ბორის სოკოლოვი - თუ რუსეთში პროცესები ხელისუფლების შეცვლის სცენარით განვითარდა, არა ვარ დარწმუნებული, რომ პუტინის შეცვლაში გადამწყვეტი როლი რუსეთის რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფებს ექნებათ

ბელგოროდში არსებულ ვითარებაზე, მომხდარზე რუსეთის ხელისუფლების რეაქციაზე, უკრაინული კონტრშეტევის წინ რუსეთის საზოგადოებაში არსებულ განწყობებზე, რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლასა და იმის ალბათობაზე დაუწესდება თუ არა საქართველოს სანქციები, „ინტერპრესნიუსი“ რუს პოლიტოლოგს, ბორის სოკოლოვს ესაუბრა.

- ბატონო ბორის, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება იმაზე, რაც ახლა ბელგოროდში ხდება.

კრემლი მომხდარში უკრაინის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს. კიევი აცხადებს, რომ ისინი არაფერ შუაში არ არიან, რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ რუსეთის მოქალაქეები. თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა ბელგოროდში ხდება? და ამ პროცესებზე რუსეთის ხელისუფლების რეაქციას?

- რამდენადაც ვხდები, ბელგოროდის ოლქში დივერსიული ჯგუფები არიან შესული უკრაინის მხრიდან. მათ შორის არიან რუსეთის რადიკალური ოპოზიციის „თავისუფალი რუსეთისა“ თუ „თავისუფალი რუსეთის ლეგიონის“ წარმომადგენლები. გავრცელებული ვიდეომასალებიდან ვიგებთ, რომ მათთან ერთად არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებიც.

ჩემი აზრით, ეს პროცესი ერთი მხრივ გახლავთ გარკვეული სახის დაზვერვა, მეორე მხრივ პიარ-აქცია. რუსი რადიკალები და უკრაინელი მებრძოლები ცდილობენ გაიმეორონ ის სცენარი, რომელიც რუსეთმა 2014 წელს ყირიმსა და დონბასში განახორციელა. გარდა ამისა, ამ აქციის ერთ-ერთი მიზანი იყო ყველას ენახა, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვრის დაცვაში რუსეთს პრობლემები აქვს.

რუსი რადიკალები და უკრაინელი მებრძოლები ცდილობენ გაიმეორონ ის სცენარი, რომელიც რუსეთმა 2014 წელს ყირიმსა და დონბასში განახორციელა. გარდა ამისა, ამ აქციის ერთ-ერთი მიზანი იყო ყველას ენახა, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვრის დაცვაში რუსეთს პრობლემები აქვს

რაც შეეხება ხელისუფლების რეაქციას. რუსი პროპაგანდისტები ცდილობენ არ ისაუბრონ იმაზე, რომ ამ ოპერაციაში მონაწილეობას იღებენ რუსეთის მოქალაქეები. საუბარია მათზე, ვინც ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან უკრაინაში წავიდა ემიგრაციაში.

- „თავისუფალი რუსეთის“ ლეგიონმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მათი მიზანია რუსეთში პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლების შეცვლა და მისი საჯაროდ დასჯა.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ უკრაინის ომის ფონზე რუსეთში პროცესები ამგვარი სცენარით განვითარდეს?

- ჯერჯერობით, რუსეთში ხელისუფლების შეცვლის სასარგებლო სცენარით პროცესების განვითარების ალბათობა ნულის ტოლია.

იმ შემთხვევაში თუ უკრაინის ფრონტებზე რუსეთს დიდი დამარცხებები ექნა, მაშინ არაა გამორიცხული რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაჩნდეს ხელისუფლების შეცვლის სურვილი. თუ რუსეთში პროცესები ხელისუფლების შეცვლის სცენარით განვითარდა, არა ვარ დარწმუნებული, რომ პუტინის შეცვლაში გადამწყვეტი როლი რუსეთის რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფებს ექნებათ.

თუ რუსეთში პროცესები ხელისუფლების შეცვლის სცენარით განვითარდა, არა ვარ დარწმუნებული, რომ პუტინის შეცვლაში გადამწყვეტი როლი რუსეთის რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფებს ექნებათ

- ფიქრობთ, რომ რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში სერიოზული პროცესებია დაწყებული?

- წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში. ჯერჯერობით, არანაირი ნიშნები არ ჩანს ვივარაუდოთ, რომ რუსეთის მაღალ ეშელონებში დაწყებულია სერიოზული პროცესები.

- ბელგოროდში მიმდინარე პროცესების ფონზე ბევრი იმაზე საუბრობს, რომ რუსეთს წინ მორიგი „რუსული სმუტა“ ელოდება.

თბილისიდან ეს არ ჩანს. თქვენ თუ ხედავთ იმის ალბათობას, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რუსეთში მოსალოდნელია მორიგი „რუსული სმუტის“ დაწყება?

- ჩემი დაკვირვებით, მორიგ „რუსულ სმუტაზე“ საზოგადოებაში პრაქტიკულად არც არავინ საუბრობს. „სმუტის“ წინაპირობებიც ჯერჯერობით არ ჩანს. რუსეთში „რუსული სმუტის“ დაწყების კატალიზატორი შეიძლება აღმოჩნდეს უკრაინის ფრონტებზე რუსეთის წარუმატებლობა და მარცხი.

რუსეთში „რუსული სმუტის“ დაწყების კატალიზატორი შეიძლება აღმოჩნდეს უკრაინის ფრონტებზე რუსეთის წარუმატებლობა და მარცხი

ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, სავარაუდოდ, როგორი იქნება უკრაინული კონტრშეტევის შედეგები, რომელიც, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში დაიწყება.

- ამერიკული დიპლომატიის პატრიარქსა და რეალპოლიტიკის მამად აღიარებულ ჰენრი კისინჯერს მალე 100 წელი შეუსრულდება.

უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებამდე ხშირად უჭერდა მხარს პრეზიდენტ პუტინის პრეტენზიებს დასავლეთის მიმართ. სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ამ საკითხებში კისინჯერის პოზიციებში ცვლილებები?

- ჩემი აზრით, ახლა აშშ და მისი მოკავშირეები მიხვდნენ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ევროპაში სტაბილურობის უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის ნატოში მიღების შემთხვევაში. მაგრამ, ჩემი აზრით, უკრაინის ნატოში მიღება მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, როცა უკრაინა-რუსეთს შორის ომი დასრულდება.

უკრაინის ნატოში მიღება მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, როცა უკრაინა-რუსეთს შორის ომი დასრულდება

- უკრაინის კონტრშეტევის წინ სავარაუდოდ, რა განწყობებია რუსულ საზოგადოებაში?

- სოციოლოგი არა ვარ და ამგვარ კვლევებში მონაწილეობა არასდროს მიმიღია, მაგრამ, რასაც მე ვადევნებთ თვალს, რუსულ საზოგადოებაში მოსალოდნელ უკრაინულ კონტრშეტევასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ წუხილს ვერ ვხედავ. ასეა იმის გამო, რომ ხელისუფლების პროპაგანდა მუშაობს.

რუსულ საზოგადოებაში მოსალოდნელ უკრაინულ კონტრშეტევასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ წუხილს ვერ ვხედავ. ასეა იმის გამო, რომ ხელისუფლების პროპაგანდა მუშაობს

როცა მოსახლეობის უმრავლესობა ინფორმაციას ხელისუფლების პროპაგანდისტული წყაროებიდან იღებს, მიმდინარე პროცესებზე სურათი იმგვარი იხატება, რომელიც რეალურისგან ძალიან შორსაა.

- რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა აღდგა. ასევე ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლა დაიწყო.

ამ თემაზე საქართველოში ბევრს კამათობენ. ხელისუფლების ოპონენტები ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებენ, რომ ახლა როცა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს წლის ბოლოს ელოდება, საქართველო აღრმავებს ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან.

უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სამჯერ გააფრთხილა საქართველოს ხელისუფლება. ისეთი პირი უჩანს, რომ შესაძლოა დასანქცირდეს ქართული კომპანიები და საქართველოს აეროპორტები.

მოსკოვიდან როგორ ჩანს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ბოლო პერიოდში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება?

- ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლება კრემლის მხრიდან გარკვეული ზეწოლის ქვეშ იმყოფება. საქმე იმაშია, რომ ახლა რუსეთის ხელისუფლება დაინტერესებულია იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადოს თავისი პრორუსულობა.

საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობა მანამდეც ცნობილი იყო. მაგრამ, ახლა საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირთან პრობლემების შექმნის რისკის ქვეშ უწევს თავისი პრორუსული პოზიციის ღიად დემონსტრირება.

საქართველოს ხელისუფლება კრემლის მხრიდან გარკვეული ზეწოლის ქვეშ იმყოფება. საქმე იმაშია, რომ ახლა რუსეთის ხელისუფლება დაინტერესებულია იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადოს თავისი პრორუსულობა

როგორც ჩანს, საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობა საგრძნობლად გაუფუჭდება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება აქამდეც პრორუსული იყო, კრემლიდან სერიოზული ზეწოლის გარეშე ივანიშვილის ხელისუფლება ღიად პრორუსული პოზიციების დაფიქსირებაზე არ წავიდოდა.

- ანუ, თვლით, რომ საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა შეიცვალა?

- ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წლებიდან მოყოლებული ივანიშვილის ხელისუფლება მხოლოდ ცდილობდა დაეტოვებინა პროდასავლური პოლიტიკური ძალის შთაბეჭდილება. პირველ წლებში ივანიშვილის ხელისუფლება ახერხებდა აფიშირება არ გაეკეთებინა თავისი პრორუსული პოზიციების.

მაგრამ, რაც უფრო მეტი დრო გადიოდა ეს სულ მეტად ხდებოდა ცხადი. უკრაინის ომმა ამ პროცესს ხელი შეუწყო, რადგან, ახლა თბილისზე კრემლის ზეწოლა, როგორც ჩანს გაზრდილია.

დარწმუნებული ვარ, ევროკავშირსა და ვაშინგტონში საქართველოს პრორუსულ განწყობებში ეჭვი არ ეპარებათ. არ გამოვრიცხავ, რომ მათ ივანიშვილის ხელისუფლების პრორუსულობაში ილუზიები მანამდეც არ ექნებოდათ.

- გასულ კვირას ჩვენთან დიდი ხმაური მოჰყვა მინისტრ ლავროვის ქალიშვილის საქართველოში ჩამოსვლას და თანმხლებ პირებთან ერთად საქორწილო ღონისძიებებში მონაწილეობას.

ამ თემაზე საპროტესტო აქციებიც კი გაიმართა იმ სასტუმროს მისადგობენთან, სადაც საქორწილო მაყრიონი ცხოვრობდა.

კრემლის პროპაგანდისტები, რომლებიც ბოლო პერიოდში ხშირად აქებენ საქართველოს ხელისუფლებას ამ თემაზე პრაქტიკულად არც არაფერი უთქვამთ. სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

- როგორც ჩანს, კრემლის პროპაგანდისტებს ეუხერხულებათ ზოგიერთი მიმომხილველის მტკიცებები იმის შესახებ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენა უკავშირდებოდა ლავროვის ნათესავის ქორწილს.

- შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ თუ სწორად მახსოვს, მექორწილეთა ჯგუფი საქართველოში მანამდე შემოვიდა საქართველოში...

- ყოველ შემთხვევაში მე ასეთი ვერსია მოვისმინე. ფაქტი ისაა, რომ კრემლის პროპაგანდისტებმა ამ უხერხულ თემაზე გადაწყვიტეს არ ესაუბრათ.

- უხერხულობას რამ შექმნა, იმან ხომ არა, რომ მათ ჩამოსვლას საქართველოში საპროტესტო აქციები მოჰყვა?

- როგორც ჩანს, არც ამაზე ისურვეს სტატიების წერა და საუბარი. ამის მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს.

- თბილისში ხშირად გაიგონებთ მტკიცებას, რომ საქართველოში შვილის გამოშვებამდე ბატონ ლავროვს ექნებოდა კომუნიკაცია ქართველ კოლეგებთან, ვისთანაც მას აქვს კონტაქტები. მეტიც, ეს შემთხვევა სახელდება იმის მაგალითად, რომ სხვადასხვა დონეზე თბილისსა ადა მოსკოვს შორის კომუნიკაცია რეალურად არსებობს...

- მე არ გამოვრიცხავ, რომ ლავროვის ქალიშვილს, რომელიც ქმრის გვარზეა, არ ეგონა, რომ საქართველოში პრობლემები შეექმნებოდა.

არც იმას ვფიქრობ, რომ რუსეთის მხრიდან ლავროვის შვილის საქართველოში ჩასვლას რაიმე პოლიტიკური დატვირთვა ჰქონოდა. არა ვარ დარწმუნებული, რომ ლავროვს, შვილის საქართველოში ჩასვლის თემაზე თბილისში ვინმესთან კომუნიკაცია ჰქონოდა.

არა ვარ დარწმუნებული, რომ ლავროვს, შვილის საქართველოში ჩასვლის თემაზე თბილისში ვინმესთან კომუნიკაცია ჰქონოდა

- ვაშინგტონი საქართველოს აეროპორტების სანქციების ემუქრება. ამ თვალსაზრისით სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები?

- ჯერჯერობით, ალბათობა იმისა, რომ ამერიკამ საქართველო დაასანქციროს, დაბალია, მაგრამ, თუ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლით რაიმეთი დაეხმარა, მაშინ არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს დაუწესონ მეორადი სანქციები.

არა მგონია ვაშინგტონმა სანქციების დაწესების პროცესი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებით დაიწყონ. ალბათ, ჯერ იმ კომპანიებს დაუწესებენ სანქციებს, ვინც რუსულ კომპანიებს საქართველოში ემსახურებიან

ანუ, სანქციები დაუწესდეს იმ კომპანიებს, რომლებიც ამ პროცესში იქნებიან ჩართული.

თუ ვაშინგტონმა საქართველოსთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო, არა მგონია ვაშინგტონმა სანქციების დაწესების პროცესი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებით დაიწყონ. ალბათ, როგორც ვთქვი, ჯერ იმ კომპანიებს დაუწესებენ სანქციებს, ვინც რუსულ კომპანიებს საქართველოში ემსახურებიან.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო