ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2023

მოსალოდნელია თუ არა წინასაარჩევნოდ ახალი პოლიტიკური გუნდების შექმნა

როდის გამოჩნდება ბრძოლის ველზე F-16 - “უკრაინას ალბათ პირველი და მეორე თაობის “F-16”-ებს გადასცემენ”

რა მოხდა რეალურად ყირიმის ხიდზე - უკრაინელთა მორიგი თავდასხმა თუ რუსული არმიის “წვრთნები”

* * *

მოსალოდნელია თუ არა წინასაარჩევნოდ ახალი პოლიტიკური გუნდების შექმნა

“პოლიტიკურ წრეებში კვლავ აქტიურად განიხილება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პარტიების გადაჯგუფების თუ ე.წ მესამე ძალის ფორმირების საკითხი. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ წვრილი პარტიების წარმატების ფორმულა ამ არჩევნებში იქნება მათი გამსხვილება; მმართველ პარტიას და “ნაციონალურ მოძრაობას” კი მოუწევთ გუნდის გადახალისება. რა გეგმები აქვს ოპოზიციას, კერძოდ “ნაციონალურ მოძრაობას” კონკრეტულ ნაბიჯებზე არ საუბრობენ, მაგარამ როგორც მათი განცხადებებიდან ჩანს, მთავარი მიზანი არის არჩევნებისთვის ინფრასტრუქტურულად მზად იყვნენ, პოლიტიკური მოქმედებების შესახებ კი მითითებები სააკაშვილისგან მიიღონ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მოსალოდნელია თუ არა წინასაარჩევნოდ ახალი პოლიტიკური გუნდების შექმნა.

“ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თვითონ ოლიგარქი ემზადება სერიოზულად, ის ახალ გუნდს ქმნის, ყიფიანი, კუჭავა, სერგეენკო. ჩვენც უნდა მოვემზადოთ, აუცილებლად უნდა შევქმნათ სერიოზული პროექტები და მივიტანოთ იმ 60%-მდე რომელიც დაიღალა და არ მონაწილეობს არჩევნებში”, - აცხადებს ენმ-ის წევრი კოტე კემულარია. ცვლილებებთან დაკავშირებით ხმებს აბსურდულს უწოდებენ “ოცნებაში”. არჩევნების წინ კი პარტიების გამსხვილებაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავენ, რადგან კრიტიკულ მომენტში ოპოზიცია ისედაც “ნაციონალების” ქოლგის ქვეშ ერთიანდება. “ოპოზიციაში არის პარტიები, რომელებიც “ნაციონალური მოძრაობის” არა თუ სატელიტები, არამედ მისი ნაწილები არიან. “სტრატეგია აღმაშენებელი”, “გირჩი”, “დროა” და სხვა, რომლებიც იყვნენ “ნაცმოძრაობის” ლიდერები შემდეგ გაიშალნენ, ფლანგი გაშალეს, მაგრამ საჭირო მომენტში ყველა “ნაციონალური მოძრაობის” ქოლგის ქვეშ ბრუნდება”, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე არჩევნების წინ პოლიტიკურ ძალებში ცვლილებებს გარდაუვალს უწოდებს, მაგრამ “ოცნების” საპირწონე ახალი პარტიის შექმნას გამორიცხავს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ცვლილებებზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ არჩევნების წინ რადიკალურ ცვლილებებს არ გამოვრიცხავ. რაც შეეხება ივანიშვილის მიერ ახალი პარტიის შექმნას, ნაკლებად სავარაუდოა, ალაბთ ახალ სახეებს ჩასვამენ სიაში. თუ ივანიშვილი მაინც გადაწყვეტს ახალი პარტიის შექმნას, თავად არ გამოჩნდება, რუხი კარდინალის ფუნქციას შეასრუდებს”, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე. პოლიტოლოგი რამაზ საყარელიძე კი დარწმუნებულია, რომ “ოცნებას” ალტერანტიული პოლიტიკური ძალის შექმნის აუცილებლობა არ ექნება. ხოლო ექსპერტი პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ იმიტირებული ოპოზიციის შექმნას ივანიშვილი არასდროს დაუშვებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“დღეს ქართული პოლიტიკა დაემსგავსა გაჭიანურებულ ღეჭვას, რამდენჯერმე დაღეჭილი ფიგურები, პოლიტიკოსები, სატელიტები. საქმე პარტიების სიმრავლეში კი არა მის სიძლიერეშია. რაც შეეხება წინასაარჩევნო ცვლილებებს, რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ “ქართულ ოცნებას” ისე არ უჭირს, რომ ალტერნატიული პოლიტკიური ძალის შექმნა საჭირო გახდეს. “ოცნება” მყარად დგას ორივე ფეხზე. ოპოზიციის მარტივი მიზანია ბზარი გააჩინოს ბიძინასა და “ოცნებას” შორის, ამას ემსახურება ასეთი ჭორების გავრცელება. ოპოზიცია ერთმანეთს ეჭიდავება და ცდილობენ მეტოქე სცენიდან გააგდონ, ამიტომ ახალ კონკურენტს პოლიტიკურ ზონაში არ შემოიყვანენ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“ათ წელზე მეტია “ოცნება” ხელისუფლებაშია და ამ წლების განმავლობაში ივანიშვილი არასდროს მონაწილეობდა ფასადურ თამაშებში. ეს იყო სააკაშვილის დროს, როცა იქმნებოდა იმიტირებული ოპოზიცია და სააკაშვილის მორჩილები იყვნენ. წარმოუდგენელია, რომ ბიძინამ შექმნას ჯიბის ოპოზიცია. მაგრამ ახალი სახეები “ოცნების” საარჩევნო სიაში გამორიცხული არ არის. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში, რა თქმა უნდა ექნებათ სტიმული შეიქმნას ერთი პოლიტიკური პლათფორმა, მაგარამ “ნაცმოძრაობის” განახლება და აღორძინებისკენ მოძრაობა გამორიცხულია”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.

როდის გამოჩნდება ბრძოლის ველზე F-16 - “უკრაინას ალბათ პირველი და მეორე თაობის “F-16”-ებს გადასცემენ”

“აშშ თანახმაა, რომ ქვეყნებმა უკრაინას “ეფ-16” ტიპის მოერიშე თვითმფრინავები გადასცენ, მეტიც, სახელმწიფო დეპარტამენტი თვითმფრინავების მიწოდებას პრიორიტეტად მიიჩნევს. ამით უკრაინას არ ეძლევა საშუალება, რომ თავდასხმები უკრაინის ტერიტორიის გარეთ განახორციელოს, თუმცა ვაშინგტონის თქმით, “ამ ომში აგრესორი სწორედ რუსეთია და ომიც მან წამოიწყო”. ევროკავშირის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ “ეფ-16” ტიპის გამანადგურებლების მართვაზე უკრაინელი პილოტების წვრთნები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე უკვე დაიწყო, როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, თუ წვრთნები მართლაც ახლა დაიწყო, ფრონტზე “ეფ-16”-ებს მინიმუმ 4-5 თვეში ვიხილავთ. ამასთან, დასძენენ, რომ უკრაინას ომში საბრძოლო ავიაციაში საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეექმნა და ამ მოიერიშე თვითმფრინავის მიწოდება, ომში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როდის გამოჩნდება ბრძოლის ველზე F-16 - “უკრაინას ალბათ პირველი და მეორე თაობის “F-16”-ებს გადასცემენ”.

“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის თანამედროვე “ეფ-16” ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას პრიორიტეტად მიიჩნევს. “რაც შეეხება უკრაინისთვის “ეფ-16”-ების მიწოდებას, პრეზიდენტმა გარკვევით თქვა, რომ ჩვენ დავიწყებთ უკრაინელი სამხედროების გაწვრთნას “ეფ-16”-ების მართვაში და ვიმუშავებთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან უკრაინისთვის “ეფ-16”-ების მიწოდებაზე”, - აღნიშნა მილერმა. მისი თქმით, არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის ან როგორ გადაეცემა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები, ან რომელი ქვეყნებიდან. “მაგრამ ეს ჩვენთვის პრიორიტეტულია და უახლოეს თვეებში დავიწყებთ მის განხორციელებას”, - დასძინა მილერმა. მისი თქმით, უკრაინელებს გარკვევით ეუბნებიან, რომ არ აძლევენ საშუალებას და არ ახალისებენ მათ, რომ თავდასხმები უკრაინის ტერიტორიის გარეთ განახორციელონ, მაგრამ, მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ახსოვდეს, რომ ომი რუსეთმა წამოიწყო”, - აღნიშნავს გამოცემა.

„სწორედ რუსეთმა წამოიწყო ეს ომი. სწორედ რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სწორედ რუსეთი ესხმის თავს სკოლებს, საავადმყოფოებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი სამხედრო ოპერაციები, მაგრამ ამ ომში აგრესორი სწორედ რუსეთია”, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ “ეფ-16” ტიპის გამანადგურებლების მართვაზე უკრაინელი პილოტების წვრთნები პოლონეთში უკვე დაიწყო. “ეფ-16”-ებზე პილოტების მომზადება რამდენიმე ქვეყანაში დაიწყო. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ რაც მალე, მით უკეთესი”, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე. კითხვაზე, კონკრეტულად რომელ ქვეყნებში დაიწყო წვრთნები, ჯოზეფ ბორელმა უპასუხა: “მაგალითად, პოლონეთში”. თუმცაღა, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშაკმა დააზუსტა, რომ პოლონეთი წვრთნებისთვის მზადაა, თუმცა სწავლება ჯერ არ დაწყებულა”, - განაგრძობს გამოცემა.

“მზად ვართ. პოლონეთის მხარე მზად არის, პილოტებს ეფ-16-ების მართვა შეასწავლოს. ეს სწავლება ჯერ არ დაწყებულა”, - თქვა მარიუშ ბლაშჩაკმა. 23 მაისს დანიის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ტროელს ლუნდ პულსენმა თქვა, რომ უკრაინელი მფრინავები “ეფ-16” ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებზე წვრთნას ივლისში დაიწყებენ. “ჩემი მოლოდინებით, ივნისის ბოლოს ჩვენ “ეფ-16”-ები ოფიციალურად გვექნება გამზადებული, ასე რომ, იმედია, ამის შემდეგ დავიწყებთ”. - განაცხადა პულსენმა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ “ეფ-16”-ებზე საკითხი უკვე გადაწყვეტილია და თუ ახლა უკრაინელ პილოტებზე წვრთნები მართლაც მიდის, შესაძლოა 4-5- თვე დასჭირდეს”, - დასძენს გამოცემა.

“არ ვიცი რამდენად დაუშვებენ, რომ უკრაინის ტერიტორიის გარეთ იქნას გამოყენებული “ეფ-16”- ები, მაგრამ ის, რომ უკრაინას ამ თვითმფრინავებს გადასცემენ, მე მგონი ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და უბრალოდ სამხედრო ტექნიკური და ოპერატიული კუთხით განხილვა მიდის. “ეფ-16”-ებზე წვრთნები, ალბათ რამდენიმე თვეს გასტანს, რასაც სულ მცირე 4-5 თვე დასჭირდება. უკრაინას ალბათ პირველი და მეორე თაობის “ეფ-16”-ებს გადასცემენ, რომლებიც საკმაოდ ოპტიმალურია საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას. უკრაინას ახლა საბრძოლო ავიაციაში საკმაოდ სერიოული პრობლემები აქვს და ამ თვითმფრინავის მიწოდება, რა თქმა უნდა, ომში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების აკადემიაში, რომ ვსწავლობდი “ეფ-16”-ის მოდელირებაზე, სიმულაციური ტიპის ფრენებში ვიღებდი მონაწილეობას და მეორე პლუს თაობის “ეფ-16”-მა რუსულ “სუ-27” გამანადგურებელს ორი თავით აჯობა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 19 მაისს მხარი დაუჭირა “ეფ-16” საბრძოლო თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების მომზადების პროგრამებს. გასულ კვირაში ასევე ცნობილი გახდა, რომ აშშ დათანხმდა, მისმა პარტნიორებმა უკრაინას მიაწოდონ თანამედროვე ამერიკული შეიარაღება, მათ შორის “ეფ-16” გამანადგურებლები. თეთრი სახლის განცხადებით, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, თავად აშშ მიაწვდის თუ არა უკრაინას “ეფ-16”-ებს”, - წერს სტატიის ავტორი.

რა მოხდა რეალურად ყირიმის ხიდზე - უკრაინელთა მორიგი თავდასხმა თუ რუსული არმიის “წვრთნები”

“კვამლი ყირიმის (ქერჩის) ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე 24 მაისს, დილით გამოჩნდა, რუსები ამტკიცებენ, რომ ეს წვრთნების გამო იყო. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია, “რეზონანსთან” აცხადებს, რომ მოსალონელია უკრაინის მხრიდან მორიგი თავდასხმა ხიდზე, თუმცა, როდის, ეს უცნობია და კატეგორიულად გამორიცხავს წვრთნების ჩატარებას. “ყირიმის ხიდი დაკეტილია ჩატარებული წვრთნების გამო”, - აღნიშნა რუსეთის მიერ დანიშნულმა ”ყირიმის რესპუბლიკის” ე.წ. ხელმძღვანელმა სერგეი აქსენოვმა. გამოცემა პრავდას ინფორმაციით, აქსენოვმა განაცხადა, რომ მოძრაობა ხიდზე მალე აღდგებოდა და მოითხოვა მხოლოდ რუსების მიერ გარცელებული ცნობები გამოეყენებინათ სანდო წყაროდ. მალე, 11:00 საათზე პროპაგანდისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ყირიმის ხიდზე მოძრაობა აღდგა, ვარჯიში დასრულდა და კვამლი გაქრა. ხელისუფლებას არ განუმარტავს თუ რა წვრთებზე იყო საუბარი და არც მოსახლეობა გაუფრთხილები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა მოხდა რეალურად ყირიმის ხიდზე - უკრაინელთა მორიგი თავდასხმა თუ რუსული არმიის “წვრთნები”.

“როიტერის” ცნობით, მას შემდეგ რაც რუსეთის მიერ აშენებული ყირიმის ხიდი, რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულს რუსეთის კრასნოდარის რეგიონთან აკავშირებს, რამდენიმე საათის განმავლობაში დაკეტილი იყო “ვარჯიშებისთვის”, ადგილობრივმა რადიოსადგურმა `იუთუბზე~ გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის გადამოწმება “როიტერმა” ვერ შეძლო, სადაც ჩანს, რომ თეთრი კვამლი ამოდის ხიდის მთავარი ცენტრალური ნაწილიდან და უფრო მეტი კვამლი ამოდის ხიდის ერთ-ერთი მისადგომიდან. 19 კილომეტრიანი საგზაო და სარკინიგზო ხიდი გასული წლის ოქტომბერში, თავდასხმის დროს, აფეთქების შედეგად დაზიანდა, რომელიც კრემლის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების ძალების მიერ იყო მოწყობილი. მაგრამ უკრაინას ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ უკრაინამ შეიძლება მორიგი თავდასხმა განახორციელოს ყირიმის ხიდზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სავსებით შესაძლებელია, იმიტომ რომ უკრაინელებს გააჩნიათ საკმაოდ ეფექტური სადაზვერვო დივერსიული ჯგუფები, რომლებსაც შეუძლიათ განახორციელონ სამხედრო დივერსია ამ ხიდზე და ასევე მათ შეუძლიათ, ზალპური სარაკეტო საზენიტო სისტემებითაც მისწვდნენ. კვამლი შეიძლება დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ იმუშავა უკრაინიდან გაშვებულმა სარაკეტო ბალისტიკურმა სისტემამ. რაც შეეხება რუსულ ვერსიას, რომ იქ წვრთნები იყო, გამორიცხულია წვრთნები ყოფილიყო ხიდის სიახლოვეს, თან სამხედრო მოქმედებების ზონაშია და ტაქტიკურად ასეთი რაღაცეები წვრთნების პერიოდში, არა მგონია რომ რუსეთს გაერისკა” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა