საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალქალაქში, სადაც დილიდან მოსახლეობა ქალაქის ცენტრშია შეკრებილი.
ამის შესახებ ინფორმაციას შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილობრივებისთვის მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, სპორტული აქტივობები, კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები და შოუები იმართება.
„მოწყობილია თემატური ინსტალაციები, ფოტოზონები, პავილიონები, მოსასვენებელი სივრცეები, ხელნაკეთი ნივთებისა და შემეცნებითი გამოფენები. ასევე, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე დაათვალიერონ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა. ქალაქის ცენტრში შეკრებილთათვის ამ წუთებში ადგილობრივი შემსრულებლები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები კონცერტს მართავენ. ღონისძიება კულმინაციას 17 საათსა და 10 წუთზე მიაღწევს, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ შორის ახალქალაქშიც საქართველოს ჰიმნი საზეიმოდ შესრულდება. საღამოს დაგეგმილ კონცერტზე კი ნოდიკო ტატიშვილი, სოფო გელოვანი, მარიამ მამისმედაშვილი, დათუნა მგელაძე და დუეტი ჯორჯია იმღერებენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"