საპარლამენტო დელეგაცია ლუქსემბურგში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს

პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს, რომელიც 19-22 მაისს, ლუქსემბურგში იმართება. ქართველი კანონმდებლები წარმოდგენილი არიან ასამბლეის კომიტეტების სხდომებზე და აგრეთვე, ორმხრივ შეხვედრებს მართავენ ალიანსის წევრი სახელმწიფოების დელეგაციებთან.

სესიის პირველ დღეს, ქართული დელეგაცია ლუქსემბურგის, გერმანიის და იტალიის დელეგაციებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მნიშვნელოვანი საპარლამენტო პლატფორმაა, სადაც ალიანსის წევრი და პარტნიორი სახელმწიფოები განიხილავენ ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებს.

„ასამბლეის დღის წესრიგი დატვირთულია თემებით, როგორიცაა რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მისი გავლენა ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე, ნატოს-ს შეკავების და თავდაცვის გაძლიერება, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელობა და მომავალი, აგრეთვე, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების სფეროში შემავალი სხვა საკითხები. ჩვენი ამოცანაა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლატფორმა გამოვიყენოთ და ალიანსის წევრი სახელმწიფოების დელეგაციებს ვესაუბროთ საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსულ ოკუპაციაზე, დეოკუპაციის მიზნით საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაზე, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე, ჩვენი ქვეყნის დაწინაურებაზე ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში, საქართველოს უსაფრთხოების, თავდაცვითი შესაძლებლობების და მედეგობის განმტკიცებაში მხარდაჭერის შემდგომ გაძლიერებაზე", - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

დელეგაციის წევრი, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე აცხადებს, რომ საქართველოს აქვს ურყევი მხარდაჭერა ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე წევრი სახელმწიფოების მხრიდან, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა მოკავშირეების დელეგაციებთან ორმხრივ შეხვედრებზე.

„ასამბლეის დერეფნებში სულ უფრო ხშირად გვესმის, დიდი შეცდომა იყო, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრება არ დაჩქარდა და რომ გაწევრების სიაში საქართველო ფინეთის და შვედეთის შემდეგ მომდევნო უნდა იყოს", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

„საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე და ნატო-ს ვილნიუსის სამიტის წინ. ქართული დელეგაცია, როგორც ასამბლეის ფორმატებში, ისე წევრი სახელმწიფოების დელეგაციებთან ორმხრივ შეხვედრებზე, ხაზს უსვამს საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის მნიშვნელობას, ასევე ჩვენი ქვეყნის სურვილს, შესაძლებლობას და დიდ გამოცდილებას ჩრდილოატლანტიკური სივრცის და მთლიანად საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში”, - აღნიშნა დელეგაციის წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ.

საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სესია 22 მაისს გაიმართება, სადაც დაგეგმილია ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრის და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის სიტყვით გამოსვლა. ასევე მიიღებენ ორ დეკლარაციას.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი და პარლამენტის წევრი დავით ბაქრაძე. საპარლამენტო ასამბლეის სხდომას ასევე ესწრება ნატო-ში საქართველოს ელჩი, ვიქტორ დოლიძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა