ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებას რუსეთის მიმართ კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული, ამისთვის შინაგანად მზაობის დასტურია ის განცხადებები, რასაც ხელისუფლებისგან ვისმენთ

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, ქვეყანა დამოუკიდებლობის აღდგენის მორიგი, 32-ე წლისთავის აღსანიშნავად ემზადება.

ამ თარიღის აღნიშვნის მზადებას მივადევნებთ თვალს და უკვე ვიცით, რომ საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის 32-ე წლისთავი მასშტაბურად, სანახაობრივად ლამაზი და ესთეტიკური თვალსაზრისით თვალისმომჭრელადაც კი აღინიშნება.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების გათვალისწინებით ცოტა უცნაურადაც კი გამოიყურება რუსეთისაგან გათავისუფლების თარიღის ასე პომპეზურად აღნიშვნა.

ხელისუფლების განცხადებებს ჩვენ აუცილებლად შევეხებით, მანამდე მინდა გკითხოთ - თქვენ რა განწყობით ხვდებით დამოუკიდებლობის აღდგენის მორიგ წლისთავს?

- უპირველესად, მთელ ჩვენს ქვეყანას და ხალხს მინდა მივულოცო დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. მიუხედავად იმისა, ვინ რა განწყობით ხდება ამ დღეს. ყველას ვულოცავ ვინც საქართველოშია თუ ემიგრაციაშია და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს. რა თქმა უნდა, ქვეყნის ყველა მოქალაქეს მინდა ვუსურვო დამოუკიდებლობის შედეგის ნახვა. ანუ, ის რისთვისაც ჩვენ გვინდოდა დამოუკიდებლობა და რისთვისაც ვიბრძოდით დამოუკიდებლობისთვის.

თითქოს გვაქვს დამოუკიდებლობა, მაგრამ ბოლომდე ვერც თავისუფლებას მივაღწიეთ და ვერც დამოუკიდებლობას. ასეა, რადგან დღესაც ისევ კითხვის ნიშნის ქვეშაა ჩვენი დამოუკიდებლობა და გვაწუხებს იმის განცდა, მომავალში ხომ არ დავკარგავთ ჩვენ მას და მომავალ თაობებს ხომ არ მოუწევთ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა.

ღმერთმა დაგვიფაროს, რომ დავკარგოთ დამოუკიდებლობა, მაგრამ ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენს თავს უბედურება მაინც დატრიალდა, ქართველი ხალხი მაინც მუდმივად იბრძოლებს დამოუკიდებლობისთვის. მუდმივად იქნებიან ადამიანები, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის მომავალშიც იბრძოლებენ.

რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლება პომპეზურად აღნიშნავს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს. ეს მოსალოდნელიც იყო. ჩვენი უბედურება ისაა, რომ ჩვენი ხელისუფლებები თარიღებს ყოველთვის პომპეზურად აღნიშნავდნენ. ოღონდ, მხოლოდ აღნიშნავდნენ. აღნიშვნის მიღმა მას ყოველთვის აკლდა შინაარსი.

ჩვენ პომპეზურად 25 თებერვალსაც აღვნიშნავდით და ახლა დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს აღვნიშნავთ. ღირსშესანიშნავი თარიღების პომპეზურად აღნიშვნა სასიამოვნოა, მაგრამ, იმავდროულად გარკვეულ ეჭვებსაც ბადებს. ხომ არ ხდება პომპეზურად და ფასადურად აღნიშვნების მიღმა რაღაც თემების გადაფარვა.

ჩვენ პომპეზურად 25 თებერვალსაც აღვნიშნავდით და ახლა დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს აღვნიშნავთ. ღირსშესანიშნავი თარიღების პომპეზურად აღნიშვნა სასიამოვნოა, მაგრამ, იმავდროულად გარკვეულ ეჭვებსაც ბადებს. ხომ არ ხდება პომპეზურად და ფასადურად აღნიშვნების მიღმა რაღაც თემების გადაფარვა

ამას მაფიქრებინებს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პრემიერის ის განცხადებები, რასაც მუდმივად ვისმენთ. ვგულისხმობ იმას, რომ ვინც დღეს ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გარანტიაა, სწორედ მათ ვებრძვით რაღაც მოგონილი, გაუგონარი და გაუაზრებელი არგუმენტებითა და ბრალდებებით.

- ხელისუფლების განცხადებებს ჩვენ აუცილებლად შევეხებით, მაგრამ რადგან თქვენ დამოუკიდებლობის დაკარგვის შანსი ახსენეთ, ამასთან დაკავშირებით ამერიკული „ჯეიმსთაუნის“ ფონდის ექსპერტის ვლად სოკორის მოსაზრებები გამახსენდა.

ამას წინათ მან განაცხადა - „არსებობს იმ შანსის დაკარგვის საფრთხე, რომელსაც საქართველო 200 წელზე მეტ ხანს ელოდება. მე-18 საუკუნიდან მოყოლებული, ერეკლე მეორის მეფობის პერიოდიდან რუსეთისაგან თავის დახსნის შანსი“.

ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების ფონზე რამდენად მაღალია იმის ალბათობა, რომ საქართველომ დაკარგოს „რუსეთისაგან თავის დახსნის შანსი“?

- რუსეთიდან საფრთხე ყოველთვის არსებობდა მიუხედავად იმისა, ჩვენ ჩვენი ხელისუფლებების მიმართ რა დამოკიდებულება გვქონდა. 2008 წელს რომ რუსული ტანკები თბილისში არ შემოსულიყვნენ, იმ ხალხის, ჩვენი იმ დასავლელი პარტნიორების დამსახურებაა, ვისაც ჩვენ დღეს ლამის ყოველ დღე ვაგინებთ.

2008 წელს ჩვენ რომ ის მხარდაჭერა არ გვქონოდა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, რომ არ ყოფილიყო სარკოზის გეგმა, რომელიც ჩვენთვის მთლად სასურველი არ იყო, მაგრამ, ქვეყნის მთლიანად ოკუპაციას გადაგვარჩინა.

ცალკე საუბრის თემაა ის, რომ რუსებმა მაშინ ხელმოწერილი შეთანხმება რომ არ შეასრულეს. მაშინ, ჩვენმა ხელისუფლებამ ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ პოზიტივი ის იყო, რომ მაშინ დასავლეთმა საქართველო სრულ ოკუპაციას გადაარჩინა.

2008 წელს რომ რუსული ტანკები თბილისში არ შემოსულიყვნენ, იმ ხალხის, ჩვენი იმ დასავლელი პარტნიორების დამსახურებაა, ვისაც ჩვენ დღეს ლამის ყოველ დღე ვაგინებთ

დღეს ჩვენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს რაღაცას ვაყვედრით, საუბარია იმ პარტნიორებზე, რომელთა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული თუ რამდენად იქნება ჩვენი ქვეყანა სუვერენული.

ამიტომაც ჩნდება იმ ტიპის ეჭვები, რაზეც უკვე ვისაუბრე. არც კი მინდა წარმოვიდგინო თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ჩვენ რუსეთთან მარტო, ჩვენი დასავლელი პარტნიორების გარეშე დავრჩით.

- რუსეთთან აღდგენილ საჰაერო მიმოსვლაზე, რუსეთის მხრიდან უვიზო რეჟიმით დაწყებასა და ურთიერთობების გაღრმავებაზე ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვსაყვედურობენ.

ვაშინგტონმა რამდენიმეჯერ გვითხრა, რომ „ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავების დრო არაა“. მაგრამ, ვხედავთ, რომ ხელისუფლება აგრძელებს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას.

ამ თემაზე ჩვენი პრემიერის განცხადებებს გამოეხმაურა პრეზიდენტი პუტინი. კერძოდ მან თქვა - „დასავლელი პარტნიორები დარწმუნებით, სხვადასხვა დაპირებით, შანტაჟით აიძულებენ ბევრ ჩვენს პარტნიორს უარი თქვან რუსეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.“

თქვენთვის რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება ჩვენი დასავლელი პარტნიორების კრიტიკაზე ჩვენი ხელისუფლების პასუხი?

- ხელისუფლება ცდილობს პრობლემა სხვა სიბრტყეში გადაიყვანოს. პრობლემა ფრენების აღდგენა კი არა, ის ტენდენციაა, რასაც ქართული ხელისუფლება ამჟღავნებს რუსეთისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ.

ცალკე თემაა ის რომ დასავლეთმა რატომ არ მოგვანიჭა უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. როგორც ჩანს, ევროპამ ბოლომდე არ გაიაზრა თუ რა მნიშვნელობა ამას ჩვენი საზოგადოებისთვის და არა ხელისუფლებისთვის ამას, მაგრამ, ამ მოცემულობაში არის მეორე მხარე - ტენდენციას ვგულისხმობ.

პრობლემა ფრენების აღდგენა კი არა, ის ტენდენციაა, რასაც ქართული ხელისუფლება ამჟღავნებს რუსეთისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ

როდესაც მთელი მსოფლიო მიდის იქითკენ, რომ იზოლირებაში მოაქციოს რუსეთი, ვგულისხმობ მსოფლიოს იმ ნაწილს, ვინ დღეს აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას, მუშაობს ჩინეთთან და ინდოეთთან, რომ რუსეთი მოაქციონ იზოლაციაში და აიძულონ დატოვოს უკრაინის ის ტერიტორიები, რომელთა ოკუპაცია რუსეთმა მოახდინა, ჩვენ ვაკეთებთ საწინააღმდეგო სვლებს.

და ეს მაშინ, როცა დასავლეთი მხარს უჭერს უკრაინის დარჩეს იმ საზღვრებში, რომელ საზღვრებშიც დასავლეთმა სსრკ-ს დაშლის შემდეგ უკრაინა აღიარა. ესაა პრობლემა. ამას ხელისუფლება სხვა ახსნას უძებნის. თითქოს ჩვენგან ვინმე ომში ჩართავს მოითხოვს. ფრენების აღდგენა იმ მხრივაა მნიშვნელოვანი, რომ ეს პროცესი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავების ტენდენციებს ასახავს.

ჩვენ იგივე საუბრები გვესმის თემაზე, როცა ჩვენ არ ვუერთდებით რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციებს. არც ევროპა და არც ამერიკა არ საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს აბსოლუტურად არ უნდა ჰქონდეს ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან. მაგრამ, რატომღაც ასე უნდა წარმოაჩინოს ხელისუფლებას, რაც გაუგებარია.

არც ევროპა და არც ამერიკა არ საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს აბსოლუტურად არ უნდა ჰქონდეს ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან. მაგრამ, რატომღაც ასე უნდა წარმოაჩინოს ხელისუფლებას, რაც გაუგებარია

ასევე გაუგებარია ხელისუფლების მხრიდან მუდმივად მშვიდობის შენარჩუნებაზე საუბარი. თუ კაპიტულაციას გამოაცხადებ, რა თქმა უნდა, მშვიდობა ყოველთვის გვექნება. აქ გადის ზღვარი იმაზე, ჩვენთვის როგორი მშვიდობაა მნიშვნელოვანი.

ხელისუფლებას რუსეთის მიმართ კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული, ყოველ შემთხვევაში ამისთვის შინაგანად მზაობის დასტურია ის განცხადებები, რასაც ხელისუფლებისგან ვისმენთ. ამიტომაცაა, რომ ხელისუფლებაში თვლიან რომ მათ მიერ რუსეთის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ადეკვატურია. ამის დასტურია ისიც, რომ პუტინი მყისიერად ეხმაურება და ესარჩლება ჩვენს ხელისუფლებას.

დასავლეთი გვეუბნება, ბოლოს და ბოლოს გააკეთეთ არჩევანი, ჩამოყალიბდით რა გინდათ - გინდათ დარჩეთ რუსეთთან თუ გინდათ ევროპაში. არავინ არ გვაგლიჯავს კალთებს. საზოგადოების ნაწილს ამ თვალსაზრისით არასწორი წარმოდგენა აქვს.

დასავლეთი გვეუბნება, ბოლოს და ბოლოს გააკეთეთ არჩევანი, ჩამოყალიბდით რა გინდათ - გინდათ დარჩეთ რუსეთთან თუ გინდათ ევროპაში

არასწორია მტკიცება, რომ თურმე ჩვენ ევროპისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქვეყანა ვართ. ევროპა სსრკ-ს დროს საქართველოს გარეშეც მშვენივრად ვითარდებოდა და ასე იქნება მომავალშიც. პრობლემა ისა, რომ ჩვენ შეიძლება დავრჩეთ რუსულ ჭაობში.

- საკმაოდ ფრთხილი, მაგრამ მაინც სახიფათო და დამაფიქრებელი განცხადებები გააკეთა თბილისში ვიზიტად მყოფმა ნატოს გენ.მდივნის სპეცწარმომადგენელმა ხავიერ კოლომნამ.

მისი განცხადებები ეხებოდა როგორც საქართველოს რუსეთთან ფრენების აღდგენას, ისე ვაჭრობის საკითხებს. მიუხედავად ამისა, ამ თემებზე ხელისუფლების მხრიდან არაფრით განსხვავებული განცხადებები არ მოგვისმენია.

ბევრი თვლის, რომ „საქართველოს ხელისუფლებას აღარ სჭირდება დასავლეთი და ყველა მიზეზს ეძებს, რათა უარი მიიღოს ქვეყნის ევროპული და ნატოს მიმართულებით მიმავალ გზაზე“.

თქვენც ასეთი შთაბეჭდილება გრჩებათ?

- ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასავლეთმა თქვას უარი საქართველოზე. ხელისუფლებას უნდა, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალზე უარი საქართველოს ხელისუფლებამ კი არა, დასავლეთმა გვითხრას.

ხელისუფლებას უნდა, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალზე უარი საქართველოს ხელისუფლებამ კი არა, დასავლეთმა გვითხრას... დასავლეთმა უნდა იმუშაოს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ გამოიყენოს მათი მოთხოვნები ქვეყნის ევროპული გზის საწინააღმდეგოდ

ეს ისეთი ფრთხილი თემაა, რომ ძალიან ფრთხილ მოპყრობას მოითხოვს იგივე დასავლეთის მხრიდან. ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით ბევრი სამუშაო აქვს ჩვენს არასამთავრობო სექტორს და პოლიტიკურ ოპოზიციას, ვისაც ურთიერთობა აქვთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან.

დასავლეთმა უნდა იმუშაოს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ გამოიყენოს მათი მოთხოვნები ქვეყნის ევროპული გზის საწინააღმდეგოდ.

- პრემიერ ღარიბაშვილის ინტერვიუ ბევრი თვალსაზრისით იყო დამაფიქრებელი.

მან განაცხადა - გახსოვთ ვინმე, ვინც ჩვენი ომის დროს სანქციები დააწესა? არავინ. ჩვენი ომი არ არის ომი და ომი უკრაინაში ომია - ჩვენო ევროპელო და ამერიკელო მეგობრებო? მაშინ სანქციები რატომ არ არ დაუწესეთ რუსეთს?

არადა, მას შემდეგ რაც უკრაინამ უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, ამერიკამ ევროკავშირმა და ნატომ ბევრჯერ აღიარეს მათ მიერ 2008 წელს დაშვებული შეცდომა რუსეთის მიმართ. მაშინ არ გვახსოვს ჩვენი ხელისუფლების ამ თემაზე გამოხმაურებები. ახლა ჩვენი პრეტენზიები აშკარად უადგილოს ჰგავს.

დასავლეთის მიმართ საყვედურების გზა არის ის გზა, რაც ხელისუფლებამ აირჩია და რის გამოც უნდა თქვას საქართველოზე უარი ევროკავშირმა, ნატომ და ამერიკამ?

- ნაწილობრივ, რა თქმა უნდა, ასე გამოდის. ნაწილობრივ იმიტომ, რომ 12 პუნქტიანი ევროპული რეკომენდაციები არ შესრულდება, სათაურები იქნება ისეთი, რაც არის, მაგრამ შინაარსი იქნება ისეთი, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნება არ გაუჭირდება. ხელისუფლება შეინარჩუნებს ისეთ ვერტიკალს, რომელიც მას ძალაუფლების შენარჩუნების შესაძლებლობას მისცემს. რა თქმა უნდა, ახლა დასავლეთის მიმართ ჩვენი პრეტენზიები უადგილოა. მაგრამ, ცხადად ჩანს,რომ „ქართულ ოცნებას“ ეს მიმართულება აქვს აღებული.

ახლა დასავლეთის მიმართ ჩვენი პრეტენზიები უადგილოა. მაგრამ, ცხადად ჩანს,რომ „ქართულ ოცნებას“ ეს მიმართულება აქვს აღებული

სსრკ-ს დაშლის შემდეგ დასავლეთის პოლიტიკა რუსეთის მიმართ იყო შეკავების პოლიტიკა. დასავლეთი მუდმივად ცდილობდა რუსეთი თავის ჩარჩოში დარჩენილიყო. ანუ, იმპერიული რუსეთი შეეკავებინა. როცა ჩვენ ვამბობთ - ჩვენი ომი ომი არ იყო? უნდა გვახსოვდეს, რომ როცა 2014 წელს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მაშინაც დასავლეთი ცდილობდა რუსეთის შეკავებას.

როდესაც დასავლელ პარტნიორებთან გაქვს ურთიერთობა, უნდა იცოდე დემოკრატიულ ქვეყნებში გადაწყვეტილებები როგორ მიიღება. დასავლეთის ქვეფენებში არსად არ არის ავტორიტარული რეჟიმები. ახლა ივანიშვილი რომ გამოვიდეს და თქვას - ჩემი თანაგუნდელებში თურმე ბევრი მოღალატეები ყოფილანო. ხელისუფლების მხარდამჭერები ყველას მოღალატედ ჩათვლიან. ევროპულ დემოკრატიებში საზოგადოება მუშაობს.

დასავლეთს რუსეთის მიმართ ჯერ შეკავების პოლიტიკა ჰქონდა. როცა ნახეს რომ ამან არ იმუშავა, მერე „გადატვირთვის“ პოლიტიკაზე გადავიდნენ. დასავლეთი ბევრს ეცადა რომ რუსეთი სსრკ-ს დაშლის შემდეგ თავის საზღვრებში დარჩენილიყო. მაგრამ ეს არ გამოვიდა.

როდესაც დასავლეთმა დაინახა, რომ რუსეთი საფრთხე იყო არა მარტო უკრაინისთვის, არამედ მსოფლიოს წესრიგისთვის, მათ მაშინ მიიღეს გადაწყვეტილება დახმარებოდნენ უკრაინას.

ჩვენი ხელისუფლების არგუმენტებთან დაკავშირებით საინტერესო იყო უკრაინასთან მიმართებაში დასავლეთის მიერ გადაწყვეტილებების მიღების ისტორია. ომი რომ დაიწყო, დასავლეთი უკრაინას მყისიერად არ დახმარებია. ნელ-ნელა დაიწყო გადაწყვეტილებების მიღება იარაღის მიწოდებაზე, ახლა ვხედავთ, რომ თანამედროვე თვითმფრინავებსაც აწვდის.

უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენა დასავლეთმა მას შემდეგ დაიწყო, როცა ცხადი გახდა, რომ უკრაინა თავად იყო მზად ებრძოლა რუსეთის წინააღმდეგ

თავიდან, დაახლოებით ასეთი ვითარება იყო როგორც ჩვენთან 2008 წელს ბათუმში ამერიკული გემი რომ შემოვიდა და ჰუმანიტარული ტვირთი რომ ჩამოგვიტანა და ამაზე ხალხი დღემდე ხუმრობს. ახლა აქცენტი წყალზე კეთდება და არა იმაზე სარკოზი თბილისსა და მოსკოვს შორის რომ დაფრინავდა.

უკრაინასთან მიმართებაში გადაწყვეტილებების მიღება დასავლეთმა იმის კვალდაკვალ დაიწყო, რაც უფრო მეტად აქტიურდებოდა ბრძოლის ველზე რუსეთი. სხვათა შორის, უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენა დასავლეთმა მას შემდეგ დაიწყო, როცა ცხადი გახდა, რომ უკრაინა თავად იყო მზად ებრძოლა რუსეთის წინააღმდეგ.

ვინც ამბობს, რომ „გლობალურ მოთამაშეებს“ საქართველოს ომში ჩართვა უნდა, ისიც უნდა ახსოვდეს, რომ უკრაინისთვის დახმარების აღმოსაჩენად კოლექტიურმა დასავლეთმა ძალიან დიდი ზარალი ნახა. ამაზე არავინ საუბრობს. განსაკუთრებით ისინი, ვინც ახლა უკრაინა-რუსეთის ომში რუსეთს გულშემატკივრობს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა