ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მარნეულის მერიის ცნობით, ღონისძიება 14:00 საათიდან ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარედ არსებულ სკვერში გაიმართება.
“ღონისძიებისთვის, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის მხარდაჭერით იმართება, მთელი დღის განმავლობაში სამზადისი მიმდინარეობდა.
მოქალაქეებს ადგილზე სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობა, ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა დახვდებათ. ასევე, თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყობა. ღონისძიებაზე მისულ მოქალაქეებს შეუძლიათ ადგილობრივი და თბილისიდან ჩამოსული მუსიკოსების კონცერტს დაესწრონ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.