ეკონომიკური სანქციის რაობა - დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე

(პირველი ნაწილი)

განვლილის განმეორებად

გარკვეული ხნის წინ შევეცადეთ გვემსჯელა ეკონომიკური სანქციის რაობაზე, რომელსაც ვრცელი სტატია საგანგებოდ მივუძღვენით. ეს მსჯელობა იმ ჯერზე განსაკუთრებით აქტუალური იყო საქართველოსათვის გეოგრაფიული სიახლოვით თუ ზემოქმედების მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო კონფლიქტის - უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის კონტექსტში (და ახლაც არის). მაშინ ამ მეტად ფუნდამენტურ საკითხზე საუბრისას, მეტწილად, მისი ცალკეული თეორიული ასპექტებით შემოვიფარგლეთ. დღეს, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის ერთ წელიწადზე მეტი ისტორიის გადასახედიდან, მაშინ განხილული რამდენიმე საკითხის დამატებით გაშლას შევეცდებით. ამასთანავე, რუსეთის მიმართ დასავლური სანქციების რამდენიმე პრაქტიკულ პრობლემას მიმოვიხილავთ. ცხადია, მაშინაც და ახლაც, საღად ვაცნობიერებთ, რომ ზოგან სათქმელს სრულად ვერ ვიტყვით, ზოგან კი ნათქვამი საკამათო იქნება. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან, სასანქციო მეცნიერებად აღიარებულ პრობლემატიკაზე დისკუსიას ასეთი „ხარვეზები“ ახასიათებს; მეტიც - მათ გარეშე დისკუსიაც არასრულყოფილი იქნება.

თუმცაღა, სანამ თემასთან დაკავშირებულ ახალ ფაქტებსა და გარემოებებზე მსჯელობას შევუდგებით, საჭიროდ მივიჩნევთ ადრე, ასე ვთქვათ, პირველ ჯერზე გამოთქმულ მოსაზრებებს განზოგადებულად და ნაწილობრივ კორექტირებულად მოვუყაროთ თავი. ვფიქრობთ, ეს საკითხის ამჟამინდელ განხილვას წაადგება და აუცილებელ „შესავალ სიტყვად“ გამოდგება. მაშასადამე:

  • სანქციების მექანიკური სიმრავლე („ტალღებად“ ამოქმედება) ყოველთვის როდი ნიშნავს სასანქციო ზომათა შედეგიანობასა და ეფექტიანობას;
  • სანქციებისაგან კონკრეტული პრაქტიკული სარგებლის მოლოდინი, არცთუ იშვიათად, გადამეტებულია, ხოლო მყისიერი „სასანქციო სასწაულმოქმედება“ – მითოლოგიზებული;
  • სანქციების კონკრეტული დანიშნულება თუ შინაარსი თვით კონფლიქტის ან გამოწვევის არსით არის განპირობებული; კონფლიქტებისა და გამოწვევების არსი იცვლება და ევოლუციონირებს საკუთრივ საერთაშორისო ურთიერთობებში ცვლილებებისა და გამოწვევების ევოლუციონირების კვალდაკვალ. ამდენად, ერთი კონკრეტული ვითარების კონტექსტში ეფექტიანად გამოყენებული ესა თუ ის სანქცია, შესაძლოა,სრულიად უსარგებლო გამოდგეს სხვა ვითარებაში;
  • სანქციების ამოქმედება უნდა ეყრდნობოდეს მათი კონკრეტული ამოცანებისა და მიზნობრივი დანიშნულების გააზრებას და არა კამპანიურობასა თუ პოლიტიკურ-იდეოლოგიურ ეფექტს; სხვაგვარად, პრაქტიკულ რაციონალურობას დაშორებული სასანქციო ზომა მალე გაფერმკრთალდება და დაკარგავს სარწმუნოობას, როგორც სამიზნე აუდიტორიის, ისე მისი განმახორციელებლის თვალში;
  • სანქციის ამოქმედება არ არის მხოლოდ ერთჯერადი აქტი: სანქციას ან სანქციათა პაკეტს მათი მოქმედების პროცესშივე მართვა და მონიტორინგი სჭირდება როგორც აუცილებლობისას კორექტირების (ესკალაცია/დეესკალაცია), ისე უზრუნველმყოფი ლოგისტიკის თვალსაზრისით; წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკონომიკურ იძულებასთან ასოცირებული პოლიტიკურ-მორალური ძალა, შესაძლოა ერთ ხმაურიან, მაგრამ არაფრისმომცემ „გასროლაში“ გაიფლანგოს;
  • სანქციის პრაქტიკულ აღსრულებას თანაბრად განაპირობებს როგორც ისტორიული მოცემულობა იმ კონკრეტული მომენტისათვის, ისე საერთაშორისო ურთიერთობათა კოდიფიკაციის ხარისხი და ტექნოლოგიათა განვითარების არსებული დონე;
  • სანქციის შედეგიანობის ალბათობა გაცილებით მცირდება დახურულ თუ ავტორიტარულ სამიზნე ქვეყანასთან მიმართებით; ხოლო ავტორიტარიზმის მაღალი ხარისხი პირდაპირ უკავშირდება ინფორმაციული სიჯანსაღის ნაკლებობას, ავტორიტარის მხრიდან საზოგადოებრივი აღქმისა და განწყობის კონტროლს;
  • მიზანშეწონილია, მეტი ყურადღება მიექცეს არა იმდენად ყოვლისმომცველ, არამედ „ჭკვიანი სანქციების“ დანერგვას, რათა შეძლებისდაგვარად მოხერხდეს არასამიზნე აუდიტორიის სანქციით გათვალისწინებელი „ტკივილისგან“ არიდება, ხოლო სასანქციო ტვირთის მთელი სიმძიმე მიზნობრივ აუდიტორიასაკენ მიემართოს;
  • სანქციებთან დაკავშირებული გეგმა მათი ამოქმედებისთანავე უნდა ითვალისწინებდეს სანქციებიდან გააზრებული გამოსვლის თანმიმდევრობას: „მათრახისა და კვერის“ სწორი თანაფარდობა ეფექტიანი ეკონომიკური იძულებისა და შეკავების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა;
  • თანამედროვე გლობალური ურთიერთდაკავშირებულობის გათვალისწინებით, ძალზე რთულია სასანქციო პოლიტიკით ისე აზარალო სხვა, რომ გარკვეული დოზითა და მასშტაბით თავად არ დაზარალდე. ეს, განსაკუთრებით, მსხვილი ეკონომიკური სისტემების დამახასიათებელი კონიუნქტურაა, ხოლო მათი ინტეგრირების ხარისხის ზრდასთან ერთად პრობლემა უფრო აქტუალური ხდება;
  • სანქცია ეკონომიკური იძულების ფორმაა, თუმცა მისი ეკონომიკასთან კავშირი მხოლოდ ამგვარი იძულებით არ ამოიწურება. სამიზნე ქვეყანასთან სავაჭრო-საქმიანი კავშირების სპეციფიკის გათვალისწინებით, ეკონომიკური იძულება შესაძლოა,საკუთარ ეკონომიკაში საჭირო სამზადისსა თუ გადაწყობას დაუკავშირდეს, განსაკუთრებით, ექსპორტირებული სასაქონლო ნომენკლატურის დროული და ნაკლებად ხარჯიანი ჩანაცვლების მიზნით. თავის მხრივ კი, ეს ყოველივე საკუთარი ამომრჩევლის თვალშიპოლიტიკური სანდოობის კაპიტალის გახარჯვის რისკს,შესაძლოა,დაუკავშირდეს;
  • ომისა და მშვიდობის ბედის გადასაწყვეტად სანქციების უნივერსალურ რეცეპტად მიჩნევა შეცდომაა, ხოლო რთული კრიზისების გადასალახად მხოლოდ მათი გამოყენება უფრო წინააღმდეგობრივიც შეიძლება აღმოჩნდეს.

აშკარაა, რომ რუსეთ-უკრაინას შორის ომი, ისევე როგორც მის ფონზე წარმოებული ფაქტობრივი პირველი მსოფლიო ეკონომიკური ომი, ახალი თეორიული და პრაქტიკული მასალით მოამარაგებს გეოეკონომიკის იმ იმართულებას, რაც ეკონომიკური იძულების თუ შემაკავებელი ხასიათის ღონისძიებათა პრაქტიკულ გამოყენებას უკავშირდება.

მოლოდინი

რუსეთის წინააღმდეგ დასავლური სანქციების პირველი ტალღა ჯერ კიდევ 2014 წლიდან, ყირიმის ანექსიის შედეგად ამოქმედდა. თქმა იმისა, რომ მათ რაიმე ქმედითი გავლენა მოახდინეს რუსულ პოლიტიკაზე, სასურველის სინამდვილედ გასაღება იქნება. რეალურად, 2014 წლიდან დღემდე განვითარებული პროცესების შემყურე, ამგვარი დასკვნისათვის შორს წასვლა არ გვჭირდება. მეტიც: მოსკოვმა იმპორტირებული საქონლის ჩამნაცვლებელი პროგრამა ინტენსიურად აამოქმედა, განსაკუთრებით აგროპროდუქტებისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან იმპორტის ნაწილში. აქტუალური გახდა ე.წ. პარალელური იმპორტი, რომელიც სანქციის ქვეშ მყოფ ეკონომიკას ზოგადად ახასიათებს.

2022 წლის თებერვალში დაწყებულმა ომმა დასავლურ სასანქციო წნეხს ახალი მუხტი შესძინა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ეს წნეხი ძალას თანდათანობით იკრებდა და, სავარაუდოდ, ამით აიხსნება რუსული ეკონომიკის სასანქციო პირობებთან ადაპტირების უნარი, რაც საწყის ეტაპზე გამოვლინდა. აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა მოსკოვის მიერ სასანქციო ზეწოლის შესამცირებლად გატარებული ზომებისა, რომელთა შორისაც რუსეთის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკა განსაკუთრებით გამოსარჩევია, სანქციების ეფექტის მინიმიზირებას ხელი შეუწყო რუსული ბაზრის მისატოვებლად უცხოური ბიზნესის მხრიდან განსაკუთრებული ენთუზიაზმის არქონამ. პირველი რეაქციის შემდეგ ზოგიერთი რუსეთს მიუბრუნდა, ზოგმა საქმიანი ოპერაციები მესამე პირთა მეშვეობით ან შეცვლილი სახელით განაგრძო, ნაწილმა კი, ნაცვლად რუსული ბაზრის ფორმალურად დატოვებისა, საქმიანობა შეჩერებულად გამოაცხადა. გასაგებია, რომ ამაზე საუბარი არ არის დიდად სასიამოვნო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აგრესორი ქვეყნის ეფექტიან შეზღუდვაზეა მსჯელობა. თუმცა ობიექტური აღქმისათვის აუცილებელია გვახსოვდეს, რომ განცხადებული იდეალიზმის ერთ–ერთი ძლიერი საპირწონე სწორედ რომ მსხვილ ეკონომიკურ სისტემებს შორის ურთიერთკავშირზე გამავალი სარგებლის მიღების რეალისტური იმპულსია. მაღალი ალბათობით, მომავალშიც საერთაშორისო პოლიტიკის დინებასა და ეკონომიკური იძულების ღონისძიებების დინამიკას სწორედ ეს იმპულსი განაპირობებს.

რუსეთის საპასუხო რეაქციაზე საუბრისას პარალელური იმპორტი და რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კონტრზომები ვახსენეთ. თუმცა, რუსეთის მიერ დღემდე „თავის მოტანის“ ხელშემწყობი სხვა ნაბიჯებიც უნდა აღვნიშნოთ, მათ შორის, სამამულო ბაზარზე მაქსიმალური ფოკუსირება, აგრესიის წინა პერიოდში კაპიტალის დარეზერვება და მეზობელ ქვეყნებთან სავაჭრო კავშირის უფრო მეტი გააქტიურება.

სტატიის ამ ნაწილში ჩამოთვლილი გარემოებები, რა თქმა უნდა, არ ემსახურება სათქმელს, თითქოს გეოეკონომიკის ეს უმნიშვნელოვანესი მიმართულება - სანქციებით იძულება - სხვა არაფერია ფუჭი და უნაყოფო სავარჯიშოს გარდა. ცხადია, არა. კრემლის წინაშე იდგა და დღეს კიდევ უფრო რთულად დასაძლევ ამოცანებს შორის დგას ომის გასაგრძელებლად დამატებითი ფინანსების გამოძებნა, სასანქციო რეპუტაციული სტიგმა, ისე როგორც მოსახლეობაზე (და საქმიან წრეებზე?) სტრესი. დროთა განმავლობაში ამ ამოცანებმა ხომ სულაც დაუძლეველის კატეგორიაში შეიძლება გადაინაცვლოს. მეტიც, ეკონომიკის შემდგომი მილიტარიზაცია რუსეთის ფედერაციაში საბჭოთა კავშირის პრეცედენტის განმეორების ალბათობას ქმნის. ეს კი მთლიანად რუსული სახელმწიფოს ერთიანობასა და მდგრადობას ემუქრება.

პრაქტიკული სათქმელი სხვა არის: რეალური შედეგის მისაღწევად, განსაკუთრებით ესოდენ რთულ, დიდ, კომპლექსურ და ადაპტირების უნარის მქონე ეკონომიკურ სისტემასთან მიმართებით, სანქციების „მყისიერ“ შედეგთან დაკავშირებული მოლოდინი რეალისტური უნდა იყოს. სანქციებით დასახული მიზნების მისაღწევად საჭიროა დრო, თანმიმდევრობა და მონაწილე ქვეყნების რაც შეიძლება ფართო კოალიცია. ამიტომაც, სტატიის მომდევნო თავებში განხილულ ცალკეულ ასპექტებს საგანგებოდ, ერთგვარ დამხმარე წანამძღვრად დავუთმეთ მისი შესავალი ნაწილი.

გასულმა პერიოდმა, მისი განზოგადებული სახით...

...გვიჩვენა, რომ მსხვილმასშტაბიან სანქციებს მედლის ორი მხარე ახასიათებს. სხვაგვარად რომ ითქვას, სასანქციო იარაღის უპირობო მომხრეებს დაფიქრებისათვის საკმარისი მასალა მიეცა, ხოლო ვისაც ამ იარაღის ეფექტიანობაში ეჭვი შეჰქონდათ, დამოკიდებულების გადაფასების საფუძველი შეუქმნა. უფრო კონკრეტულად კი, ამ დრომდე დასავლეთისა და რუსეთის მაგალითზე ვითარება შემდეგია.

მიუხედავად საწყისი დარტყმისა, რუსეთის საფინანსო სისტემამ შედარებითი სტაბილურობა მაინც შეინარჩუნა, ხოლო დასავლური სანქციების ამოქმედებიდან გარკვეული დროის შემდეგ რუბლმა პოზიციები დაიბრუნა. ეს შუალედური წარმატებაც, ძირითადად, ცენტრალური ბანკის ტექნოკრატიულ მიდგომას მიეწერება. აქვე ობიექტურად უნდა აღინიშნოს ის უცნაურობებიც, რომლებიც დასავლურ მიდგომაში იკითხებოდა. მათ შორის, დაგვიანებული გადაწყვეტილებები რუსული ეკონომიკური სისტემის ხერხემლის, - მისი ენერგოსექტორის „გადატეხისკენ“ მიმართულ ზომების გასატარებალად, ისევე როგორც ქვეყნის შიგნით დასავლური სადებეტო ბარათების მიმოქცევის თუ რუსული საფინანსო ინსტიტუტების მცოცავ და არა მყისიერ და სრულფასოვან ბლოკირებაზე. დასავლური კოალიციის რიგებში გარკვეული უთანხმოების, გაუბედაობისა თუ „რაციონალურობის“ გამოძახილია, რომ 2022 წლის რუსული ნავთობის ექსპორტზე კრემლის შემოსავალმა 220 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 20%-იან ზრდას წარმოადგენს. სწორედ ამ და რიგი სხვა გარემოებების შედეგია, რომ 2022 წელს რუსული ეკონომიკის 8.5%-ით საპროგნოზო შემცირების ნაცვლად, რეალურმა შემცირებამ 2.2% შეადგინა. თუმცაღა, ეს ზემოხსენებული მედლის მხოლოდ „ნათელი“ მხარეა.

ცხადია, დასანქცირებულ ეკონომიკაში პარალელურად ისეთი პროცესები განვითარდა, რომელთა თავიდან არიდება, იძულების ზომების მასშტაბისა და, შესაბამისად, ანტირუსულ კოალიციაში მონაწილე აქტორების პოტენციალის გათვალისწინებით, მოსკოვისათვის პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ასე მაგალითად, მხოლოდ გასული წლის იანვარში საბიუჯეტო დეფიციტმა 25 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც უშუალოდ მოქმედებს მიმდინარე დეფიციტის ანგარიშზე. მძიმე მდგომარეობა შეიქმნა ტექნოლოგიების მიმართულებითაც: მოსკოვი იძულებული შეიქნა, მაღალი კლასის პროდუქცია, განსაკუთრებით – ნახევარგამტარების ნაწილში, დაბალხარისხიანი ირანული და ჩინური ნაწარმით ჩაენაცვლებინა. საყოფაცხოვრებო მხარეს რომ თავი დავანებოთ, ასეთ რადიკალურ ცვლილებას პირდაპირი გავლენა თანამედროვე ომის მიმდინარეობაზეც აქვს.

აღსანიშმავია ისიც, რომ ენერგოსექტორზე დაწესებული გაცილებით უფრო ეფექტიანი სანქციების ამოქმედება რუსეთისათვის პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის მკვეთრად შემცირებული შემოსავლის რაიმე სხვა გზით გადაფარვას. მართალია, ბოლო პერიოდში ინდოეთისა და ჩინეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვა თითქმის გასამმაგდა, თუმცა აქაც გვახსოვდეს, რომ ეს შესყიდვები მკვეთრად დისკონტირებულ ფასში ხორციელდება. ამავდროულად, რუსული ნავთობის მთავარი საექსპორტო ბაზრის - ევროკავშირის მიერ რუსეთიდან ჯერ ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტებზე ემბარგომ, ხოლო შემდეგ „დიდი შვიდეულის“ ინიციატივით დაწესებულმა „ფასის ლიმიტმა“ (price cap), ფაქტობრივად, შეუძლებელი გახადა სექტორის სტაბილური განვითარება მასში ახალი ინვესტირებით. ამას დაემატა რუსული ფირმების გარიცხვა გლობალური კაპიტალის ბაზრიდან, რამაც ფულის სესხების გზით ენერგომატარებლების საექსპორტო დანაკარგის შევსების ერთ–ერთი ქმედითი წყაროც გადაკეტა. მეტი თვალსაჩინოებისათვის ისევ და ისევ ციფრებს რომ მივმართოთ, ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პროგნოზით, მხოლოდ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე რუსული ხაზინის დანაკარგი 2030 წლისათვის ერთი ტრილიონ აშშ დოლარს მიუახლოვდება.

დასავლური სამყაროს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სტატისტიკურ-არითმეტიკულ შედეგებზე საუბარი, როგორც წესი, ისევე ვრცელია, როგორც ამ მეგა-გეოეკონომიკური დაპირისპირების გეოპოლიტიკური და შიდაპოლიტიკური წახნაგების ანალიზი. ამ მეორე ასპექტზე დეტალურად სასაუბროდ არც წინამდებარე სტატიის და არც რამდენიმე საეთერო გადაცემის ფორმატი იკმარებს. ამისდა მიუხედავად, მაინც შევეცდებით, დიდი სურათის უკეთ გააზრების მიზნით რამდენიმე კრიტიკული და სადისკუსიო საკითხის წამოწევას.

როგორც ითქვა, რუსეთის მიმართ სანქციების ამოქმედებისას თავი იჩინა სწრაფი შედეგის მოლოდინის ეიფორიამ. დროთა განმავლობაში ეს ეიფორიული განწყობაც ჩაცხრა და ეკონომიკური იძულების ზომებთან დაკავშირებულმა რამდენიმე პრაქტიკულმა ნიუანშმა თუ აუცილებელმა შეხსენებამ იჩინა თავი:

  • კონკრეტულ სასანქციო ღონისძიებათა პროგრამა ერთგვარი მარათონია ხელშესახები შედეგის მისაღწევად;
  • სანქციების ამოქმედების გაცილებით რეალისტური და პრაქტიკული შედეგი აგრესორის სამხედრო მანქანის ეკონომიკური პოტენციალის გამოფიტვა უფროა, ვიდრე მისი საგარეო კურსის შეცვლა;
  • რეალისტური მოლოდინი ვახსენეთ და ავტორიტარული ქვეყნების მიმართ, სავარაუდოდ, ძირითად მოლოდინებს შორისაა განხორციელებული წნეხის შედეგად ცხოვრების სტანდარტის იმ ზომამდე დაცემა, რომელიც ქვეყნის შიგნით სამოქალაქო უკმაყოფილებას გამოიწვევს. ასეთ დროს ორი ძირითადი შეკითხვა უნდა წამოიჭრას: (ა) რამდენად შედეგიანი იქნება უკმაყოფილება ქვეყნის შიდა ცხოვრებაში საჭირო ცვლილებების მოსახდენად? (ბ) რა ხარისხით განაპირობებს შიდა ცვლილებები ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში დეკლარირებული მიზნების ცვლილებას და ქვეყნოს საგარეო კურსის ცივილიზებულ პრინციპებზე გადაწყობას?

არადა რუსეთის შემთხვევაში ორივე შეკითხვა აქტუალურია. ისეც არ უნდა გამოვიდეს, რომ შესატყვისი ძალისხმევის მიუხედსავად, საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს აცდენილი ბირთვული რუსეთის ფედერაციის ნაცვლად კონტროლიდან სრულიად გასული, ცნობილი ჟურნალისტი სმაილის გამონათქვამით თუ ვისარგებლებთ, „რაკეტებით აღჭურვილი ზემო ვოლტა“ არ მივიღოთ.

ამასთანავე, ზოგიერთო წყაროს მხრიდან ე.წ. „პოსტ-პუტინისტური“ ეტაპის ოპტიმისტურ მოლოდინებსაც გარკვეული სკეპტიციზმით ვუყურებთ. რამდენიმე თეზაში, ასეთი სკეპტიციზმი უკავშირდება: (ა) რუსეთის სახელმწიფოს ისტორიულად ექსპანსიონისტურ ბუნებას, განსაკუთრებით, სამეზობლოს მისამართით; (ბ) თანამედროვე რუსეთის პირობებში „დემოკრატიული“ ხანის სიმოკლეს და უუნარობას მყარ სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ ტრადიციაში გადაზრდისა; (გ) რუსეთის შიდასახელმწიფოებრივი მდგრადობისათვის ე.წ. „სისტემად“ ჩამოყალიბებულ მართვის სტილს, რომლის არსში რუსული ეთნოხასიათითა და ისტორიული წარსულით განპირობებულ ურთიერთობათა გარკვეული სტრუქტურაა; ასეთ დროს პოლიტიკურ კურსზე ქმედით გავლენას, ძირითადად, „სისტემა“ ახდენს და არა ის, თუ ვინ დგას მის სათავეში;

  • რუსეთის აგრესიასთან მიმართებით, პრაქტილუად, სანქციის შემაკავებელმა დანიშნულებამ ვერ იმუშავა. მაღალი ალბათობით, ამის ერთ-ერთი ახსნა არის 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ დაწესებული „ვითომ“ სანქციების ბუნება, მათი უკბილობა და უხერხემლობა. ამდენად, ძირითადი ტვირთი ახლა უკვე სანქციის მეორე დანიშნულებაზე - აგრესორის სამხედრო და ეკონომიკური რესურსის გამოფიტვაზეა გადატანილი, რაც ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია;
  • სანქციების ეფექტიანობას მხოლოდ სამიზნე ქვეყნის მაქსიმალური წნეხის ქვეშ მოქცევას არ განაპირობებს. საჭირო „ეფექტიანობა“, ასევე, იმ ქვეყნების ეკონომიკური სისტემების ადაპტირებით განისაზღვრება, რომლებიც მათივე მხრიდან სანქციების გატარებისას ახალ რეალობაში აღმოჩნდებიან. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად გარკვეული გამოწვევებისა, მთლიანობაში, დასავლური სისტემა, - პოლიტიკური ერთობის შენარჩუნებით დაწყებული და რუსული ენერგორესურსებიდან ალტერნატიულ წყაროებზე გადაწყობით დასრულებული - ახალ რეალობას ჯერჯერობით თავს ართმევს. ამ პირობებში კი მოსკოვი – ამ მომენტისათვის - ვერ ახერხებს დასავლური კოალიციის რიგებში ისეთი ხარისხის ნაპრალისა თუ უთანხმოების შეტანას, რაც რუსული გეოსტრატეგიული უპირატესობის მისაღწევად საკმარის წინაპირობას შექმნიდა;
  • სანქციების ამოქმედებით დაგეგმილი ამოცანების სრულად აღსრულება დიდი გამოწვევაა, რამეთუ: (ა) სანქციების ზემოქმედებსი ეფექტი სტატიკური როდია; (ბ) სამიზნეს, როგორც წესი – ავტორიტარულ ქვეყანას, აქვს სანქციებთან თავისებურად ადაპტირების უნარი; (გ) თანამედროვე ეკონომიკური ურთიერთკავშირები იძლევა სანქციებთან მისასადაგებლად პრაქტიკული გზების გამოძებნის საშუალებას, როგორც ახალი საოპერაციო ბაზრების, ისე შემოსავლებში ახალი ნაკადების გაკვალვის ფორმით.

ფაქტია, რომ როგორიც არ უნდა იყოს რუსეთის წინააღმდეგ დასავლური სანქციების ძლიერი და სუსტი მხარეების თანაფარდობა, რამდენადაც რთულ და კომპლექსურ გამოწვევას არ უნდა ქმნიდეს გლობალურ სტრუქტურაში ინტეგრირებულ მსხვილ ეკონომიკაზე ქმედითი ზეწოლის მოხდენა, რაოდენ მაღალი ხარისხის „ცდომილებებით“ არ უნდა ხასიათდებოდეს ზოგადად სასანქციო თეორია და პრაქტიკა, მაინც საკმარისად გვაქვს საფუძველი ითქვას, რომ..

პირველი ნაწილის დასასრული

ვიქტორ ყიფიანი

„ჯეოქეისი“, თავმჯდომარე

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს