ზუგდიდის მუსიკალური სკოლის შენობაში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია ზუგდიდსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას იურიდიული დახმარების სამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დავით სიმონიამ შეკრებილ საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემისა და იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ, რომლითაც სარგებლობს როგორც დევნილი, იძულებით გადაადგილებული, ასევე რიგითი მოსახლეობა.
„აუხსნა თუ როგორ შეუძლიათ მათ ისარგებლოს უფასო სამართლებრივი კონსულტაციითა და საადვოკატო მომსახურებით; გააცნო მობილური აპლიკაცია LAS GEORGIA, რომელიც თითოეულ ადამიანს საშუალებას აძლევს ნებისმიერი ადგილიდან, ოფისში მიუსვლელად გამოაგზავნოს სამართლებრივი შეკითხვა და მიიღოს კვალიფიციური პასუხი იურისტებისაგან.
დირექტორმა დევნილებს წარუდგინა ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი რომან კეიდია და კონსულტანტი ნინო მინჯია, რომელიც ასევე რუხის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტიცაა და დახმარებას უწევს როგორც დევნილებს, ასევე კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას. ისინი, ენგურის ხიდის გავლით, პერიოდულად გადმოდიან საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებით სარგებლობენ,
შეხვედრის მეორე ნაწილში დევნილებმა სამართლებრივი შინაარსის კონკრეტული შეკითხვები დასვეს და კომპეტენტური პასუხებიც მიიღეს. გადაწყდა, რომ მსგავსი სახის შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.