კრემლის მოცეკვავეთა ყველაზე დიდი ანსამბლი არის საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ლევან ხაბეიშვილი მოძრაობა „სირცხვილიას“ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ურალის ცეკვის ეროვნული ანსამბლი, რომელიც რუსეთში სამთავრობო დაფინანსებას იღებს და უკრაინაში ომს ღიად უჭერს მხარს, თბილისშია.
ხაბეიშვილის განცხადებით, სანამ საქართველოში ხელისუფლება არ შეიცვალა, მსგავსი ანსამბლების საქართველოში ჩამოსვლა არავის უნდა გაუკვირდეს.
„ყველაზე დიდი მოცეკვავეთა ჯგუფი, თუ ვინმე არის საქართველოში და არსად ჩამოსვლა არ სჭირდება, ეს არის ირაკლი ღარიბაშვილი, კოლექტიური კობახიძეები, მდინარაძეები. შესაბამისად არ გაგიკვირდეთ კრემლის მეხოტბეების საქართველოში ყოფნა ან ჩამოსვლა, იმიტომ, რომ აქ არიან! მთავარ მოცეკვავეს კრემლში - კობახიძეს, ღარიბაშვილს, ივანიშვილს, ჩამოსვლა არ სჭირდებათ, აქ არიან და ხელისუფლებაში არიან. ყველაზე დიდი ანსამბლი დღეს მთავრობაშია, ამიტომ ყველა ჯერზე, როდესაც თქვენ გიკვირთ რუსული პარტიის ასეთი გადაწყვეტილებები, უნდა იცოდეთ ყველამ დაზუსტებით და კარგად - თუ ჩვენ ამათ არ გავყრით, ეს მოცეკვავეთა ანსამბლები და კრემლთან მოთამაშეთა ჯგუფი გაიზრდება“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილი ასევე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შესაძლებლობას და აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომით „ყველაზე მეტად სარგებლობს რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი“ და მალე ის და მისი გარემოცვა სანქცირებულები იქნებიან.
„სისხლიანი ომის პარალელურად, როცა უკრაინაში ხოცავენ ბავშვებს, მშვიდობიან მოსახლეობას, აი, ამ ომით, ყველაზე მეტად სარგებლობს რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და ასეულობით მილიონს გამოიმუშავებს „შავი ფულის“ ტრიალით საქართველოში, სანქცირებული ოქროს გადმოზიდვით, ასევე, ე.წ. სამხედრო ჩიპების მიწოდებით, სავარაუდოდ, კრემლისთვის. ბიძინა ივანიშვილი, სისხლიანი ომის პარალელურად, ბავშვების ხოცვის, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობისა და წამების პარალელურად, შოულობს ძალიან ბევრ მილიონს და შესაბამისად, ყველა არგუმენტი არსებობს იმის, რომ ბიძინა ივანიშვილი მოხვდეს სანქცირებულთა სიაში. ჩვენ გვახსოვს ევტუშენკოვთან მისი საუბარი და მისი ავთენტურობა არ უარყვია არავის. დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას უახლოეს პერიოდში აუცილებლად დაუწესდებათ სანქციები იმიტომ, რომ ზედაპირზეა ის ყველაფერი, რასაც აკეთებს ბიძინა ივანიშვილი და რას აკეთებს?! - აფინანსებს უკრაინაში ბავშვების მკვლელობას, უკრაინაში აფინანსებს პუტინის ომს და რაც მნიშვნელოვანია, აფინანსებს საქართველოს ოკუპაციას! საქართველოს ოკუპაცია გრძელდება, მავთულხლართების გაბმა გრძელდება, საქართველოს მოქალაქეების გატაცება გრძელდება და სწორედ ამაში იხდის ბიძინა ივანიშვილი ბევრ მილიონს და ამის პარალელურად, ის აკეთებს დამატებით ასეულობით მილიონს, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება ივანიშვილისა და მისი კრიმინალური გარემოცვის დასანქცირება“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.