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის გეგმის რეალიზაციასთან, ისე მომავალში რუსეთის მიერ საქართველოსთან მიმართებაში გადასადგმელ ნაბიჯებთან

სიღრმისეულ ახსნას თუ რა მოხდა და რატომ მიიღო რუსეთმა სწორედ ახლა ასეთი გადაწყვეტილება საზოგადოებას არცერთი მხარე არ სთავაზობს. ოპოზიციის მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შესაძლო ვერ მიღების თემის წამოწევა სწორია, მაგრამ ჩემი აზრით არასაკმარისია რუსეთის ქმედების ასახსნელად.

თანაც, მგონია, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მხოლოდ ამ არგუმენტის გამოყენებაც არასაკმარისია. კანდიდატის სტატუსის მიღება თავისთავად არ ნიშნავს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას, რადგან ამ სტატუსის მიღების შემდეგაც გაწევრიანებამდე ჯერ კიდევ დიდი გზა იქნება დარჩენილი.

ამიტომაც ასეთ ვითარებაში ხელისუფლებას, ჩემი აზრით, არ გაუჭირდება ოპოზიციის ამ არგუმენტის გაქარწყლება.

- ზოგადად, რომ ქვეყნებს შორის უნდა იყოს საჰაერო მიმოსვლა, სავაჭრო და კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობები, სადავო, არა მგონია იყოს, მაგრამ ამ თემაზე აღმატებულ ტონში ხელისუფლების მხრიდან საუბარი გაუგებარია.

ფაქტია, რომ რუსი ტურისტების უმრავლესობა არ თვლიან რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის მიერაა ოკუპირებული, რომ უკრაინა-რუსეთის ომში აგრესორი რუსეთია.

ასეთ ვითარებაში იმის მტკიცება, რომ საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით რუსეთი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაზე საყვედური საქართველოს არ ეკუთვნის, არგუმენტად არ გამოდგება. არც ის გამოდგება არგუმენტად, რომ წინა პრეზიდენტმა რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზო მიმოსვლა რომ დაუწესა.

საქმე ისაა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ ჩვენი დასავლელი პარტნიორები საქართველოსგან მოითხოვდნენ მოსკოვთან ურთიერთობების დალაგებას. ახლა კი გვეუბნებიან, რომ უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე „რუსეთთან ურთიერთობების დალაგების დრო არაა“.

დამკვირვებელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ თუ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის წესი არ შეიცვალა, მათ ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში, არ დაუწესდათ ამ ქვეყანაში ყოფნის 90 დღიანი ვადა, მალე საქართველოში იმაზე მეტი რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდება, ვიდრე ბევრი ვარაუდობს.

რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მყოფი ქვეყნის ხელისუფლება არ აპირებს რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოვლის წესებში სერიოზულად გართულებას და კორექტივების შეტანას?

- გეთანხმებით, რომ ზოგადად ქვეყნებს შორის უნდა იყოს საჰაერო მიმოსვლა, ასევე სავაჭრო, კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობები, მაგრამ როდესაც საუბარია რუსეთზე, მას ჩვენ ვერ გავიყვანთ რომელიმე რიგითი ქვეყნის კატეგორიაში, რომელთანაც ასეთი ურთიერთობების არსებობა ჩვეულებრივი ამბავია.

ბევრი რომ არ ვისაუბროთ, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები და მას, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის ფონზე, გააჩნია ახლა უკვე ღიად დეკლარირებული მიზანი აღადგინოს ექსკლუზიური კონტროლი მის მეზობლებზე, მათ შორის, საქართველოზე.

უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის ფონზე, გააჩნია ახლა უკვე ღიად დეკლარირებული მიზანი აღადგინოს ექსკლუზიური კონტროლი მის მეზობლებზე, მათ შორის, საქართველოზე

რაც შეეხება იმას თუ რატომ არ აპირებს ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის წესში კორექტივების შეტანას, ამას ჩემი აზრით, ორი მთავარი მიზეზი გააჩნია: 1. ხელისუფლებას აქვს ამოცანა, რომ შეცვალოს საქართველოს მოსახლეობის განწყობა საქართველოს პროდასავლური საგარეო კურსის მხარდაჭერის მიმართ და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა ამ ამოცანასთან თანხვედრაშია, 2. თუ ამ წესს შეცვლის, ამით ირიბად აღიარებს, რომ აქამდე არასწორი პოლიტიკა ჰქონდა, რაც მისთვის პოლიტიკურად წამგებიანია და ამიტომაც არ გააკეთებს.

- როგორც კი რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები აღდგა, რუსეთში აქტიურად დაიწყეს აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთზე მიმოსვლის აღდგენაზე საუბარი.

როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამას წინათ თქვა, „ამაზე საუბარი ნაადრევია“. შესაძლოა ასეც იყოს. მაგრამ, აფხაზეთი კარგა ხანია ცდილობს ბაბუშარის აეროპორტის ამუშავებას. ვიცით, რომ ამ აეროპორტის აღდგენაში მათ რუსეთი ეხმარება.

არაა გამორიცხული, რუსულმა კომპანია „აზიმუტმა“ მალე სოხუმში ფრენა დაიწყოს. საქართველოს გარეშე ბაბუშარის აეროპორტის ამუშავებაზე გადაწყვეტილება მოსკოვსა და სოხუმს კარგა ხანია მიღებული აქვთ. არადა, იკაო, ფრენების საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმს საქართველოს გარეშე ამ აეროპორტის ამოქმედების უფლებას არ აძლევდა.

თუ ასე მოხდა, ფაქტია, რომ იმის გამო რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები აღდგენილია, თბილისი მოსკოვისა და სოხუმის წინაშე „განიარაღებული“ აღმოჩნდება ...

- ხელისუფლება უკვე კარგა ხანია ჰიბრიდულ ომს აწარმოებს საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წინააღმდეგ და ხელს უწყობს საქართველოს დაახლოებას რუსეთთან.

რაც შეეხება თქვენს მიერ ნახსენებ რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენას ოკუპირებული აფხაზეთის მონაკვეთის გავლით, აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ იზოლაციაში მოხვედრილი რუსეთისთვის ახალი სატრანზიტო მარშრუტების ამოქმედება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი გახდა.

ხელისუფლება უკვე კარგა ხანია ჰიბრიდულ ომს აწარმოებს საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წინააღმდეგ და ხელს უწყობს საქართველოს დაახლოებას რუსეთთან

ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის დერეფნების გახსნის მიმართ ინტერესი რუსეთში გაზრდილია. ამიტომაც შემთხვევითი ნამდვილად არ არის, რომ ამ თემაზე რუსეთში სულ უფრო აქტიურად საუბრობენ.

საქართველოშიც, მმართველი პარტიის მხრიდან გაჩნდა გზავნილი, რომ შეუძლიათ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის პრობლემის მოგვარება. ასეთი საინფორმაციო კამპანიის წარმართვის მიზეზი, ჩემი აზრით, საზოგადოებრივი აზრის მომზადება უნდა იყოს, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში ახალი მტკივნეული გადაწყვეტილების მისაღებად, რაც შესაძლოა ამ ოკუპირებული ტერიტორიების გავლით ტრანზიტის აღდგენას გულისხმობდეს.

- შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ ყველაფერ იმას, რაც რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლას, აგრესორ და ოკუპანტ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ამის ფონზე მასთან დაკავშირებულ პროცესებსა თუ აზრთა სხვადასხვაობაზე მსჯელობასა და კამათს სხვა არაფერი ჰქვია თუ არა ერის კოლექტიურ მეხსიერების პრობლემა.

თუ არ ვცდები, ზოგადად მეხსიერების პრობლემას მედიცინაში ამნეზია ჰქვია. მესმის, რომ რუსეთთან „ხიდების“ მშენებლობას, ბევრი ხელისუფლების პრაგმატულ პოლიტიკად აფასებს. შესაძლოა, ბევრი ჩვენ მართლაც არ ვიცით იმაზე, თუ რეალურად რა ხდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში, მაგრამ, რაც ზედაპირზე დევს, აშკარად ერის კოლექტიური მეხსიერების ამნეზიას ჰგავს.

სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს ერის მეხსიერების კოლექტიური ამნეზიის მიზეზი?

- თქვენ სწორად შენიშნეთ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, რაც ფრენების აღდგენასთან და სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან ერთად რუსეთის ერთიანი პოლიტიკის ნაწილია.

მაგალითად, თუ დავაკვირდებით საქართველოს ექსპორტს იგი გაზრდილია რუსეთში, მაგრამ გასული წლის მონაცემების თანახმად, კიდევ უფრო მეტად გაზრდილია სომხეთსა და ყაზახეთში. ორივე ეს ქვეყანა, რუსეთთან ერთად „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ ორგანიზაციის წევრია. ამიტომაც ამ ქვეყნებში ჩვენი ექსპორტის გაზრდა, სავარაუდოდ, კავშირშია რუსეთთან.

ცხადია, ზოგადად ექსპორტის გაზრდა მხოლოდ პოზიტიური მოვლენაა, მით უმეტეს საქართველოსთვის, რომელსაც უარყოფითი ბალანსი გააჩნია. მაგრამ ასევე ცხადია, რომ რუსეთში ექსპორტის გაზრდა სერიოზულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რისკებს უკავშირდება.

თუ რა რისკებზეა საუბარი, მგონია, რომ ეს ხელისუფლებას თეორიულადაც კი არ აინტერესებს. ეს იქიდანაც კარგად ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში სრულად მოიშალა ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესი, რომელიც მანამდე მართალია ხარვეზებით, მაგრამ მაინც არსებობდა.

რაც შეეხება კოლექტიური ამნეზიის მიზეზებს, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება. ერთი რამ ცხადია, რომ ჩვენი საზოგადოება თავის დროზეც მოუმზადებელი აღმოჩნდა დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის და შემდგომშიც, გარკვეული პროგრესის მიუხედავად, ვერც ერთ ეტაპზე ვერ მოახერხა ქმედუნარიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

- ხელისუფლების ოპონენტები და ჩვენი დასავლელი პარტნიორები ახლა ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო სცილდება ევროპას და უფრო მეტად უახლოვდება რუსეთს.

ამას წინათ, ბრიუსელიდან გვითხრეს, რომ საქართველო ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების იმ პუნქტს არღვევს, რომლითაც საქართველოს საგარეო პოლიტიკა თანხვედრაში უნდა იყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან.

როგორც ჩანს, ბრიუსელში შეუმჩნეველი არ რჩებათ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მიმართ საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა და ის, რომ იგი აცდენილია მის მიერ დეკლარირებულ ევროპულ გზას.

არადა, ხელისუფლება და მმართველი სახელისუფლებო გუნდი ამტკიცებს, რომ მისი მიზანია ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ქვეყნის სტატუსი. 2021 წლის აგვისტოში „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში თქვენ ნათქვამი გაქვთ - „ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან განსხვავებით, მოსკოვი ნამდვილად არ უნდა იყოს უკმაყოფილო იმით, რაც ახლა საქართველოში ხდება“.

არადა, საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე გადაწყვეტილება ევროკავშირმა უნდა მიიღოს. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საქართველოს რუსეთთან დაახლოებისკენ გადადგმულმა ნაბიჯებმა გაართულოს წლის ბოლოს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება?

- ამ საკითხში ჩვენ ისედაც რთული და არაორდინალური სიტუაცია გვაქვს. ჯერ იყო და უკრაინასთან ერთად მოლდოვასაც მისცეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს კი არა.

საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიღებასთან დაკავშირებით რთული სიტუაციის კიდევ უფრო გართულება და საბოლოო ჯამში ჩაგდება, არცთუ რთული ამოცანაა რუსეთისთვის, მით უმეტეს, რომ ამას ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკაც ხელს უწყობს

ახლა კი ხშირად გაიგებთ, რომ თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს ეს მხოლოდ იმიტომ მოხდება, რომ ამას საქართველოს საზოგადოება იმსახურებს და არა ხელისუფლება.

ცხადია, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიღებასთან დაკავშირებით რთული სიტუაციის კიდევ უფრო გართულება და საბოლოო ჯამში ჩაგდება, არცთუ რთული ამოცანაა რუსეთისთვის, მით უმეტეს, რომ ამას ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკაც ხელს უწყობს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს