ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე

(მეორე ნაწილი)

სანქციების შემდგომი ესკალირების მხრივ...

...უპირატესობა დასავლეთის მხარეს არის და ეს უპირატესობა საგრძნობლად აღემატება შურისმაძიებელი რუსეთის საპასუხო ზომებს.

ხსენებულ ესკალირებაში დასავლური უპირატესობის სივრცეს შესაძლო დამატებითი ღონისძიებების ვრცელი არჩევანი ქმნის. ჩვენ მხოლოდ იმ რამდენიმეს ვახსენებთ, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია:

  • სასანქციო პოლიტიკით ბოლომდე და სრულად ჯერაც არ ამოიქოლა რუსული საფინანსო სექტორი: ამ მხრივ, სამიზნეზე ზემოქმედების გაფართოების არეალი ჯერ კიდევ არის;
  • დასავლური სანქციების კოალიციის წამყვან სუბიექტს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჯერაც არ აუმოქმედებია ე.წ. მეორეული/წარმოებადი სანქციები (secondary sanctions), რომელიც რუსულ სახელმწიფო და კერძო კომპანიებთან გარიგებაში შესული უცხოური კომპანიების დასჯას გულისხმობს;
  • დასავლურ სასანქციო პოლიტიკას ჯერ არ მიუმართავს ე.წ. „სრული ბლოკირების სანქციისათვის“, რაც გარკვეული კონიუნქტურული მოსაზრებებით აიხსნება;
  • კვლავ გადასაჭრელი გამოწვევაა მესამე ქვეყნების მიერ რუსეთისათვის სანქციების თავის არიდებაში პირდაპირი დახმარების გაწევა თუ სხვა სახის ხელშეწყობა.

აქ განხილულ ზოგადი ხასიათის საკითხებთან თუ მოსაზრებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას მოითხოვს რამდენიმე, ვთქვათ, „სპეციალიზებული“ ასპექტი. მათ შესახებ სწორედ ახლა ვაპირებთ საუბარს.

აშშ დოლარის ფინანსური „ორპირობა“: სადოლარო ჰეგემონიის გამოწვევები...

ამერიკის შეერთებული შტატების დოლარის ცენტრალური როლი საერთაშორისო სისტემაში არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ გლობალურ ასპარეზზე გეოპოლიტიკურ გავლენებთან დაკავშირებული ფაქტორია. ეს განსაკუთრებით იკითხება სანქციების ეფექტიანობის ხარისხის კონტექსტში, რადგან საფინანსო ნაკადებზე კონტროლს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სანქციების სამიზნეზე საჭირო ზეწოლის მოსახდენად. შემთხვევით როდი ითქვა, რომ „დიდი ქვეყნები დიდ ვალუტებს განაგებენ“, რაც ასევე მათი დიდი გეოპოლიტიკური წონის საძირკველიც არის და პირობაც.

თუმცა პოსტპანდემიური შოკის, გლობალური მიწოდება-მომარაგების ჯაჭვის გადაწყობის მცდელობისა და რუსეთ-უკრაინის ომის გავლენის შედეგად, მსოფლიო ეკონომიკური სისტემის გარკვეულმა ფრაგმენტაციამ შემდეგი ფორმულირების საკითხი წარმოშვა: შეინარჩუნებს თუ არა აშშ დოლარი გლობალურ ეკონომიკაში სისტემური ურთიერთდამაკავშირებელი ვალუტის როლს? მართალია, ამ ეტაპზე აშშ დოლარის სტატუსის კარდინალური რევიზია და მისი სხვა ვალუტით (ან ვალუტებით) ჩანაცვლება არცთუ ახლო პერსპექტივაა (თუკი საერთოდ არის), მსოფლიო სავალუტო-საანგარიშსწორებო სტრუქტურაში აშშ დოლარის „გავლენის“ შესახებ უკვე წამოწყებული ლაპარაკი ევროს შემოღების შემდეგ ყველაზე მასშტაბურ პროცესს მოასწავებს.

როგორც ვთქვით, დღესდღეობით, შეერთებულ შტატებსა და აშშ დოლარის ცენტრალურობის მხარდამჭერ ქვეყნებს, თითქოსდა, საგანგაშო არაფერი აქვთ: აშშ დოლარი საკმაოდ მყარად ინარჩუნებს მსოფლიო სარეზერვო და საანგარიშსწორებო ვალუტის სტატუსს. მარტო იმის აღნიშვნაც კმარა, რომ 2022 წლის ბოლოსათვის ცენტრალური ბანკების 60 პროცენტამდე რეზერვი აშშ დოლარში ინახებოდა. ითქვა ისიც, რომ ერთი კონკრეტული ვალუტის (ამ შემთხვევაში – აშშ დოლარის) ზეგავლენა გადამწყვეტია ფართომასშტაბიან სასანქციო ღონისძიებათა შედეგიანობისა და საერთაშორისო ნორმებზე დამყარებული წესრიგის თუნდაც მინიმალურ დონეზე უზრუნველყოფისათვის.

ამავდროულად, სავალუტო და საგადახდო ინსტრუმენტების გამოყენებით გეოპოლიტიკურ გავლენათა გადანაწილებისათვის ბრძოლის ნიშნები უკვე აშკარად გამოიკვეთა: კარგად იკითხება მათი არსი, დინამიკა და ზოგიერთ შემთხვევაში საშუალოვადიანი კონტურიც.

მაინც ვცადოთ და მოკლედ შევაჯამოთ აშშ დოლარის დომინანტი სტატუსის მთავარი „საფრთხეები“:

  • უკრაინაში რუსეთის შეჭრის განახლების შედეგად სანქციების ფონზე ჩინეთისა და რუსეთის გაათკეცებული მცდელობა საკუთარი ავტონომიური სისტემების შესაქმნელად.

აქ, ძირითადად, საგადახდო პლატფორმებზეა საუბარი, რომელთა მიზანი SWIFT-ისაგან ჩახსნა უნდა იყოს. პეკინმა და მოსკოვმა შესაბამისი კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგეს, თუმცა მათი ეფექტიანობა ჯერ კიდევ შორს არის სასურველისაგან. უკეთესი წარმოდგენისათვის მხოლოდ რამდენიმე ციფრს მოვიშველიებთ. კერძოდ, ჩინური ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი საგადახდო სისტემა დღეში 50 მილიარდის მოცულობის 15 ათასამდე გადარიცხვას აწარმოებს; მაშინ, როდესაც აშშ-ს ანალოგი - ბანკთაშორისი საგადახდო სისტემის საკლირინგო სახლი - დღეში 1 ტრილიონ 500 მილიარდამდე ღირებულების 250 ათასამდე გადარიცხვას ახდენს. სხვაობა აშკარაა.

ავტონომიურობისა და თვითკმარობის მიღწევას რუსეთიც ცდილობს და ამ მცდელობამ სისტემური ხასიათი 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ შეიძინა. 2022 წლის თებერვლისათვის რუსულ საგადახდო სისტემას, მართალია, მხოლოდ 400 მოსარგებლე სუბიექტი ჰყავდა, მაგრამ უკრაინაში შეჭრის განახლების მომდევნო პერიოდში, გასაგებია, რომ მათი რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

ეს რაც შეეხება ავტონომიურ, ე.წ. ეროვნული ნიშნით მოქმედ სისტემებს. თუმცა, როგორც ჩინეთი, ისე რუსეთი საკუთარი სისტემების შესაძლებლობათა გაზრდას მეტი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გზით ცდილობს. ეს კი აშშ დოლარის პრიმატის თვალსაზრისით, რისკის შემდეგი ჯგუფის მონიშვნაში გვეხმარება.

  • ბოლო პერიოდის მოვლენაა საგადახდო პროცესების დაახლოების მიზნით ჩინეთსა და რუსეთს, ისე როგორც რუსეთსა და ინდოეთს შორის დადებული ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმებები. ორივე ამ მიმართულებას ერთი კონკრეტული მიზანი აქვს: საკუთარი ვალუტების როლის გაზრდა დასავლური ვალუტების (აშშ დოლარი/ევრო) როლის დაკნინების ხარჯზე.

ამავე პროცესის პარალელურად, საგანგებოდ გამოვყოფთ ჩინეთის პოლიტიკას, რომელსაც იგი საკუთარი ვალუტის „ინტერნაციონალიზაციისაკენ“ მიმართავს. ამის ნათელი მაგალითია, თუნდაც, სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკებთან ე.წ. სავალუტო „სვოპის“ მექანიზმების ამოქმედება. ამ მექანიზმის დანიშნულებაა ცენტრალური ბანკების მიერ იუანთან წვდომის უზრუნველყოფა და მისი შეძენა იუანში შესატყვისი ვალუტების გაცვლით. პეკინის ამ ნაბიჯის შორს მიმავალ ჩანაფიქრს კარგად მიუხვდება ის, ვისაც ახსოვს 2008 წლის საფინანსო კრიზისის პერიოდში აშშ–ს ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ „სვოპის“ საშუალებით გლობალურ სისტემაში აუცილებელი რაოდენობის დოლარის მიწოდება. მაშინ აშშ-ს „სვოპმა“ გლობალური საფინანსო-საანგარიშსწორებო ურთიერთობები კოლაფსისგან იხსნა.

ასევე გამოსარჩევია ჩინეთის მიერ საკუთარი ვალუტის ლიკვიდურობის მიზნით სხვა სისტემების, ისე როგორც ციფრული საგადახდო სისტემების, შექმნა. ერთად აღებული, ღონისძიებათა ეს კომპლექსი მიზნად ისახავს აშშ დოლარის გეოპოლიტიკური ჰეგემონიის დასრულებას.

  • ასევე ცალკე რისკჯგუფად გამოვყოფთ ე.წ. რეგიონალიზაციის ფაქტორს. ასე მაგალითად, BRICS-ის ქვეყნები დღესაც სწავლობენ თავიანთი სარეზერვო ვალუტის პერსპექტიულობას, თუმცა ჯერჯერობით ეს პროცესი განსაკუთრებული მიღწევით ვერ გამოირჩევა.

აშშ დოლარზე რეგიონალიზმის პრიზმაში საუბრისას, არსებითია, თუ რამდენად მყარი იქნება დოლარის როლი ნავთობზე და სხვა ენერგორესურსებზე ანგარიშსწორებისას. აქაც გარკვეული ალტერნატივები უკვე მოისინჯა, სახელდობრ, ჩინეთი და საუდის არაბეთი მზად არიან, რომ ანგარიშსწორება ჩინური ვალუტით, ხოლო რუსეთი და ინდოეთი – რომ ის ინდური ვალუტით აწარმოონ.

აღნიშნული ტენდენციები კი, ცხადია, არა მხოლოდ აშშ დოლარის, როგორც გლობალური სარეზერვო ვალუტის სამომავლო როლს, არამედ სასანქციო პოლიტიკის ქმედითობისათვის საფინანსო ნაკადებზე ეფექტიანი კონტროლის განხორციელებას ბუნებრივად უკავშირდება.

... და (ჯერჯერობით) უპირატესი მხარე

მიუხედავად ზემონახსენები რისკ-გამოწვევებისა, აშშ დოლარის ცენტრალურობა სანქციების პრაქტიკული მიზნობრიობისა და მათი შესაძლო მაღალი ეფექტიანობისათვის უცვლელი დარჩება: მინიმუმ, განჭვრეტად მომავალშიც. ამგვარი პერსპექტივის ხელშემწყობად რამდენიმე საკვანძო გარემოებას გამოვყოფთ:

  • მსოფლიოში აშშ დოლარის მთავარი სარეზერვო ვალუტის სტატუსი, რომელიც, როგორც ითქვა, ცენტრალური ბანკების სავალუტო რეზერვებში აშშ დოლარის დენომინირებით გამოიხატება;
  • აშშ დოლარის საანგარიშსწორებო ვალუტად ჭარბი გამოყენება საჯარო და კერძო სუბიექტების მიერ;
  • აშშ სახაზინო ვალდებულებაში, როგორც ლიკვიდურობის მხრივ მაღალი სანდოობის ფასიან ქაღალდში, უცხოელი აქტორების მხრიდან მოცულობითი ინვესტირება;
  • ცალკეული ქვეყნების მიერ ეროვნული ვალუტების აშშ დოლართან „პეგირება“: ისევ და ისევ, ეროვნული ვალუტის სანდოობის ასამაღლებლად;
  • სასანქციო პოლიტიკის ეფექტიანობისათვის დაინტერესებული ქვეყნების ერთიანობა. ასეთი ეფექტიანობა კი რთული განსახორციელებელი იქნება კონკრეტული საერთაშორისო სარეზერვო და საგადამხდელო ვალუტის გამაერთიანებელი ფუნქციის გარეშე: სწორედ იმ ფუნქციის გარეშე, რომელსაც დღესდღეობით აშშ დოლარი ასრულებს.

ცხადია, რომ ბოლო გარემოებასთან მიმართებით, ერთობის განმსაზღვრელი დამატებითი პრაქტიკული კომპონენტებია სასანქციო კოალიციის მასშტაბი, ასევე რაოდენობა იმ ქვეყნებისა, რომლებიც აშშ-ს უსაფრთხოების გარანტიით სარგებლობენ და სათანადო ანგარიშს უწევენ.

ნავთობის „განსაიარაღებლად“?

დასავლური სანქციების ფონზე ერთ–ერთი სიახლეა რუსეთის მიერ ნავთობის „იარაღად გამოყენების“ (weaponisation) გასანეიტრალებლად ნავთობის ფასზე ლიმიტის (oil price cap) დაწესება; კერძოდ კი, საზღვაო გადაზიდვებისას რუსულ ნედლ ნავთობზე ზღვრული, ერთ ბარელზე 60 აშშ დოლარის ფასის დადება. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ფასი აღნიშნულ ზღვრულ ლიმიტს არ აღემატება, ევროკავშირის ქვეყნების კუთვნილი ტანკერები და სადაზღვევო კომპანიები უფლებამოსილი იქნებიან მესამე ქვეყნებში ნედლი ნავთობის გადაზიდვასა და ასეთ გადაზიდვათა დაზღვევაზე. აღსანიშნავია, რომ შემოღებული ღონისძიებები გარკვეულ ლიმიტებს ასევე რუსული ნავთობპროდუქტების ფასზეც აწესებენ. თუმცა, გადაზიდვაზე არანაკლებ არსებითია დაზღვევის მხრივ დაწესებული შეზღუდვა, ვინაიდან მსოფლიოში 95 პროცენტამდე ტანკერების სადაზღვევო პოლისები ევროპული კომპანიების გადაზღვევით არის გარანტირებული.

გასაგებია, რომ ფასის ლიმიტის დაწესების მიზანი ორგვარია: (1) უარი ეთქვას რუსეთს ნედლი ნავთობის ექსპორტზე დამატებითი შემოსავლის მიღებაში და (2) ზღვრული ფასით მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ექსპორტის დაშვებით გლობალურ მომარაგება-მიწოდებაში თავიდან იქნეს არიდებული მნიშვნელოვანი წყვეტა ან ფასების რყევა.

რაც შეეხება საკუთრივ ევროკავშირს, 2022 წლის ივნისის გადაწყვეტილებით, იმავე წლის 5 დეკემბრიდან ევროკავშირის ქვეყნებში რუსული ნედლი ნავთობის, ხოლო 2023 წლის 5 თებერვლიდან – ნავთობპროდუქტების იმპორტი აიკრძალა. დროებითი შეღავათი დაწესდა ევროკავშირის მხოლოდ იმ ქვეყნებისათვის, რომელთა გეოგრაფიული მდებარეობა რუსული ნავთობის მილსადენით მიწოდების ალტერნატიული ვარიანტებით მყისიერად ჩანაცვლების საშუალებას არ იძლევა.

ისე როგორც ყველა მასშტაბური სიახლე, ბუნებრივია, რომ ფასის ლიმიტის დაწესებამ არაერთი პრობლემური შეკითხვა თუ წინააღმდეგობა წარმოშვა. რეალურად, ყველა მათგანი აღნიშნული მექანიზმის სრულად და თანმიმდევრულად აღსრულებას უკავშირდება. კერძოდ, გამომდინარე იქიდან, რომ ლიმიტის დაცვის მთავარი ვალდებულება ნავთობის მიმწოდებელსა და მიმღებს ეკისრება, რამდენად არის დაცული შესაბამისი გარიგება დოკუმენტაციის გაყალბებისაგან? ან თუნდაც რამდენად დიდ გამოწვევად შეიძლება იქცეს რუსეთის ან მესამე ქვეყნის მიერ უცნობ ან გაუმჭვირვალე მესაკუთრეებზე რეგისტრირებული ხომალდების გამოყენება ფასის ლიმიტის გადასალახად? ნიშანდობლივია ისიც, რომ ლიმიტის შემოღებასთან ერთად რუსულ სანავთობო ბაზარზე ტრადიციული ტრეიდერები ახლებმა ჩაანაცვლეს, ძირითადად აზიიდან და აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. ნავთობის ფასის ლიმიტის უარყოფითი კომერციული ეფექტის გასანეიტრალებლად სხვა „შეთავაზებებიც“ გაისმა. ასე მაგალითად, რუსულ ხორბალსა და სხვა საქონელზე ანგარიშსწორებისას ფასის მატება ნავთობზე დაწესებული ლიმიტის საკომპენსაციოდ. აღნიშნული შეზღუდვის გასაბათილებლად, აგრეთვე, არაევროპული ქვეყნების (ინდოეთი, ჩინეთი, ა.შ.) დაზღვევის გამოყენების შესაძლებლობაც განიხილება რაც, მართალია, გაცილებით უფრო მაღალი სადაზღვევო პრემიის გადახდას უკავშირდება.

ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ნავთობზე ფასის ლიმიტი ახალი სიტყვაა დასანქცირების მიდგომებისათვის. ყველა სხვა წინა შემთხვევაში, იქნებოდა ეს ვენესუელასთან თუ ირანთან მიმართებით, ენერგომატარებლებზე დაწესებული სანქციები მისაწოდებელი რესურსის ოდენობას შეეხებოდა და არა ფასს. ცხადია, რომ შემდგომი თვეები მეტ მასალას მოგვცემს უფრო კონკრეტული მოსაზრებებისა თუ დასკვნებისათვის.

მეორე ნაწილის დასასრული

იხილეთ „ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე “ (პირველი ნაწილი) ეკონომიკური სანქციის რაობა - დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე | საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" (interpressnews.ge)

ვიქტორ ყიფიანი

„ჯეოქეისი“, თავმჯდომარე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო