სასტუმრო „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისთვის სიმშვიდეა.
აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა სასტუმროს მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ინფორმაციით, ახლა, პარტიის წარმომადგენლები გადაინაცვლებენ იმ სამმართველოებში, სადაც დღეს აქციაზე დაკავებულები იმყოფებიან.
მანამდე კი აქციაზე მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც პოლიციას უთხრა, რომ მათ არ სჯერათ ინფორმაციის, რომლის თანახმადაც, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებმა ქვეყანა დატოვეს.
ლევან ხაბეიშვილმა სამართალდამცველებს წინადადებით მიმართა - იმისთვის, რომ გავრცელებული ინფორმაციის სისწორეში დარწმუნებულიყვნენ, სასტუმროს ტერიტორიაზე შეეშვათ პარტიის წარმომადგენლები - დევი ჭანკოტაძე და თემურ ჯანაშია, რომლებიც ადგილზე გაეცნობოდნენ ვითარებას, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ამ დროისთვის სასტუმრო „ყვარლის ტბის“ შესასვლელთა სამართალდამცველების გარკვეული შემადგენლობა კვლავ რჩება.
ინფორმაციისთვის, სასტუმრო "ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობდა. აქცია მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმროში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ და ლავროვის სიძის ძმის ქორწილი იგეგმებოდა.
საპროტესტო აქციაზე ვითარება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა, ადგილზე ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 16 პირი.
მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის თქმით, მან პირობა მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ „წასულია ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას და ამდენად, დღეს ქორწილი აღარ ჩატარდება”.